ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში „გლობალისტების წინააღმდეგ“ სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემაზე ფაქტობრივი უზუსტობების შემცველი ვირუსული Facebook-პოსტები ათეულობით Facebook-გვერდსა და ჯგუფში გაზიარდა და მათზე ჯამში 16,000-ზე მეტი ინტერაქცია (რეაქციები, კომენტარები და გაზიარებები) დაფიქსირდა:

Facebook-გვერდებისა და ჯგუფების არასრული სია:

პრეზიდენტი ტრამპის საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაცია სოციალური ქსელის პირადი ანგარიშების გამოყენებითაც გავრცელდა. აღნიშნულ Facebook-პოსტებზე ჯამში 25,000-ზე მეტი ინტერაქცია დაფიქსირდა:

საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის შემცველი ინფორმაციები, ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩენამდე, Facebook-ზე ინგლისურ ენაზე გავრცელდა, ხოლო აღნიშნული Facebook-პოსტები სოციალურმა ქსელმა, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია FactCheck.org-თან თანამშრომლობით, ყალბ ამბად მონიშნა:

ტრამპის საქმიანობასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე გავრცელებული Facebook-პოსტები სოციალური ქსელის მიერ ყალბ ამბად მონიშნული ინფორმაციის ქართული ვერსიაა, რომელიც, რიგ შემთხვევაში, არასწორად ან განზრახ დამახინჯებულად არის თარგმნილი.

იხილეთ წყაროდ მოყვანილი ინგლისური ვერსია:

სოციალურ ქსელში ფართო გავრცელების მქონე ქართულენოვანი პოსტები შემდეგ საკითხებს ეხება:

1) მტკიცება: „კორონავირუსის წინააღმდეგ დამზადებული ვაქცინების მოხმარება [ტრამპმა] გახადა ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო და მათზე კონტროლი გადასცა სამხედროებს (სოროსის და ბილ გეითსის სურვილი სხვაგვარი იყო)“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

FactCheck.org-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რაიმე სახის განკარგულება არ გაცემულა. აღნიშნული მტკიცება, სავარაუდოდ, ტრამპის იმ განცხადებასთანაა კავშირში, რომელიც მან 15 მაისს, Operation Warp Speed-ზე (COVID - 19-ის ვაქცინის სწრაფად შექმნისა და შესაბამისი მკურნალობის შემუშავების ფედერალური ინიციატივა) საუბრისას გააკეთა. პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „ვცდილობთ შევქმნათ ვაქცინა ყველასთვის, ვისაც მისი გამოყენება სურს...ვაქცინაცია ყველას არ ენდომება“.

თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საჭიროებასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ აქამდე გამოთქმული ეჭვებისა, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, მან ვაქცინაციის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა. აშშ-ის პრეზიდენტი COVID - 19-ის ვაქცინის სწრაფად შემუშავების მომხრეა. პრესკონფერენციაზე ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდე მოხერხდება. ახალი ფედერალური ინიციატივის ამოცანაც ასეთია: ვაქცინის შემუშავების დასრულება, მისი წარმოება და კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დამტკიცებული ვაქცინის მაქსიმალურად სწრაფი დისტრიბუცია.

აშშ-ში არსებული კანონმდებლობით კი, სკოლაში შესვლამდე მოსწავლეების გარკვეული დაავადებების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია სავალდებულოა. თუმცა, ვაქცინაციის ვალდებულებისგან აშშ-ის მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, ინდივიდუალური სამედიცინო მიზეზების გამო ყველა შტატი ათავისუფლებს, ზოგიერთი მათგანი კი, მსგავსი გამონაკლისის დაშვების დროს, ადამიანების რელიგიურ/ფილოსოფიურ ხედვებსაც ითვალისწინებს.

2) მტკიცება: „[ტრამპმა] შეუწყვიტა WHO–ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) დაფინანსება და იწყება „ჯანმოს“ მუშაობის შემოწმება“.

ვერდიქტი: სიმართლე

დონალდ ტრამპმა ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტისა და ორგანიზაციის მუშაობის შესწავლის შესახებ გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო. 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმოს თავმჯდომარეს, ტედროს ადანომ გებრეისუსს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული საჯარო წერილით მიმართა, ხოლო 29 მაისს კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანმოსთან ურთიერთობებს საბოლოოდ გაწყვეტს. ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი აშშ-მა 6 ივლისს დაიწყო. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, აშშ-მა ჯანმო-ს საკითხზე გაფრთხილება 1 წლით ადრე უნდა მისცეს, ხოლო, ამასთან, მიმდინარე წლის ფინანსური ვალდებულებებიც შეასრულოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომავალი პრეზიდენტი არ შეცვლის, აშშ ჯანმო-ს რიგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის 60 მილიონი აშშ დოლარის დავალიანების გადახდის შემდეგ, 2021 წლის ივლისში დატოვებს.

3) მტკიცება: “ [ტრამპმა] გააუქმა "დემოკრატების" (ლიბერასტების) კანონპროექტი HR 6666, რომელიც ცნობილია როგორც Covid19TRACE აქტი, რომელიც იყო საფუძველი ბილ გეითსის მიერ შემუშავებული პროგრამა სრული კონტროლისთვის!”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

FactCheck.org-ის მიხედვით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ კანონპროექტი H.R.6666 (TRACE Act) ბილ გეითსის ე.წ. „პროგრამა სრული კონტროლისთვის!“ „საფუძველს“ წარმოადგენს. სინამდვილეში კანონპროექტი 100 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების გამოვლენისთვის უნდა გამოიყენონ. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს კანონპროექტის „გაუქმების“ უფლებამოსილება არ გააჩნია. ტრამპს კანონპროექტის მიმართ ვეტოს გამოყენება შეუძლია, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კანონპროექტი მის ოფისში აღმოჩნდება. იმისათვის, რომ H.R.6666-მა თეთრ სახლამდე მიაღწიოს, მან ჯერ წარმომადგენელთა პალატა, ხოლო შემდეგ სენატი უნდა გაიაროს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტებს სახელწოდება რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით ენიჭება. 1 მაისს, H.R.6666-თან ერთად, წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტები H.R.6665 და H.R.6667-იც დარეგისტრირდა.

4) მტკიცება: “[ტრამპმა] გააუქმა ბილ გეითსის პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც ID2020 (მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში საუბარია ე.წ. ჩიპიზაციაზე და სპეციალურ ჯანმრთელობის პასპორტებზე)”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ID2020 წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანიც, მსოფლიოში მცხოვრები მილიარდზე მეტი ადამიანისთვის, პირადობის (ID) დასადასტურებლად, იდენტიფიცირების ციფრულ საშუალებებზე წვდომის გაზრდაა. ორგანიზაცია სხვადასხვა პარტნიორმა დააფუძნდა - მათ შორისაა Microsoft (რომლის თანადამფუძნებელიც ბილ გეითსია) და Gavi - გეითსის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია, რომლის ამოცანასაც განვითარებად ქვეყნებში ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. გასული თვეების მანძილზე, ID2020 შეთქმულების თეორიებისა და ცრუ ბრალდებების სამიზნე გახდა. ყალბი ამბები, რომელთა მიხედვითაც, ბილ გეითსს, თითქოს, მიკროჩიპების გამოყენებით ადამიანებზე თვალთვალი აქვს განზრახული, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა ადრეც გამოააშკარავეს. დეზინფორმაციის ნაწილი ID2020-ს სწორედ ამ კონტექსტში აშუქებს და პროექტის რეალურ მიზნებს არასწორად წარმოადგენს.

მტკიცება, რომ „[ტრამპმა] ბილ გეითსის პროექტი გააუქმა”, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გეითსის მიერ მხარდაჭერილ კორონავირუსზე სახლში ტესტირების პროექტთან - SCAN, რომელსაც, თავის მხრივ, ID2020-თან საერთო არაფერი აქვს და სიეტლში, ვაშინგტონის შტატში მიმდინარეობს. SCAN-ის მიზანს, რეგიონში კორონავირუსის პანდემიის შესწავლა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თანამდებობის პირებისთვის, პანდემიის საწინააღმდეგოდ ეფექტიანი საპასუხო ზომების მიღების ხელშესაწყობად, კვლევის ფარგლებში დაგროვებული მონაცემების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი რამდენიმე კვირის წინ FDA-ის (საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია) გადაწყვეტილებით დროებით შეჩერდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი SCAN-ის ფარგლებში მუშაობა კვლავ განახლდა.

5) მტკიცება: “[ტრამპმა] გახსნა საჩივრების პლატფორმა, რადგან ფეისბუქზე, Twitter-ზე და YouTube-ის ცენზურის მიმართ დაგროვდა უამრავი საჩივარი და სამხილი. განხილული იქნება საჩივრები. მოიხსნება ინფორმაციის გავრცელების ბლოკირება.”

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

თეთრმა სახლმა მართლაც შექმნა მსგავსი პლატფორმა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში მათ მიერ ცენზურად აღქმული ფაქტების გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემდა. პლატფორმის შექმნა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაანონსდა და მისი ფუნქცია „მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება“ იყო. ამ მიზნით შექმნილი ვებგვერდი აღარ მუშაობს და ამჟამად საჩივრებს არ იღებს, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი საკითხზე საუბარს კვლავ განაგრძობს და სოციალურ ქსელებს აქტიურად აკრიტიკებს.

6) მტკიცება: “[ტრამპმა] შეაჩერა 5G ამერიკაში (უარით გაისტუმრა ჰუავეის ფირმა, რომელიც ძირითადად აწარმოებს 5G სამუშაოებს)”

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

აღნიშნული მტკიცება, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 15 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებასთანაა კავშირში. მისი მიხედვით, აშშ-მა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ამერიკულ პროგრამულ უზრუნველყოფითა და ტექნოლოგიით სარგებლობენ, 5G ინტერნეტ-ქსელების განმავითარებელი ჩინური კომპანიის, Huawei-ს ჩიპებით მომარაგება აუკრძალა. აშშ-ში ფიქრობენ, რომ Huawei ტექნოლოგიას ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გამოიყენებს, რასაც ჩინური კომპანია უარყოფს. ხოლო, რაც შეეხება აშშ-ში 5G-ის „შეჩერების“ საკითხს, უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონში მსგავსი გადაწყვეტილება არ მიღებულა. პირიქით, იმ შესაძლებლობების გამო, რასაც 5G ტექნოლოგია იძლევა, აშშ ნოკიასა და ერიქსონის შესაძლო ჩართულობით, 5G-ს სწრაფად განვითარებასა და დანერგვას ცდილობს. კითხვები კი ვაშინგტონში არა 5G ინტერნეტის უსაფრთხოებასთან, არამედ მხოლოდ ჩინურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებობს.

7) მტკიცება: “[ტრამპმა] გახსნა შტატების საზღვრები და ის გუბერნატორები რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან გადაეცემა სასამართლოს.”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემიის პერიოდში აშშ-ში შტატებს შორის საზღვრები არ ჩაკეტილა და, შესაბამისად, მას ვერც ტრამპი გახსნიდა. ქართულად გავრცელებული ეს ინფორმაცია, წყაროდ მოყვანილი ინგლისური ვერსიის (რომელიც, თავის მხრივ, ყალბი ამბავია) არასწორ თარგმანს წარმოადგენს. ინგლისურ ვერსიაში პანდემიის საწინააღმდეგოდ გუბერნატორების მიერ შტატებში კარანტინის გაუქმების კონტექსტში, ტრამპის მიერ შტატების „გახსნის“ („executive order to reopen states“) შესახებაა საუბარი და ის სხვა შტატების საზღვრების ჩაკეტვასთან კავშირში არაა. ტრამპის მიერ ამ თემაზე საპრეზიდენტო განკარგულება, 2020 წელს აქამდე გაცემულ 40 განკარგულებას შორის, არ იძებნება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი გუბერნატორებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო სასამართლოში უჩივლებს, ფრანს-პრესის ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის მიხედვით, მსგავსი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, შტატებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე საკმაოდ ვრცელი უფლებები გააჩნიათ.

8) მტკიცება: “[ტრამპმა] გადასცა თეთრ სახლს ინტერნეტ, ელექტრო და რადიო სერვერების კონტროლი.”

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

აღნიშნული მტკიცება, სავარაუდოდ, ტრამპის მიერ 1 მაისს გაცემულ განკარგულებას ეხება, რომელიც მიზნად, ქვეყნის ენერგომომარაგების სისტემაში აშშ-ის მოწინააღმდეგეების ჩარევის აღკვეთას ისახავს. თუმცა, მტკიცების საწინააღმდეგოდ, განკარგულება ელექტროქსელებზე თეთრი სახლის სრული კონტროლის დამყარებას არ გულისხმობს, ამისათვის პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში ინტერნეტ ან რადიო სერვერები ნახსენები საერთოდ არაა.

9) მტკიცება: “იმ ქალაქებში სადაც მერები და ადგილობრივი მთავრობა ზღუდავდა ეკლესიებში სიარულს - მათი ასეთი აკრძალვა [ტრამპმა] უკანონო გადაწყვეტილებად გამოაცხადა.”

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

აღნიშნული მტკიცება, სავარაუდოდ, ტრამპის მიერ 22 მაისს გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რელიგიური ნაგებობები - ეკლესიები, სინაგოგები და მეჩეთები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილებია, რომლებიც მოსახლეობას აუცილებელ სერვისებს აწვდის (კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები პანდემიის პერიოდშიც განაგრძობენ ფუნქციონირებას). ტრამპის თქმით, „ზოგიერთმა გუბერნატორმა კრიტიკულად მნიშვნელოვან დაწესებულებებად ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტებზე მომუშავე კლინიკები გამოაცხადა, ხოლო ეკლესიები და სხვა რელიგიური ნაგებობები - არა, რაც არასწორია. ამიტომ, მე სამართლიანობას აღვადგენ და რელიგიურ ნაგებობებს კრიტიკულად მნიშვნელოვნად ვაცხადებ“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის განცხადება მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებად დარჩა - აშშ-ის პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილების აღსასრულებლად პირდაპირი უფლებამოსილება არ გააჩნია.

10) მტკიცება: “116 ქვეყანასთან ერთად, [ტრამპმა] მიიღო გადაწყვეტილება პასუხისმგებლობა ააღებინოს ჩინეთს COVID - 19-ის შემუშავება-გავრცელებაში.”

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ტრამპმა, 18 მაისს, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ინიციატივას COVID – 19-ის გავრცელების საკითხზე მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. ჯანმოს ყოველწლიურ ასამბლეაზე კი ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საკითხზე რეზოლუციაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც, COVID - 19-ის პანდემიის მიმართ საერთაშორისო რეაქციის შესახებ „მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი შეფასების“ გასაკეთებლად, მოკვლევა უნდა დაიწყოს. თუმცა, მტკიცების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ პანდემიის მიმართ საერთაშორისო რეაქციის შეფასებაზე და არა “COVID - 19-ის შემუშავება-გავრცელებაში ჩინეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“ – „კორონავირუსის შემუშავება“, ისევე როგორც სიტყვა ჩინეთი, რეზოლუციაში ნახსენები საერთოდ არაა. „შემუშავება“ ვირუსის ხელოვნურ შექმნას გულისხმობს, რაც მეცნიერთა ფართო კონსენსუსის მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება - აკადემიურ წრეებში არსებული მოსაზრებით, კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

სტატია მომზადებულია FactCheck.org-ისა და AFP Fact Check-ის მასალისა და Facebook-ის CrowdTangle ხელსაწყოს დახმარებით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი