რეზიუმე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად, აუცილებელი გახდა ხარვეზის აღმოფხვრა. ამ ეტაპზე გზის პირველ და მეორე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება. იგივე ტიპის პრობლემები გზის მეოთხე მონაკვეთზეც იყო, სადაც ხარვეზები უკვე გასწორებულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, აღნიშნული გზის მშენებლობისას ორ შემთხვევაში კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა გახდა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში კონტრაქტორმა (კომპანია „ალტკომი“) სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა, მეორე შემთხვევაში კი, იტალიურმა კომპანიამ „ტოდინმა“ სამუშაოები არც კი დაიწყო. „ალტკომთან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) დაბრუნების იურიდიული პროცედურები დღემდე ხორციელდება. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, პროექტის განხორციელების ვადა 24 თვით განისაზღვრა და შესაბამისად, ორი წელი ვერ დასრულდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული და პრობლემური პროექტია. მისი დასრულება 6 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და როგორც აღვნიშნეთ, სულ მცირე კიდევ ორი წელი ვერ დასრულდება.

ანალიზი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით გადაიქცა. სანამ გზაზე არ ჩააბეტონებენ ინფრასტრუქტურის შვიდ მინისტრს (მხოლოდ ერთი დღით, მერე უნდა გაასუფთავო), რომელიც ამ შვიდ წელიწადში შეიცვალა, გზა ვერ დასრულდება“.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღნიშნული გზის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).

სამტრედია-გრიგოლეთის გზა - ლოტი I

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ.

პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადა.

ლოტი II

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე -18.5 კმ.

უნდ აშენდეს: 9 ხიდი, 3 სატრანსპორტო კვანძი, 76 სწორკუთხა მილი (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები).

ლოტი III

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.

უნდა აშენდეს: 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 65 სწორკუთხა მილი (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები).

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-3 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

ლოტი IV

სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.

აშენდება: 2 გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი, 42 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი.

პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, რომელსაც კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს. გზის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო (რადგან ტერიტორია ჭაობიან ადგილს წარმოადგენს). კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. თუმცა, ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო და და გარკვეულ ადგილებში ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. იგივე სახის პრობლემა გზის მეოთხე მონაკვეთზეც წარმოიშვა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ჩინური კომპანია „China Railway 23rd“ ახორციელებს.

სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზეც ასევე შეჩერებული იყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა და მშენებლობა ასევე 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) სამართლებრივ პროცედურებს ახორციელებს. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ ასრულებს.

სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზეც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანია „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. ისე რომ გზის მშენებლობა არც დაუწყია, კომპანიასთან დადებული კონტრაქტიც შეწყდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით (12 მაისის ინფორმაცია), ამ ეტაპზე სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-მეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშოები ხორციელდება. ასევე არსებულ გზასთან შემაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონების და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული მონაკვეთი ქ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

დეპარტამენტისვე ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები ხორციელდება. გზის მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმარალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპი 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოცხადდა, საკვალიფიკაციო წინადადება 24-მა კომპანიამ წარადგინა, შემდგომი ეტაპი წარდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება იყო. აღნიშნული მონაკვეთის პროექტის განხორციელების ვადად 24 თვე განისაზღვრა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამტრედია-გრიგოლეთის გზა სულ მცირე 2 წელი კიდევ ვერ დასრულდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი