რეზიუმე

რუსული პროპაგანდის გავრცელებით ცნობილმა „ნიუსფრონტმა“ პოლონეთს დააბრალა, რომ იტალიისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები არ გაატარა, რის გამოც მათ შავი ზღვის გავლით მოუწიათ ფრენა. „ნიუსფრონტის“ ყალბი ბრალდება რუსი სენატორის ალექსეი პუშკოვის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეფუძნებოდა. იგივე ყალბი ამბავი „სპუტნიკმაც“ გაავრცელა. თუმცა პოლონეთის ოფიციალური პირების განმარტებების შემდეგ, რომ რუსეთს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლა არც კი უთხოვია და აღნიშნული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენდა, სენატორმა პუშკოვმა Twitter-იდან თავისი განცხადება წაშალა, ხოლო „სპუტნიკმა“ სტატია შეცვალა. ასევე აღსანიშნავია, რომ იმავე დროს პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ მოსკოვი-რომის მარშრუტის ფრენები შეასრულა.

ანალიზი

„ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „პოლონეთის ნაგიჟარმა ხელისუფლებამ რუსული თვითმფრინავები იტალიისკენ არ გაატარა“. სტატიის მიხედვით, 23 მარტს „ევროკავშირის მიერ სანქციებდადებულმა რუსეთმა, ევროკავშირის წევრის, იტალიის [კორონავირუსთან ბრძოლაში] დასახმარებლად, 9 სამხედრო თვითმფრინავი, სავსე სამედიცინო დანიშნულების ტვირთითა და 100 სამხედრო ექიმით, გააგზავნა“. „ნიუსფრონტის“ განცხადებით, პოლონეთის „არაადეკვატურმა“ ხელისუფლებამ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში ფრენის უფლება არ მისცა, რის გამოც რუსეთს შავი ზღვის, თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოუწია იტალიაში ჩაფრენა.

„ნიუსფრონტის“ თანახმად, ევროკავშირმა ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „იტალიისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენაზე“ იყო გადართული და პოლონეთის ხელისუფლების „ვერაგობის“ გასაკრიტიკებლად ვერ მოიცალა. „ნიუსფრონტი“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, ალექსეი პუშკოვის, Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეყრდნობა, სადაც მან დაწერა, რომ „დახმარება მიდიოდა პოლონეთის მოკავშირისთვის ევროკავშირსა და ნატოში. ამიერიდან რუსეთმა პოლონეთს არაფერი არ უნდა დაუთმოს, აბსოლუტურად არაფერი“.

აღნიშნული ინფორმაციის არანაირი რეალური მტკიცებულება არ არსებობს. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ - „სპუტნიკმა“ ასევე რუს სენატორ ალექსეი პუშკოვის Twitter-ის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა. ყალბი ამბავი ბოსნიის და მონტენეგროს მედიაშიც გავრცელდა. „სპუტნიკის“ სტატიას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი Twitter-ზე გამოეხმაურა:

„ყურადღება - ყალბი ამბავი!

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაზრდილი დაძაბულობა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობის შესარყევად გამოიყენება.

იტალიისკენ მიმავალი არც ერთი თვითმფრინავი არ დაბლოკილა. პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაზიდვებისთვის ღია რჩება. ფრთხილად იყავით“.

აღნიშნულს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, რომელმაც ინფორმაციას ასევე ყალბი ამბავი უწოდა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსი სენატორის გავრცელებულ ინფორმაციაზე შემდეგი განმარტება გააკეთა: „რუსულ მხარეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლის არანაირი მოთხოვნა არ წარმოუდგენია. ფრენის მარშრუტი დაგეგმილი იყო რუსეთის, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაში“. პოლონეთის საგარეო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების სააგენტოს (PANSA), რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოძრაობას აკონტროლებს, წარმომადგენელმა ასევე უპასუხა ბრალდებას და განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული წარმოშობის თვითმფრინავისთვის დაკეტილი იყო; პოლონეთის საჰაერო სივრცე გახსნილია, ხოლო ავიამიმოსვლა შეუზღუდავი.

რუსეთის თვითმფრინავის ფრენის მარშრუტი

რუსი სენატორის ბრალდების სიყალბეს მოწმობს ის ფაქტიც, რომ როგორც წინა, ისე იმავე და მომდევნო დღეებში რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ფრენები მოსკოვი-რომი პოლონეთის გავლით განხორციელდა.

პოლონეთის წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ სენატორმა პუშკოვმა Twitter-ზე განცხადება წაშალა. ხოლო „სპუტნიკმა“ სტატია განაახლა და შეცვალა, მათ შორის სათაურიც. თუმცა „სპუტნიკის“ ახალი ამბის ბმულში კვლავ შეგვიძლია ვიხილოთ მისი თავდაპირველი სათაური, რომელზე დაყრდნობითაც ყალბი ამბავი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გავრცელდა.

„სპუტნიკის“ სტატიის თავდაპირველი ვერსიის სურათი (ე.წ. screenshot). წყარო: Polygraph

„სპუტნიკის“ სტატიას ახლანდელი ვერსია. მის სათაურში ვკითხულობთ: „Poland Says Its Airspace Open for Russian Planes Carrying Aid to Italy” („პოლონეთი ამბობს, რომ მისი საჰაერო სივრცე იტალიაში დახმარების ჩამტანი რუსული თვითმფრინავებისთვის ღიაა“), ხოლო სტატიის ბმულია: https://sputniknews.com/world/202003231078687190-russian-planes-carrying-aid-to-italy-blocked-from-using-poland-airspace---russian-lawmaker/ (Russian planes carrying aid to Italy blocked from using Poland airspace – Russian lawmaker - რუსული თვითმფრინავები, რომლებსაც იტალიაში დახმარება მიჰქონდათ, პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მიეცათ - რუსი კანონმდებელი).

სენატორ ალექსეი პუშკოვის Twitter-ის განცხადების სურათი (ე.წ. screenshot). აღნიშნული განცხადება მისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება.

ამის მიუხედავად, „ნიუსფრონტს“ მისი სტატია არ შეუცვლია და არც წაუშლია. შედეგად პოლონეთის მადისკრეტირებელი დეზინფორმაცია და ყალბი ამბავი გაავრცელა. „ნიუსფრონტის“ ვებ-გვერდის მიხედვით აღნიშნული სტატია Facebook-ზე 2.2 ათასჯერ გაზიარდა. პროგრამა Crowdtangle-ის მიხედვით, რომელიც მხოლოდ Facebook-ში საჯაროდ და საჯარო ჯგუფებში დადებულ Facebook-პოსტების მონაცემებს ითვლის, „ნიუსფრონტის“ სტატიას 1233 რეაქცია, 750 კომენტარი და 233 გაზიარება აქვს. მაგალითად, ის შემდეგ ჯგუფებში გააზიარეს: „МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა“, „კახა კალაძე თბილისის მერი“ და ასევე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ Facebook-გვერდზე.

გარდა ამისა, რუსეთის იტალიაში გაგზავნილი დახმარების რეალურობასა და რუსეთის მიერ დახმარების გაგზავნის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

წყაროს შესახებ

ნიუსფრონტი

ნიუსფრონტის ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front- 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან (ეფ-ეს-ბე) ფინანსდება. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტირუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოსროსკომნადზორისბრძანებით არის დაარსებული. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, სპუტნიკი და RIA Novosti.

ნიუსფრონტის საქართველოს ოფისსაც არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია მათ შორის, კორონავირუსის შესახებ. მისი Facebook-გვერდის ადმინისტრატორი იყო - კონსტანტინე ჩიკვილაძე, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - საქართველო და მსოფლიო Facebook-გვერდსაც მართავდა. ნიუსფრონტისქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძეევრაზიის ინსტიტუტისერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მისი ინტერვიუების მიხედვით, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან იდეალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, საქართველოს NATO-ში შესვლა ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას გამოიწვევს. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანიაკავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისადასახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისწევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა დაევრაზიის ინსტიტუტისპროექტების მენეჯერი გახდა. მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტის დროს ბრიფინგებსა და ინტერვიუებში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობას სააკაშვილის მხრიდან“.

30 აპრილს Facebook-მანიუსფრონტისსაერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტისქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით „ნიუსპრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა.თუმცა „ნიუსფრონტი“ Facebook-ში აქტიურობას კვლავ განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „როგორ განაგრძობს საქმიანობას „ნიუსფრონტი“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი