რეზიუმე: 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ სამართალდამცველს არ დაკისრებია. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ დაიწყო. მათგან, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მხოლოდ ერთს შეეფარდა, რაც მოგვიანებით გირაოთი შეიცვალა.

ანალიზი

26 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები შეახსენა და განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით პარლამენტის წინ გამართული მანიფესტაცია დაშალა, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. სპეცოპერაციის შედეგად 240 ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცველი დაშავდა და ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მიუხედავად აქციის მონაწილეების ნაწილის გარკვეული ძალადობრივი ქმედებებისა, პოლიციელთა მხრიდან აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა აშკარად არაპროპორციული იყო და კანონის ფარგლებს გასცდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). აქციის არაერთ მონაწილეს ტყვიები სხეულის ზედა ნაწილში: ხელზე, თვალში, კისრის არეში ჰქონდა მოხვედრილი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, ბრალი აქციის 17 მონაწილეს წარედგინა, ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. რაც შეეხება სამართალდამცველებს, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ დაიწყო. მათგან, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მხოლოდ ერთს შეეფარდა, თუმცა მოგვიანებით ის გირაოთი შეიცვალა. შესაბამისად, გამოძიების დაწყებიდან 1 წლის შემდეგაც, არცერთი სამართალდამცველი არაა დასჯილი. მეტიც, საიას შეფასებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე მოვლენების სისტემური ანალიზი არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, აქციაზე დაშავებული 23 პირისთვის, რომელთა უფლებებსაც საია იცავს, პროკურატურა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარს ამბობს. უწყება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ „ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად, ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს“. აღსანიშნავია, რომ მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი აქციიდან თითქმის 5 თვის შემდეგ მიანიჭეს. მანამდე, იმდროინდელი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე აცხადებდა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა. სამართალდამცველი არც გომურის ეპიზოდზე დასჯილა.

საიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობისა და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, ორგანიზაცია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელები უკვე მიიღო, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულ სამ ჟურნალისტს ეხება. ცენტრის ინფორმაციით, მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვსა და ზაზა სვანაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, შესაბამისად, ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინოს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი