ანალიზი

Facebook-ში კორონავირუსის (COVID-19) ჯერ კიდევ არარსებული ვაქცინის წინააღმდეგ კამპანია კვლავ გრძელდება. ამჯერად, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის სახელით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების საწინააღმდეგო მოწოდება გავრცელდა.

„ფაქტ-მეტრის“ მიერ მიგნებული პირველწყარო Facebook-გვერდი „თავისუფალი სულია“, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. მოგვიანებთ, 10 ივნისს clickbait-ების (ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა) გამავრცელებელმა საიტმა abcnews.com.ge-მ ინფორმაცია თავიდან გაავრცელა და მის ავტორად პაატა შავაძე დაასახელა (იგი ცნობილია Facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიების გავრცელებით), თუმცა სტატიას მიხეილ ცაგარელის სურათი აქვს დართული. ივნისში აღნიშნული ინფორმაცია, როგორც მიხეილ ცაგარელის ციტატა, სხვა საიტებზეც გავრცელდა: tvalsazrisi.ge, evroremont.ge, wnews.ge, epicentri.club, Facebook-გვერდი „ჩემი ფსიქოლოგი“, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“. კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორია 25-27 ივლისს თავიდან შემდეგმა წყაროებმა გაავრცელა: timesnews.ge, 5.intelectclub.com, digest.pia.ge, 24news.com.ge, Facebook-ჯგუფი კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ ✌ (Facebook-მომხმარებელი Sopo Gelashvili) და tvalsazrisi.ge (თვალსაზრისმა ამ შემთხვევაში ციტატა ნინო ბრეგაძეს მიაკუთვნა, რომელიც Facebook-ზე შეთქმულების თეორიების აქტიური გამავრცელებელია).

კორონავირუსის (COVID-19) შექმნის მასონებთან, ბილ გეითსთან დაკავშირება და მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობას გადააგვარებს და გაანადგურებს, ცნობილი შეთქმულების თეორიაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა რამდენიმე ქვეყანაში/კვლევით ცენტრში მიმდინარეობს, თუმცა ყველა მათგანი გამოცდის ეტაპზეა. შესაბამისად, ჯერ შეუქმნელ ვაქცინაზე, მისი გვერდითი ეფექტების შესახებ მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო სატესტო ვაქცინის გამოყენების დროს კი რაიმე ტიპის გართულება არ დაფიქსირებულა. კორონავირუსის ვაქცინები, რომლებიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია, ადამიანის დნმ-ს არ ცვლის.

ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, კომპანია Moderna-ს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებს. ამასთან, შედეგები აჩვენებს, რომ საექსპერიმენტო ვაქცინას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აქვს. ვაქცინის ტესტირების პირველი ფაზა მარტში დაიწყო. ის ჯანმრთელ მოხალისეებზე ვაქცინის გაკეთებას და დაკვირვებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ტესტით მეცნიერები ადგენდნენ, ვაქცინა უსაფრთხო იყო, თუ არა და ვირუსთან მიმართებით იმუნურ რეაქციას თუ იწვევდა. ტესტირების მეორე ეტაპზე კი მეცნიერებმა ვაქცინის დოზირება და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია გამოიკვლიეს. ორი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, 27 ივლისს ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელშიც 30 ათასი მოხალისე იქნება ჩართული. გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპმაც დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. შედეგად, ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინის ტესტირებაც მესამე, ბოლო, ფაზაში გადავიდა. გარდა ამისა, გამოცდის მესამე ფაზაში ჩინეთში სამი სატესტო ვაქცინაა. [1] ასევე, ავსტრალიაში მელბურნის უნივერსიტეტისა და მურდოკის ბავშვთა კვლევების ინსტიტუტის ვაქცინა მესამე ფაზაში გადავიდა, რომელიც თითქმის 100-წლოვან ტუბერკულოზის ვაქცინას იყენებს. აღნიშნული ვაქცინა არ მოიაზრება, რომ ადამიანს პირდაპირ COVID-19-ისგან დაიცავს, თუმცა მან შეიძლება ორგანიზმის არასპეციფიკური იმუნური რეაქცია გააუმჯობესოს. ე.ი. ის ორგანიზმის ზოგად იმუნიტეტს აამაღლებს. გარდა ტესტირების მესამე ფაზაში არსებული ვაქცინებისა, პრეკლინიკურ ეტაპზე 142 ვაქცინაა (ე.ი. არ დატესტილა ადამიანებზე), ხოლო პირველ ფაზაში -17 (დაიტესტა მცირე ჯგუფზე), მეორე ფაზაში - 13 (დაიტესტა შედარებით გაფართოებულ ჯგუფზე), მესამე ფაზაში - 5 (იტესტება ფართო მასშტაბით).

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ტესტირების წინა ეტაპებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ის უსაფრთხო და იმუნოგენურია, რის გამოც უკვე ტესტირების მესამე ეტაპზე გადადიან. მან აგრეთვე პანდემიის კონტროლისათვის ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, მასობრივი მოხმარებისთვის ვაქცინის გამოჩენას მსოფლიო მედიცინისთვის კარგ მიღწევად მიიჩნევს და, მისი პროგნოზით, ვაქცინა ზამთარზე ადრე ბაზარზე ვერ გამოჩნდება. მან შეთქმულების თეორიის მიმდევრები დაამშვიდა და განაცხადა: „ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დღეს მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ელემენტარული წესები, რომელიც შემუშავებულია“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა შემოვიდეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ მოხდება.

რუსეთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ჩქარობს, [2] თუმცა, პარადოქსულია, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია ხშირად სწორედ რუსეთს უკავშირდება. ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე, რუსული პროპაგანდა ანტივაქსერულ ნარატივს აქტიურად ავრცელებდა. მაგალითად, 2018 წელს რუსეთი ბოტებისა და ტროლების მეშვეობით ვაქცინაციასთან დაკავშირებით „მისინფორმაციას“ (არასწორ ინფორმაციას) ავრცელებდა. ასევე 2019 წელს რუსული ტროლები კვლავ „მისინფორმაციის“ გავრცელებით ანტივაქსერული განწყობების გავრცელებას ხელს უწყობდნენ და ცდილობდნენ, აშშ-ში მმდინარე ვაქცინაციის დებატებთან დაკავშირებით დაბნეულობა შეექმნათ. ამასთან, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა, 2019 წელს საქართველოშიც აქტიურობდა, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის კონტექსტში. მაგალითად - გაზეთი „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, „Veterans Today“-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ჯეფრი სილვერმანი (რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებითაა ცნობილი). პანდემიის დროს რუსეთი საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ შიშებს იყენებს და პრორუსული მედიები და ანტივაქსერული ჯგუფები საქართველოში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. აღნიშნული დეზინფორმაციის გავლენა NDI-ის კვლევებით დადასტურდა. კვლევის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის 80% კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება, მოსახლეობის 46% მაინც აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, არ აიცრება (ხოლო 38% აიცრება).

აბსურდულობის მიუხედავად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიერ უნაყოფობის, უცოდინრობის, ნერვოზის და ა.შ. გამოწვევის შეთქმულების თეორია საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. Crowdtangle-ის მიხედვით, მას Facebook-ში 28 ათასზე მეტი ინტერაქცია (რეაქციები+კომენტარები+გაზიარებები) აქვს.

რაც შეეხება საიტებს, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები გაავრცელეს, ისინი ძირითადად clickbait-ების გამავრცელებელ საიტებს წარმოადგენენ და მათ კორონავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებიათ.

მართალია, მიხეილ ცაგარელი აღნიშნული დეზინფორმაციის ავტორად მხოლოდ მისი ხელმეორედ გავრცელებისას დასახელდა, თუმცა დეზინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, მათ შორის ვაქცინაზე, მასაც არაერთხელ გაუვრცელებია. მაგალითად, ის აცხადებდა, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არის გავრცელებული, რათა მსოფლიოს მოსახლეობა 7 მილიარდიდიან 1 მილიარდამდე შემცირდეს. ცაგარელი ასევე ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი „დაიჩიპება“ და მათი რობოტიზაცია მოხდება. იგი კორონავირუსის შექმნას ბილ გეითს უკავშირებდა და ამტკიცებდა, რომ ის გლობალური პანიკის გაუარესებას უცდის, რათა შემდეგ ვაქცინა გაავრცელოს. გარდა ამისა, ცაგარელმა კორონავირუსით გარდაცვალება 5G მობილურ ინტერნეტს დაუკავშირა. რეალურად 5G და კორონავირუსი ერთმანეთთან კავშირში არაა და, მეტიც, 5G სრულიად უსაფრთხოა (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ჩინური კომპანია Sinovac-ის, უჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტისა და კომპანია Sinopharm-ის და პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტისა და კომპანია Sinopharm-ის ვაქცინები

2. რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა. რუსეთის მიხედვით, ის ვაქცინის მასობრივ წარმოებას სექტემბერში დაიწყებს, ხოლო ოქტომბრიდან რუსეთი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. თუმცა, ვაქცინის ტესტირება საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა. მკვლევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინის ტესტირება საკუთარ თავზე მოახდინეს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. რუსეთის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვი აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგისტმა, ენტონი ფაუჩიმაც, შეიტანა. შესაბამისად, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის უსაფრთხოების დამადასტურებელი მეტი გამოცდა არ ჩატარდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი