21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, პარლამენტის ბიუროს 21 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომები საჭიროებისამებრ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაიმართებოდა. პანდემიისა და საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვენ. 4 მაისს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის ხელმძღვანელობას პარლამენტის დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა, ხოლო მთავრობას პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტისა და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოსთხოვა. „დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, როდესაც პარლამენტში უნდა განიხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა - პარლამენტი, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული“, - განაცხადა მან.

პარლამენტის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ხედავს. მისი განცხადებით, „კონსტიტუციაში არ წერია, რომ ერთი დეკრეტი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა პირველ დღეს, მერე სახლში წავიდეს და ყველაფერი დანარჩენი მთავრობამ გადაწყვიტოს“.

ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ პანდემიის დროს პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქტიურად იყო წარმოდგენილი, როგორც საკოორდინაციო საბჭოს, ასევე, ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში.

პარლამენტის მუშაობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს გამოსცემს, რომლებიც შესაბამისად, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, მოქმედებს. დეკრეტი ძალაში გამოცემის მომენტიდან შედის და ის პარლამენტს დაუყოვნებლივ წარედგინება. პარლამენტი დეკრეტს შეკრებისთანავე ამტკიცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იურიდიულ ძალას[1] კენჭისყრისთანავე კარგავს. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი საგანგებო სესიაზე დაუყოვნებლივ იკრიბება. საგანგებო სესიის ფარგლებში, საკითხებს კენჭი წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე ეყრება. კერძოდ: პლენარულ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილება: საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების დამტკიცების, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავდაცვის ძალების გამოყენების, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხები.

საგანგებო სესია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე გრძელდება, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით.[2] როგორც მოცემული ჩანაწერიდან ირკვევა, საგანგებო სესიის დროს კონკრეტული გეგმის შემუშავების ვალდებულება პარლამენტის ბიუროს აქვს, თუმცა, არსებულ ვითარებაში ბიუროს მიერ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილება საგანგებო სესიის დროს მუშაობასთან დაკავშირებით კონკრეტულს არაფერს ამბობს. კერძოდ, ბიუროს 21 მარტის გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომები საჭიროებისამებრ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უნდა გაიმართოს.

იმის ფონზე, რომ კანონმდებლობა არაფერს ამბობს, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს კონკრეტულად თუ როგორ რეჟიმში და რა ფორმით უნდა იმუშაოს. აუცილებელია, ბიუროს მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმის შემუშავება და მის მიხედვით მუშაობა.

ვინაიდან 21 მარტიდან საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებების შეზღუდვის ბერკეტი მთავრობის ხელში გადავიდა. ასეთ ვითარებაში, (თუ პარლამენტის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირება გარკვეულ რისკებს არ შეიცავს და საფრთხეს არ უქმნის დეპუტატებს) პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ფუნქციის, მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის ჯეროვნად განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა და ამას არც კანონმდებლობა კრძალავს. მეტიც, იმისათვის რომ არ მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება, მთავრობის მიერ გატარებული თითოეული უფლებაშემზღუდავი ზომის სათანადო ზედამხედველობა აუცილებელია. 21 მარტის შემდეგ, პარლამენტში პლენარული სხდომა ორჯერ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის სხვა წევრები საჭიროებისამებრ იღებენ. თუმცა საეჭვოა, რამდენად უზრუნველყოფს ეს შემადგენლობა პარლამენტის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციური ძალების სათანადო ჩართულობას საბჭოს საქმიანობაში მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, პანდემიის დროს პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას, საგანგებო სიტუაციის პირობებში პარლამენტმა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ასევე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა (იხ. დეტალურად „ფაქტ-მეტრის" სტატია). საგანგებო მდგომარეობაში პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება შეუძლია, თუ ეს საგანგებო სიტუაციის პირობებში განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული“. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ ამოქმედებულა (მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული წესები), გაუგებარია, რა „განსაკუთრებული აუცილებლობით“ იყო გამოწვეული ცვლილებების კანონპროექტის დახურულად და დაჩქარებული წესით მიღება.

-----------------------------------------------------------------------------

[1] საქართველოს კონსტიტუცია, 71(3)

[2] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 83(1)

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი