რეზიუმე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბადრი ბასიშვილის მიერ ხსენებული კომპანიები, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“, შპს „ბილდინგ გრუპი“ და შპს „კაპიტელი“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი შპს-ები არიან.

პირველი მათგანი, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამარჯვებული კომპანიაა. მას 2017 წლიდან დღემდე უწყების 29 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან მხოლოდ წელს 7 მათგანში გაიმარჯვა. რაც შეეხება მეორე კომპანიას, მას გორის მერიის მხოლოდ ერთ ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული, ისევე როგორც ბასიშვილის მიერ დასახელებულ მესამე კომპანიას. ამ უკანასკნელებს ერთად წელს ბიუჯეტიდან 714 828 (477 627+237201) ლარი აქვთ მიღებული, ხოლო პარტიათა შემოწირულობებში არ ფიქსირდებიან, განსხვავებით შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ისგან”, რომლის ერთ-ერთმა მეწილემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის ოქტომბერში 60 000 ლარი შესწირა. შესაბამისად, ბასიშვილის მიერ დასახელებული კომპანიებიდან „ქართული ოცნების“ შემწირველი რეალურად მხოლოდ ერთია და მისი კონტრიბუციაც გაცილებით ნაკლებია (60 000 ლარი), ვიდრე განმცხადებლის მიერ დასახელებული თანხა.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბადრი ბასიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლო კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები „ქართულ ოცნებას“ მადლობის ნიშნად წინასაარჩევნო კამპანიას უფინანსებენ. ამის მაგალითად დეპუტატმა გორის მერიის 3 კონტრაქტორი შპს დაასახელა, რომლებსაც მისვე თქმით, ბოლო ორ წელში მმართველი პარტიის ანგარიშზე 250 ათას ლარამდე თანხა აქვთ გადარიცხული.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შიდა ქართლში და კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში, დიდი ხანია, არსებობს ქართულ-ჯიგრული ურთიერთობები, საიდანაც ტენდერების სახით, მილიონობით თანხას აძლევენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ კომპანიებს. უმეტეს შემთხვევაში ეს კომპანიები არიან წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ კამპანიის დამფინანსებლები, უშუალოდ ამ სამმა კომპანიამ („ბილდინგ გრუპი“, შპს „კაპიტელი“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“) „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას შესწირა 250 ათასი ლარი უახლოეს 2 წელიწადში", - აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის ბადრი ბასიშვილის მიერ დასახელებული კომპანიები, რა რაოდენობის ტენდერები აქვთ მოგებული გორის მუნიციპალიტეტში და არიან თუ არა მართლაც მმართველი გუნდის შემომწირველები.

შპს „ბილდინგ გრუპი“

ბადრი ბასიშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კომპანია 2019 წლის 7 მარტსაა რეგისტრირებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერში კომპანიის დირექტორად და 100%-იანი წილის მესაკუთრედ გიორგი ჯუღელი ფიქსირდება. ამ სახელითა და გვარით „ქართული ოცნების“ მისამართით გადარიცხვა განხორციელებულია, თუმცა მისი პირადი ნომერი არ ემთხვევა „ბილდინგ გრუპის“ წარმომადგენელ გიორგი ჯუღელისას. როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირად მონაცემებს ყურადღება არ მიაქცია და პარტიათა შემომწირველთა ბაზაში დაფიქსირებული სხვა გიორგი ჯუღელი გორის მერიის კონტრაქტორი კომპანიის, შპს „ბილდინგ გრუპის“ წარმომადგენლად ჩათვალა. რეალურად კი, გორის მერიის ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბილდინგ გრუპს“ და მის წარმომადგენელს გიორგი ჯუღელს, პარტია „ ქართული ოცნებისთვის“ თანხა არ შეუწირიათ.

ეს კომპანია, გასულ წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან ის ძირითადად გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობს. მთლიანობაში 5 ასეთი ტენდერი ფიქსირდება, თითოეულის ღირებულება 18 ათას ლარს ზემოთაა. გამარტივებული შესყიდვების საერთო ღორებულება ჯამში 142 423 ლარს შეადგენს.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენერებიდან კი შპს „ბილდინგ გრუპს“ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მიმდინარე წლის აპრილში, 237 201 ლარად, ამ კომპანიამ სოფელ ბობნევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ვალდებულება აიღო.

შპს „კაპიტელი“

გორში, სკვერების და დასვენების პარკების სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულება მერიამ ამ კომპანიასთანაც 2020 წლის აპრილში ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გააფორმა. ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის 477 627 ლარია გათვალისწინებული.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან დასახელებულ შპს-საც მხოლოდ ეს ერთი აქვს მოგებული. წინა კომპანიასთან შედარებით შპს „კაპიტელი“ უფრო ადრე, 2002 წელს დარეგისტრირდა. ამ დრომდე მას ორი გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდება, საიდანაც 278 560 ლარი აქვს მიღებული. 1 040 510 ლარის ხელშეკრულება კი გორის მერიასთან 2012 წლის სექტემბერში აქვს გაფორმებული. ამ კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი ამჟამად გიგა თორდინავაა, ბოლო ორ წელში არც ეს პიროვნება და არც მის სახელზე რეგისტრირებული კომპანია პარტიათა შემომწირველთა სიაში არ ფიქსირდება, განსხვავებით მისი წინამორბედისგან. 2012 წელს შპს „კაპიტელის“ 100% -იანი წილი თეიმურაზ კანკავას ეკუთვნოდა, რომელმაც 2012 წლის 25 ივლისს მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 10 000 ლარი შესწირა.

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“

განსხვავებით წინა ორი კომპანიის მფლორელებისგან, პარტიათა შემომწირველებში ამ კომპანიის წარმომადგენელი ფიქსირდება. ნუკრი აბალაკმა 2016 წლის 13 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. თვითონ კომპანიამ კი უფრო ადრე (მაშინ მისი სახელწოდება იყო „საგზაო“, საიდენტიფიკაციო კოდი არ შეცვლილა) 2011 წლის 5 ოქოტომბერს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 100 000 ლარი გადაურიცხა.

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ რომ სახელმწიფო ტენდერებში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია იყო, ამაზე „ფაქტ-მეტრი“ 2017 წელსაც წერდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ამ კომპანიასთან სახელმწიფო უწყებებს, 8 411 614 ლარის 56 გამარტივებული შესყიდვა აქვთ განხორციელებული. ამ დრომდე მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება კი 85 439 658 ლარია. უშუალოდ გორის მერიის ტენდერებიდან კი მხოლოდ წელს 7 ტენდერიდან 3 მლნ 125 224 ლარი აქვს მიღებული. მისი წარმომადგენელი, შოთა აბულაძე, როგორც ადგილობრივი მედია წერდა, გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის ახლობელია, აბულაძის შვილი კი ყოფილი ინფრასტრუტურის მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის მოადგილე იყო.

როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, ბადრი ბასიშვილის მიერ დასახელებული კომპანიებიდან, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენერებში ლიდერობით მხოლოდ ერთი, „საგზაო-სამშენებლო სამმართველო #1“ გამოირჩევა, რომლის ერთ-ერთ მეწილეს „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის სახით, არა ბოლო ორ წელში, არამედ 4 წლის წინ აქვს თანხა გადარიცხული, 60 ათასი ლარის ოდენობით.

დანარჩენი 2 კომპანია კი გორის მერიის ტენდერებში თითქმის არ ჩანან. ორივე მათგანს თითო-თითო ტენდერი აქვს მოგებული, თუმცა გამარტივებული შესყიდვის შედეგად შპს „ბილდინგ გრუპტან“ ხელშეკრულებებს კონსტანტინე თავზარაშვილის უწყება აქტიურად აფორმებს. მესამე კომპანია კი შპს „კაპიტელი“ გორის მუნიციპალიტეტში ასევე ერთი ტენდერის გამარჯვებულია. დასახელებული ორი კომპანიის მფლობელები „ქართულო ოცნების“ ბოლო ორი წლის შემომწირველებში არ ფიქსირდებიან.

„ფაქტ-მეტრი“ პარტია „ქართული ოცნების“ გასული წლების შემოწირულობებითაც დაინტერესდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა,რომ დასახელებული 3 კომპანიიდან შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ და შპს „კაპიტალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იქვნენ. 2011-2012 წლებში ამ ორ კომპანიას მაშინდელი მმართველი გუნდისთვის ჯამში 110 000 ლარი აქვს გადარიცხული.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი