რეზიუმე:

იოსებ მაკრახიძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლის არჩევნებამდე ის სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული და რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შპს „იბოლიაა“, სადაც ხელმძღვანელის პოზიცია სხვას, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გადააბარა. შპს „იბოლიას“ გარდა, დეპუტატობის პირველი წლის განმავლობაში, მაკრახიძე პარალელურად კიდევ 3 კომპანიის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა. ამ ეტაპზე გორის მაჟორიტარი დეპუტატი, საჯარო რეესტრის მიხედვით, მხოლოდ ინდ. მეწარმედ და შპს „იბოლიას“ მეწილედ ფიქსირდება ( კომპანიის 60%-ის მფლობელი, 40% - სამართავად გოდერძი მიქავას აქვს გადაცემული).

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ყველაზე ხშირად (გასული წლების მონაცემებით) სწორედ ეს კომპანია ფიგურირებს. პარლამენტარის კომპანია განსაკუთრებით ხშირად ინფრასტრუქტურის შესახებ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს. შპს „იბოლიას“ ბოლო 2 წელში, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 11 ტენდერი აქვს მოგებული, სადაც ყველა შემთხვევაში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ერთი გამონაკლისის გარდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტენდერებში, მისი ძირითადი კონკურენტი შპს „შარაა“, რომელიც მის შვილს, ოფელია მაკრახიძეს ეკუთვნის. თითოეული მოგებული ტენდერის ღირებულება 5000 ლარს სცდება (ერთი გამონაკლისის გარდა).

ანალიზი:

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ სტუმრობისას გორის მაჟორიტარის სახელთან დაკავშირებულ კომპანიასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, იოსებ მაკრახიძის კომპანია „იბოლია“ გორში ყველაზე მეტ ტენდერში იმარჯვებს და ის თანხა, რაც მან 2016 წელს საარჩევნო პერიოდში დახარჯა, ახლა ბიუჯეტიდან უკან იბრუნებს. დონაძის თქმით, აღნიშნული საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნებს არაერთი გარემოება ბადებს. „მაკრახიძეს გორში თავისი სამფლობელო აქვს შერჩეული, მისი კომპანია მონაწილეობს მხოლოდ ძვირადღირებულ ტენდერებში, პატარა ტენდერებში 5000-იანში და 10 000 -იანში არ შედის. შედის როცა ტენდერი 2 მნლ-ზე მეტია და საერთოდ არ ჰყავს კონკურენტი, თუ არ ჩავთვლით მისი შვილის კომპანიას (შპს „შარა“). საყურადღებოა ისიც, რომ ყველაზე მეტ ტენდერს ეს ადამიანი იგებს იმ ქალაქში, რომლის მაჟორიტარიცაა“,- აღნიშნა ბესიკ დონაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, დეპუტატობის პარალელურად (2017 წლის 22-დან 26 სექტემბრამდე ცვლილების შეტანამდე), მაკრახიძე შპს „ლამურის“ 23%-ის მესაკუთრე, შპს „რიკოთის“ 50%-იანი წილის მფლობელი და შპს „იმედის“ დირექტორი (25%-იანი წილით) იყო. ამჟამად ამ კომპანიებში გორის მაჟორიტარი აღარ ფიქსირდება, განსხვავებით შპს „იბოლია“-სგან, სადაც ის კვლავ 60%-იანი წილის მფლობელია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე „ქართულ ოცნებას“ მან 50 000 ლარი შესწირა, ამდენივე თანხა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილის სახელზე გადარიცხა, თუმცა უფრო მეტი თანხა ბოლო წლებში მაკრახიძის კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებიდან მიიღო.

მისი დეპუტატობის შემდეგ შპს „იბოლიას“ სახელი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, შესაძლო კორუფციული გარიგებების კონტექსტში. 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მაკრახიძე პარლამენტარი გახდა, სახელმწიფო ტენდერებში „იბოლიასთან“ ერთად, ხშირად იმარჯვებდნენ დეპუტატის ახლობლებისა და ოჯახის წევრების კომპანიებიც. ამის შესახებ კვლევა „ფაქტ-მეტრმაც“ მოამზადა.

ამ დროის მონაცემებით, დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანიას სულ 83 მლნ 293 ათას 140 ლარის 83 ტენდერი აქვს მოგებული. ხოლო 67 შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებთან ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულებამ 429 6448 ლარი შეადგინა.

შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიც მიუთითებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის 2017-2018 წლებს მოიცავს.

აუდიტის კვლევის მიხედვით, 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით, საგზაო სამუშაოების შესყიდვისთვის, 33 ხელშეკრულება გააფორმა ( სახელშეკრულებო ღირებულებამ ჯამში 18,785.2 ათას ლარი შეადგინა). 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში - შპს „საგზაო სამმართველო №1- მა (დეპუტატის ნათესავის კომპანია), 8 შემთხვევაში - შპს „იბოლიამ“ და 4 შემთხვევაში შპს „შარამ“ გაიმარჯვა. ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.

ხშირ შემთხვევაში შპს „იბოლია“ სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტო პრეტენდენტია, თუ არ ჩავთვლით შპს „შარას“, რომელიც მაკრახიძის ჯერ მეუღლეს, შემდეგ კი შვილის მფლობელობაში გადავიდა.

მიუხედავად არაერთი მითითებისა, კვლევის გამოქვეყნებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან ღიად გაკეთებული განცხადებისა, შპს „იბოლია“ ისევ აგრძელებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას, ისევ ძვირადღირებულ ტენდერებში და ისევ უკონკურენტოდ.

ამჟამად გორის მერიას ერთ-ერთი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლის სავარაუდო ღირებულება 876 490 ლარია. მაკრახიძის კომპანია გორის მერიას მომსახურებას 43 490‬ ლარით დაბალ ფასად (833 000 ლარად) სთავაზობს. ტენდერი უკვე შერჩევის პროცესშია და კომპანია „იბოლიას“ კონკურენტი არც ამ შემთხვევაში ჰყავს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი