2018-2019 წლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ერთობლივად, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) ჩაატარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 2-7 წლის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღენიშნება. კერძოდ, 25%-ში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე, ხოლო 16%-ში 10 მკგ/დლ-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, რადგან ვენურ სისხლში ტყვიის მინიმალური კონცენტრაცია 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალი არ უნდა იყოს.

როგორც გაირკვა, სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაციის შემთხვევები სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალაქის ტიპის დასახლებებში.

გამოკვლეულთა შორის, სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში ეს მაჩვენებელი 85%-ია.

ცხრილი 1. სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელება 2-7 წლის ასაკის ბავშვებში, რეგიონების მიხედვით, %

წყარო: იუნისეფი საქართველო

როგორც ვხედავთ, დასავლეთ საქართველოში მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში. ამის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, რადგან დაზუსტებით არც ისაა ცნობილი, რა იწვევს სისხლში ტყვიის შემცველობას. სხვადასხვა მიზეზს შორის არაერთხელ დასახელდა სუნელები, სათამაშოები და საღებავები, ასევე - სამშენებლო მასალები.

საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ლაბორატორია, რომელშიც შესაბამისი ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა და სისხლის ნიმუშები საზღვარგარეთ იგზავნება, რაც 40 აშშ დოლარი ღირს. ამ ეტაპზე გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ეხმარება საკუთარი ლაბორატორიის შექმნაში. ამასთანავე, იუნისეფის (unicef) მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა მუშაობს გარემოს ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს დაბინძურების, ადამიანებზე დამაბინძურებლების ზემოქმედებისა და მათთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელების დონის შესახებ მონაცემების შეგროვებას.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი წესების დანერგვა სათამაშოებთან დაკავშირებით, ასევე მკაცრდება სამშენებლო სტანდარტები საბავშვო ბაღებისთვის და სრულად ფინანსდება ტყვიის შემცველობის ანალიზი, თუ ექიმი, სხვა ტიპის ანალიზის შედეგად, ამას საჭიროდ მიიჩნევს და რეკომენდაციას გასცემს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა კონკრეტული ღონისძიებები ტარდება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით, მით უფრო, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ რეგიონში აღმოჩნდა. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სამინისტრო, ცენტრალურ მთავრობასა და იუნისეფთან ერთად, მუშაობს ისეთი პროგრამების შექმნაზე, რომლებიც ეფექტიანი და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი იქნება.

„2020 წელს ამუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ტყვიაზე კვლევას. ამ ეტაპზე ხდება ფინანსური ოპერაციების შესრულება, რის გამოც დროებით შეჩერდა, მაგრამ კვლავ განახლდება.

როცა გვითხრეს, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა აჭარას, ბაზა ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი და ამ ბავშვების მონაცემები არ გვქონდა. ამიტომ ყველაზე სპონტანურად რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ დავიწყეთ სრულფასოვანი კვების მიწოდება, ვინაიდან მთავარი რეკომენდაცია ეს იყო. გავაკეთეთ ჯანსაღი კვების ვაუჩერები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, რომლებსაც 100 000-მდე ქულა აქვთ. როცა უკვე ბაზები ხელმისაწვდომი გახდა, ჩვენთან გამოვლენილი ბავშვებიდან სოციალურად დაუცველი მხოლოდ 40-მდე ბავშვი იყო. ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შედეგს მოგვცემდა და შეიძლებოდა, გრძელვადიანი ყოფილიყო. ამის შემდეგ, წელს სამინისტროს ბიუჯეტში გავითვალისწინეთ მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაცია, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო ადრე იწყება, მუცლად ყოფნის პერიოდში. აქედან გამომდინარე, უნდა გვეფიქრა ორსულების ჯანმრთელობაზე. არაუგვიანეს 1 სექტემბრისა დაიწყება ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ჩვენს ბიუჯეტში 90 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მიზნად ისახავს 1000 ორსულისა და მეძუძური დედის ტყვიაზე გამოკვლევას. წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში დაახლოებით 4 500 ორსული ქალი. თუმცა ვამუშავებთ გარკვეულ კრიტერიუმებს და ტყვიაზე კვლევა ცაუტარდებათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა მიმართაც იქნება კონსულტაციის ექიმის რეკომენდაცია, ამ კრიტერიუმების (ანემია და სხვა) აღმოჩენის შემთხვევაში. წელს ეს პილოტური პროგრამა იქნება. ახლა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, რომლის შედეგადაც გამოვლინდება აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ამ მომსახურებას მოგვაწვდის.

ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გამოკვლევა, საიდან ხდება ეს დაბინძურება. ამაში ეს გამოვლენილი შემთხვევები დაგვეხმარება, რადგან დაიწყება მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა. ამის შემდეგ, სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენ უკვე ვიზრუნებთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე.“ - განაცხადა ფაქტ-მეტრთან ნინო ნიჟარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ფონდმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ატომური აბზორფციული სპექტომეტრი (ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნიმუშში, როგორიცაა წყალი, სისხლი, საკვები და სხვა, ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად) და სწრაფი დეტექციის (გამოვლენის) ოთხი აპარატი შეუძინა. აქედან ერთ-ერთი აპარატი სწორედ აჭარის ჯანდაცვას გადაეცა.

ინფორმაციისთვის:

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ტვინისა და სხეულის სხვა სისტემების დაზიანებას იწვევს. ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში, შეიძლება, ზრდისა და ქცევითი სირთულეების, ასევე, სწავლის პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

რამდენია ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაციის დონე ადამიანის ორგანიზმში, დადგენილი არ არის, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როცა ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი/დეცილიტრი) უტოლდება, ან მასზე მაღალია.

საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს და მასში 14 000-ზე მეტი შინამეურნეობა მონაწილეობდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი