ანალიზი

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა. მოსკოვის თანახმად, ის ვაქცინის მასობრივ წარმოებას სექტემბერში დაიწყებს, ხოლო ოქტომბრიდან მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებით, ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და, მეტიც, ის მისმა ქალიშვილმა უკვე მიიღო. პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

თუმცა, ვაქცინის ტესტირება საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა. ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანიელ სალმონიც და რიგი სხვა მეცნიერებიც რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევენ.

რუსეთის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვი აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც, შეიტანა. მისი აზრით, ყველას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ვაქცინა აქვს, თუმცა მთავარია, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დადასტურდეს. ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ „რუსები (და ჩინელები) ვაქცინას რეალურად ტესტავენ, სანამ მას ვინმეს გამოუწერენ“. ერთ-ერთ ინტერვიუში, ფაუჩიმ ღიად გამოთქვა ეჭვები ვაქცინასთან დაკავშირებით და აღნიშნა , რომ მას ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ კვლევებზე არ სმენია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, რუსულ ვაქცინას ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია მისი შედეგები გამოქვეყნებული არ არის. ამდენად, გამყრელიძე რუსულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს: „ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი-მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“. ამავე საკითხზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა და შეთქმულების თეორიის მიმდევრებს მიმართა: „გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც ჰგონია, რომ ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ“.

კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის მარეგულირებელმა ვაქცინა გამოყენებისთვის ტესტირების მესამე ფაზის გავლის გარეშე დაამტკიცა (ვაქცინის ტესტირების შესახებ ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

საქართველოში პრორუსულმა მედიამ რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცება სხვადასხვანაირად გააშუქა. გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ „რუსეთში შექმნილი ანტიკორონავირუსული ვაქცინის შესახებ“ მკითხველს რუსულ მედიაში ცნობილი „ექსპერტის“ იაკობ კედმის ინტერვიუ შესთავაზა. „საქართველო და მსოფლიომ“ იაკობ კედმი მკითხველს „ნეიტრალურ ექსპერტად“ წარუდგენა, თუმცა ის რუსეთის სხვადასხვა დანაშაულის გამართლებითა და რუსული პროპაგანდის ნარატივების გავრცელებით გამოირჩევა. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნა ბევრმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია „ჩვეულებისამებრ დაეჭვდნენ და განაცხადეს, რომ „ამ პრეპარატის წარდგენა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკმარისი არ არის“. სტატიაში განმარტებულია, რომ ვაქცინა წინასწარ დაარეგისტრირეს, რათა კლინიკური კვლევების წარმატებით გავლის შემთხვევაში მისი წარმოება, დაუყოვნებლივ, პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა ეს ნაბიჯი რისკის შემცველია, რადგან გამოცდის შედეგები შეიძლება უარყოფითი იყოს.

სტატიაში მოწონებულია რუსეთის მიერ გამოყენებული მეთოდი, რაც ვაქცინის უპირველესად ექიმებზე გამოცდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს თავად რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია კლინიკური კვლევების პრინციპების უხეშ დარღვევას უწოდებს.

პუტინის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რაც გამოცდაში მისი ქალიშვილის მონაწილეობას გულისხმობს, „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში ასევე დადებითად არის შეფასებული. ინტერვიუში პირდაპირ ვხვდებით კრემლის პროპაგანდისტულ მესიჯებს:

1) ვაქცინა „მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში“ შეიქმნა და კვლევის ხელმძღვანელი, ვლადიმერ გინზბურგი, „საუკეთესო სპეციალთაგანია“.

2) ვაქცინის ტესტირების „ყველა გამოცდა წარმატებითაა გავლილი“ და „ყველა მიიჩნევს, რომ კლინიკური გამოცდა წარმატებული იქნება“; „რუსეთი არ გადაახტა მესამე ეტაპსაც და ამ საფეხურსაც გაივლის“; „ყველა პროცესი, რომელსაც მედიცინა მოითხოვს, დაცულია: გავლილია პირველი და მეორე ეტაპები. ახლა დაიწყება მესამე...“.

3) რუსული „ვაქცინის შესახებ“ ხმაური „არასაკმარისი გამჭვირვალობის“ მოტივით ატყდა. თუმცა „თუ რამე გაუგებარია, ჰკითხონ გინზბურგს“ („ჰკითხეს კი რამე გინზბურგს?... ითხოვეს რამე და არ მიუციათ? არა“); რუსეთს სხვა „დიადი დემოკრატიებისგან განსხვავებული არაფერი განუცხადებია“ და, ასევე, მზად არიან, ნებისმიერ ქვეყანას მიაწოდონ დოკუმენტაცია და დაეხმარონ წარმოების დაწყებაში. მეტიც, რუსეთი მსოფლიოს ვაქცინის კი არ მიჰყიდის, არამედ - [უფასოდ] მისცემს.

4) კედმი სვამს კითხვას უფრო გამჭვირვალეა თუ არა, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ვაქცინის გამოცდები ვიდრე რუსეთში და რა აჩვენეს მათ მსოფლიოს ისეთი, რაც რუსეთს არ უჩვენებია. იგი კითხვას თავადვე პასუხობს, რომ „მსგავსი არაფერი ყოფილა“.

5) დასავლეთის პრეტენზიები უსაფძვლოა და გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ „რაღაცით დაჯაბნეს მოწინავე დასავლური მედიცინა“.

6) სტატია ცდილობს დასავლური მედიის (მაგალითად, „ნიუ იორკ თაიმსის“) დისკრედიტაციას და მათ არაკომპეტენტურად წარმოჩენას, რადგან რუსეთის მიერ დარეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გააკრიტიკა, რაც ფაქტების დამახინჯებაა. „საქართველო და მსოფლიოს“ მიხედვით, დასავლეთის კრიტიკას „კავშირი არ აქვს სიმართლესთან“ – „რუსებს არ დაურღვევიათ არც ვაქცინის შექმნის, არც მისი გამოყენების სქემა“.

7) კედმი რუსეთის მიერ კორონავირუსთან ბრძოლასაც აქებს - ტესტირების მაღალ დონეს და საავადყოფოების აშენებას. ხოლო დასავლეთს აკრიტიკებს, რადგან აღნიშნული არ გააშუქა.

აღნიშნული მტკიცებები რუსული პროპაგანდისა კლასიკური გამოვლინებაა და ისინი დეზინფორმაციის ელემენტებს შეიცავს. კედმის სიტყვები დასაწყისში განხილული რუსული ვაქცინის შესახებ კრიტიკასა და რეალურ ინფორმაციას არგუმენტირებულად არ უპირისპირედება. მეტიც, მკითხველს მოუწოდებს, რუსული ვაქცინის გამოცდის შედეგების შესახებ რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ ირწმუნოს.

საინტერესოა ისიც, რომ ვაქცინის ტესტირების დაჩქარების გამო ბრიტანულ, ოქსფორდის, ვაქცინასთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ საკმაოდ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში გაზეთი ბრიტანეთის ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს და ბრალს დებს არასაკმარისი კვლევის გამო, მაშინ როდესაც რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად მართლაც აქვს პრობლემები კვლევის სრულფასოვანი გავლის შესახებ „საქართველო და მსოფლიოს“ არანაირი კითხვა გასჩენია. (სრულად შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „პრორუსული მედიის მორიგი მანიპულაცია COVID-19-ის ვაქცინის შესახებ“). ბრიტანული ვაქცინა გამოცდის მესამე ეტაპის გავლამდე არაა დარეგისტირებული, განსხვავებით რუსული ვაქცინისა. ოქსფორდის ვაქცინის კვლევების შედეგები საჯაროა და ყველასათვის ხელმისაწვდომია (ბმულები შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

ამასთან ერთად, საინტერესოა, რომ „საქართველო და მსოფლიო“ ზოგადად ვაქცინის საწინააღმდეგო გზავნილებსაც ავრცელებდა და წერდა, რომ „ბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანების უნაყოფობისთვისა და მათი გამრავლების უნარის მოსასპობად ქმნის“.

წყაროს შესახებ

„საქართველო და მსოფლიო“

„საქართველო და მსოფლიო“ არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბების გავრცელებაში. გაზეთი გამოირჩევა მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით. გაზეთი იმეორებს კრემლის ნარატივს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საბჭოს წევრიც არის ალექსანდრე ჭაჭია. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი