შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების წყლით უზრუნველყოფისთვის, 2016-2017 წლებში 11 062 400 ლარი დაიხარჯა. პროექტების ნაწილი - ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში 25-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში მოსახლეობის ნაწილი დღემდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და არც ის იცის, პრობლემა როდის მოგვარდება. ერთ-ერთი ძვირადღირებული ტენდერი (SPA150025374), რომელმაც „ფაქტ-მეტრის“ ყურადღება მიიპყრო, შუახევის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 17 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 518 000 ლარი იყო და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის ახალი წყალსადენი სისტემის მაგისტრალისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი სამწლიანი იყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოებისთვის თანხა სამ წელზე გადანაწილდა. 2015 წელს დაგეგმილი იყო ანგარიშსწორება არაუმეტეს 700 000 ლარის ოდენობით, 2016 წელს - არანაკლებ 2 500 000 ლარის და 2017 წელს - თანხის დანარჩენი ნაწილის გადახდა. სამუშაოები 2017 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. შემსყიდველმა ორ მათგანს დისკვალიფიკაცია მისცა და კონტრაქტორად შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შეარჩია. კომპანიასთან 4 916 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საინტერესოა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს 2011 წლიდან 2015 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 6 მილიონი ლარისა. ვინაიდან „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ 2015 წლის მაისშია რეგისტრირებული, ამ მოთხოვნას ის ვერ დააკმაყოფილებდა. თუმცა მან რუსეთის ფედერაციაში (შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ რეგისტრირებულია 2015 წლის მაისში. მისი დამფუძნებელია რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „ვლადნეფტპროდუქტი“) შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა. სატენდერო კომისიას სამუშაოების გადამოწმების საშუალება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, თავიდან ამ კომპანიასაც დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს საჩივრით მიმართა. ამ უკანასკნელმა მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ხელშეკრულებით 2015 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელი ღირებულების 20%-ის ავანსის სახით გადახდა იყო გათვალისწინებული. კომპანიამ 100% მოითხოვა. შემსყიდველმა სახელშეკრულებო პირობა შეცვალა და მიმწოდებელს, ავანსის სახით, 700 000 ლარი წლის ბოლომდე გადაურიცხა.ამის შემდეგ სახელშეკრულებო პირობები კიდევ თხუთმეტჯერ შეიცვალა. 2017 წლის დეკემბერში, როცა პროექტი დასრულებული უნდა ყოფილიყო, შემსყიდველმა კომპანიას ვადა 2018 წლის 15 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანია პირგასამტეხლოს იხდის. თუმცა ვინაიდან სამუშაოების 83% უკვე შესრულებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს და ამიტომ უმჯობესია, თუ პროექტს იგივე კომპანია დაასრულებს. 2018 წლის აგვისტოში კომპანიას ვადა დეკემბრის ბოლომდე გაუგრძელეს, დეკემბერში - 2019 წლის თებერვლამდე, შემდეგ - 20 მარტამდე და ბოლოს - 15 აპრილამდე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შედეგი დადგა და რეზერვუარები აივსო. შემსყიდველმა კომპანიას, ჯამში, 4 849 229 ლარი გადაუხადა.

მართალია, პროექტი დასრულდა, მაგრამ ამ სოფლების მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება. როგორც აღმოჩნდა, შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ცალკე ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. 2019 წლის აპრილში ტენდერი (NAT190007006), 978 000-ლარიანი სავარაუდო ღირებულებით, გამოცხადდა. მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. დაბალი ფასით მონაწილე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიეცა და გამარჯვებულად შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ დასახელდა. ხელშეკრულების ღირებულება 978 000 ლარს შეადგენს. აქედან 500 000 ლარი გათვალისწინებული იყო 2019 წლის ბიუჯეტში, ხოლო 478 000 ლარი - 2020 წლის ბიუჯეტში.

სამუშაოები მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე პირველი ეტაპით გათვალისწინებული 500 000 ლარია უკვე გადახდილი. საბოლოოდ, მოსახლეობას, რომელსაც პრობლემის მოგვარების იმედი 2015 წელს გაუჩნდა, სასმელი წყალი გამართულად ხუთი წლის შემდეგაც არ მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს, რომ პირველი პროექტი შიდა დაქსელვას არ ითვალისწინებდა და მოსახლეობამდე წყალი ამიტომ არ მივიდა. მისი განცხადებით, შიდა დაქსელვის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება (შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 30 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს).

საერთო ჯამში, 2016-2020 წლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის, 11 062 000 ლარი გაიხარჯა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ წყალს ისევ წყაროებიდან ეზიდება და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. მათი თქმით, ზოგ დასახლებაში სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც იქ ახალი ქსელები ან საფილტრები მოეწყო. „თვეში ერთხელ ან ორჯერ მოვა, შეიძლება, მერე ხუთ თვეს არ მოვიდეს და მეზობლებისგან ვეზიდებით. იმათაც წყაროს წყალი ჰყავთ საღაციდან შემოყვანილი. ხაბელაშვილებში სათავე ნაგებობაზე რომ სამუშაოები შესრულდა ორი წლის წინ, მის მერე გაუარესდა მდგომარეობა. აქ კიდევ მილები საცერივითაა გამხდარი. მოვიდნენ, ერთ ადგილას ამოჭრეს და გადააბეს, მაგრამ სხვაგანაცაა დაზიანებული. მიწისქვეშაა ეს მილები და წყალი რომ ჟონავს, სახლები ეტბორება მეზობლებს,“ - გვითხრა სოფელ ცივაძეების მკვიდრმა.

სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა სოფელ წაბლანაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახსაც აქვს. აღსანიშნავია, რომ იმ სოფლებში, რომლებშიც მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი დიდი შეფერხებით მიეწოდება, პროექტები უკვე განხორციელდა, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა და ბიუჯეტიდან თანხები დაიხარჯა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი