2019 წლის 6 სექტემბერს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტში „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა ტყვია, რომელიც 20 ივნისის აქციაზე დემონსტრანტთა წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა, კანონს შეესაბამება. მეტიც, მისი თქმით, „საპროტესტო აქციის დასაშლელად ნაკლებად ლეტალური ტყვიაც კი არ გამოუყენებიათ“.

„ფაქტ-მეტრმა“ აქციაზე გამოყენებული ტყვიების შესახებ ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა გასული წლის ნოემბერში სამინისტრომ, „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, დასახელებული ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლმდენი გაზისა და კინეტიკური ჭურვების (რეზინის ტყვიების) გამოყენებით პარლამენტის წინ გამართული მანიფესტაცია დაშალა, რასაც 240 ადამიანის, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცველის დაშავება მოჰყვა. საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ლეგიტიმურობასთან ერთად, საზოგადოებას იმ სპეციალური საშუალებების კანონიერებასთან დაკავშირებითაც გაუჩნდა კითხვები, რომლითაც საპროტესტო აქცია დაშალეს, რამდენადაც ორმა დემონსტრანტმა აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის არაერთი მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დარბევისას გამოყენებული საშუალებების მახასიათებლებსა და რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. თუმცა, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში „ევროპულ საქართველოსთან“ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან დაახლოებით 800-მდე ტყვია იყო გამოყენებული და ყოველი მათგანი კანონს შეესაბამებოდა. ასევე, 31 მარტს სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში (20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შესახებ) გამოქვეყნდა, სადაც აქციის დაშლისას გამოყენებული ჭურვები და იარაღებია აღწერილი.

ანგარიშის მიხედვით, დარბევისას ნაკლებად ლეტალური ჭურვების შემდეგი სახეობები იქნა გამოყენებული:

  1. 12 მმ-კალიბრიანი ვაზნა non lethal defense 9 balls 12 cal sterling rubber buckshot by 70 mm;
  2. 12 მმ-კალიბრიანი ვაზნა sterling by turac non lethal defense 1 balls 12 cal rubber slug 70 mm
  3. 38 მმ-კალიბრიანი ვაზნა მომწვანო ფერის;
  4. 38 მმ-კალიბრიანი ვაზნა, შავი ფერის მწვანე ხუფით;
  5. 40 მმ-კალიბრიანი ვაზნა - გაზი.

მედიაში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, 20 ივნისს პოლიციამ 4 სახის რეზინის ტყვია გამოიყენა.

განსაკუთრებით სახიფათო და საყურადღებო რაკეტის ფორმის, თურქული წარმოების „სტერლინგის“ ფირმის ნარინჯისფერი ტყვიაა, რომლის გამოყენებას სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებს.

ცხრილი 1. რაკეტის ფორმის ტყვიის მახასიათებლები.

კალიბრი

12

წონა

16 გრამი

გასროლის სიჩქარე

275 მ/წმ

საწყისი ძალა

605 ჯ

სასროლი მანძილი

15-35 მ

წყარო: მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამჟამად სტერლინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნული ტყვია კლასიფიცირებულია, როგორც ნაკლებად ლეტალური და მითითებულია, რომ 10 მეტრზე ახლოდან სროლის შემთხვევაში სიკვდილს[1] იწვევს, ან სხეულის სამუდამოდ მძიმე დაზიანებას და მისი ადამიანის წინააღმდეგ გამოყენება რეკომენდებული არაა. მწარმოებლის მიხედვით, ეს ტყვიები მაღალი სიზუსტითა და საკმაოდ დიდი სამიზნე მანძილით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის წამომადგენლების, მათ შორის, გიორგი გახარიას განცხადება, იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტყვიების დამიზნებით სროლა შეუძლებელია, სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა აქციაზე გამოყენებული ტყვიების კანონიერების საკითხისა, საინტერესოა ისიც, თუ ეს საშუალებები პოლიციის შეიარაღებაში რატომ იყო. „ფაქტ-მეტრის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ სპეციალური საშუალებების შესყიდვა ბოლოს 2012 წლის 6 აგვისტოს განხორციელდა. 2012 წლის შემდეგ, სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით მიდგომები, მათ შორის, ტერმინოლოგია შეიცვალა. ასევე, საერთაშორისო დონის სახელმძღვანელოები და ინსტრუქციები შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები, სამინისტრო ყოველივე აღნიშნულს რამდენად ითვალისწინებს და 7 წლის წინ ნაყიდი ტყვიები დღეს არსებულ სტანდარტებს რამდენად აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, რომ არალეტალური იარაღის პოტენციური ლეტალურობიდან გამომდინარე, 2014 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სახელმწიფოებს მოუწოდა, აუცილებლად უზრუნველეყოთ „არალეტალური იარაღის აუცილებელი, დამოუკიდებელი, სრული და მეცნიერული ტესტირება მის გამოყენებამდე, რათა მომხდარიყო მისი შესაძლო ლეტალობის გამომწვევი რისკებისა და ზიანის ფორმების გაზომვა, შესაბამისი ტრენინგისა და ამ იარაღების ადეკვატური გამოყენებისთვის“.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ ქვეპუნქტის მიხედვით: პოლიციაზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმისას, პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს არალეტალური იარაღი (მათ შორის არალეტალური ჭურვი), თუმცა ქართული კანონმდებლობა არალეტალური ჭურვების ზუსტ კლასიფიცირებას არ ახდენს.

რაც შეეხება საერთაშორისო კანონმდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ არც ის ადგენს, დემონსტრაციების დასაშლელად, კონკრეტულად რომელი სახეობის კინეტიკური ჭურვების გამოყენებაა დასაშვები, მისი დამხმარე სახელმძღვანელოები განსაზღვრავს, თუ როგორი ტყვიების გამოყენება არაა მიზანშეწონილი.

1990 წლის საერთაშორისო აქტის, „გაეროს საბაზისო პრინციპები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ“, მე-2 და მე-3 პრინციპებში აღნიშნულია, რომ ლეტალური საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. პოლიცია უნდა ეცადოს მაქსიმალურად არაძალადობრივი და ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებებით დაშალოს დემონსტრაცია.

ზემოხსენებულ აქტზე (პრინციპებზე) არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა 2015 წელს განმარტებითი სახელმძღვანელო შეიმუშავა , რომლის მიხედვით, უფრო მისაღებ და ფართოდ აღიარებულ ტერმინად „ნაკლებად ლეტალური იარაღი“ მიიჩნევა და არა - „არალეტალური“, რამდენადაც, არალეტალური იარაღიც კი შეიძლება, გახდეს ლეტალური, თუ მას შესაბამისი წესების დაცვით არ გამოვიყენებთ. აღნიშნულს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშიც უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხელკეტიც კი, შეიძლება გახდეს სასიკვდილო, თუ ის კონკრეტული ფორმით/მეთოდით არ იქნება გამოყენებული. ტერმინთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2018 წლის რეზოლუციაში, რომელიც მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება, ტერმინი ,,ნაკლებად ლეტალური’’ არის გამოყენებული.

რაც შეეხება უშუალოდ ტყვიებს, Amnesty International-ის ზემოხსენებულ სახელმძღვანელოს მიხედვით, უნდა აიკრძალოს ისეთი ნაკლებად ლეტალური ტყვიების გამოყენება, რომლებიც ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა და სამიზნის გარდა, საფრთხეს სხვა პირებსაც უქმნის (მაგალითად, როგორიცაა რეზინის ბურთულები). ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, უნდა გამოირიცხოს ისეთი ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება, რომელიც არაპროპორციულად მაღალი რისკის შემცველია და, დიდი ალბათობით, სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.

სახელმძღვანელოში წერია, რომ პოლიციის მიერ ნებისმიერი ნაკლებად ლეტალური ან სხვა ძალის გამოყენება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი ან არსებობს ამის მაღალი რისკი, პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის ისეთივე მკაცრ მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს, როგორც ლეტალური იარაღის გამოყენებისას. სპეციალური ზომების გამოყენება უკიდურეს შემთხვევებში, სიკვდილისა და ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის თავიდან ასარიდებლად, არის დასაშვები.

2018 წელს ჟენევის ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტმა „ნაკლებად ლეტალურ იარაღთან და სხვა აღჭურვილობასთან დაკავშირებით“ სამუშაო დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ნაკლებად ლეტალური კინეტიკური რეზინის ტყვიების გასროლა დამიზნებით, ადამიანის სხეულის ქვედა ნაწილის მიმართულებით, უნდა მოხდეს. ახლო მანძილიდან, მსგავსი იარაღის გამოყენება არ შეიძლება, რადგან იგი სხეულის დაზიანების მომატებულ რისკს ქმნის. აკრძალულია, ასევე, სხეულის ზედა ნაწილსა და თავის არეში სროლა.

გაეროს საბაზისო პრინციპების განმარტებით სახელმძღვანელოში კი ვკითხულობთ, რომ კინეტიკური სიმძლავრის ჭურვების გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ, როგორც ინდივიდის შესაჩერებელ საშუალებად, რომელიც ძალადობრივ ქმედებაში სხვა პირის წინააღმდეგ უშუალოდ არის ჩართული. ის არ უნდა გამოიყენონ, როგორც ზოგადი საშუალება შეკრებაზე მყოფი ხალხის დასაშლელად, მათ შორის, უმისამართო სროლისთვის. კინეტიკური ჭურვების უმისამართო და შემთხვევითი სროლა ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს ზრდის, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ის პირს თავში ან სხეულის ზედა ნაწილში ხვდება. შესაბამისად, ზიანის შესამცირებლად, როგორც წესი, ის მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილზე უნდა იქნას გამოყენებული.

ამის ფონზე, 20-21 ივნისის მოვლენებიდან თითქმის 1 წლის თავზე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, აქციის დარბევისას დამიზნებით ისროდნენ თუ არა. „ 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით... ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი, ასე, ჩემთვის, პირადად, არის მეორეხარისხოვანი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

20 ივნისის აქციის დარბევისას არაერთ ადამიანს ტყვიები ხელზე, თვალში, კისერსა და ზოგადად, სხეულის ზედა ნაწილში მოხვდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დემონსტრანტთა დაშლისას სამართალდამცავები ე.წ. „რეზინის კარტრიჯს“ იყენებდნენ, რომელიც 9 რეზინის ბურთულისგან შედგება. დარბევისას მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში დაზარალებულებს რამდენიმე რეზინის ბურთულა აქვთ მოხვედრილი. იმის გავითვალისწინებით, რომ ამ ტყვიისთვის გაფანტვის რადიუსი ყოველ ერთ მეტრზე რამდენიმე სანტიმეტრია, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დაზარალებულებს ახლო მანძილიდან ესროლეს. აღნიშნული ძალის გამოყენებისას სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს.

ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისის აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. მინისტრი, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ჩვენებაში უთითებენ, რომ საიდუმლო გეგმა ითვალისწინებდა მათ შორის, გაზის ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას. მათი ჩვენებების თანახმად, აქტიური საშუალებების გამოყენება პოლიციამ დაახლოებით 00:00 საათისთვის დაიწყო. ისინი უთითებენ, რომ ცრემლმდენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებითა და თანხმობით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში აცხადებენ, რომ ცრემლმდენი აირის ჭურვების გასროლაზე მათ ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები, მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე, გამოიყენეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მას ინფორმაცია კონკრეტული პოლიციელების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ რაციის მეშვეობით მიაწოდეს და აღნიშნულის თაობაზე მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს მალევე აცნობა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მიერ ხელმძღვანელობისთვის რაციის საშუალებით რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, გამოძიების მიერ ამოღებული რაციების ჩანაწერებით არ დასტურდება.

რაციების ჩანაწერების მიხედვით დადგინდა, რომ მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა, რომელთაც სამსახურებრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა, დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია გაისროლეს, ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი საშუალებისთვის არ მიუმართავს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ერთი მხრივ, ძნელად დასაჯერებელია, სამართალდამცავებს 800-მდე ტყვია თავისი ინიციატივით გაესროლათ. მეორე მხრივ კი, გაუგებარია, დეპარტამენტის დირექტორმა მეთოფეთა თვითნებობა დროულად რატომ არ აღკვეთა, თუ რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ არსებობდა.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიების დაწყებიდან 1 წელი გავიდა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოვლენების სისტემური ანალიზი დღემდე არ გაუკეთებია. ორგანიზაციის განმარტებით, ამ დროისთვის არცერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს. შედარებისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, შსს-ს გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, რომელთაგან ყველას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობაა გამოყენებული.

გარდა ამისა, საიას განცხადებით, პროკურატურა აქციაზე დაშავებული 23 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარს ამბობს. პროკურატურა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ „ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად, ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს“.

„პროკურატურა და სასამართლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისათვის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები არ იყო ცნობილი. მოგვიანებით, აღნიშნულ პირთაგან პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, როგორც მათ, ასევე საია-ს ადვოკატებს, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ”, – აცხადებენ საია-ში.

პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელები უკვე მიიღო, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულ სამ ჟურნალისტს ეხება. ცენტრის ინფორმაციით, მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვსა და ზაზა სვანაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, შესაბამისად, ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინოს.



[1] სახალხო დამცველის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ტყვიის დასახელებაში გამოყენებულია ტერმინი non lethal (არალეტალური).

გიორგი ჯანაშვილი

თიკა მამადაშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი