COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. აღნიშნულს წინ ჩინეთთან (29.01) და ირანთან (23.02) ავიამიმოსვლის შეზღუდვა უსწრებდა. ვირუსის გავრცელების არეალის გაფართოების პარალელურად შეზღუდვები გამკაცრდა, 21 მარტს კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვებს დაქვემდებარებული ეკონომიკური სექტორების ოდენობა სწრაფად გაფართოვდა და დროთა განმავლობაში, თითქმის ყველა ეკონომიკური აქტივობა აიკრძალა, გარდა შესაბამისი დადგენილებით დაშვებული გამონაკლისებისა (სამედიცინო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები, კომერციული ბანკები და სხვ.). ამ ეტაპისთვის შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილი ან შემსუბუქებულია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, უშუალოდ საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე, პანდემიის ბუნებრივ შედეგებსა და მასზე რეაგირების შემზღუდველ სახელმწიფო პოლიტიკას, არსებითი უარყოფითი გავლენა I კვარტალშივე ჰქონოდა. თუმცა პირველი შეზღუდვები და არსებული უარყოფითი მოლოდინები შესაძლებელია, ბიზნესსექტორის ქმედებებში შესაბამისად ასახულიყო. აღნიშნული გავლენების შესაფასებლად, საინტერესოა, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილებისა და ხელფასის ცვლილების ტენდენციის გაცნობა. მოცემულ ეტაპზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მხოლოდ 2020 წლის I კვარტლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს. ამ მხრივ მეტად საინტერესო ინფორმაციის მატარებელ II კვარტლის მონაცემებს საქსტატი 3 სექტემბრამდე არ გამოაქვეყნებს.

გრაფიკი 1. ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ცვლილება (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1424 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (1294 ლარს), 10%-ით აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ დროით ჭრილში მონაცემების ანალიზისას მნიშვნელოვანია, ფასების დონის ცვლილების ფაქტორის გათვალისწინება. აღნიშნული მიზნით სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების შესაბამისად კორექტირებული მაჩვენებლები ანუ რეალური მაჩვენებლები გამოიყენება.

ნომინალური ხელფასი გვიჩვენებს, თითოეული მოქალაქე ფულად ფორმაში რა ანაზღაურებას იღებს. თუ ნომინალური ხელფასი იზრდება, მოქალაქე უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს, თუმცა ეს ინფორმაცია არაფერს გვეუბნება იმაზე, მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა, რადგან ფასების დონის ცვლილების ეფექტს არ ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი ხელფასის პირობებში, მოქალაქე უფრო მეტი პროდუქციის შეძენას შეძლებს თუ არა და არა უშუალოდ ხელფასის გაზრდის ფაქტი. დაქირავებით დასაქმებულის რეალური შემოსავლის ცვლილების ტენდენცია ინფლაციაზე კორექტირებული შემოსავლების შედარებით ხორციელდება. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2019 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა, თუმცა ზრდამ ფასების დონის ზრდის ეფექტი ვერ დააბალანსა (საკმარისი არ აღმოჩნდა) და დასაქმებულთა რეალური ხელფასი 1272 ლარიდან 1248 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად გაუარესდა. რაც შეეხება 2020 წლის პირველ კვარტალს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასის ნომინალურმა ზრდამ 10%, ფასების დონის ზრდამ კი 6.1% შეადგინა. შესაბამისად, დასაქმებულთა საშუალო რეალური ხელფასიც 1248 ლარიდან 1294 ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 640495 ერთეული შეადგინა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21133 ერთეულით გადააჭარბა, რაც 3.4%-იან ზრდას უტოლდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ 2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებასა და სამუშაო ადგილების ოდენობას შემცირების ტენდენცია არ ჰქონია, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ I კვარტლის მდგომარეობით, პანდემიის უარყოფითი გავლენა რეალურ ცვლილებებში ჯერ არ ასახულა. მოსალოდნელია, რომ სურათი მნიშვნელოვნად გაუარესებული 2020 წლის II კვარტლის მდგომარეობით იქნება, რაც სავარაუდოა, როგორც სამუშაო ადგილების, ასევე დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირებაში აისახოს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი