საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 23 მარტს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის მიხედვით, 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს.

საქართველოში აღნიშნული პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია. მოცემული პროგრამით მთავრობა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციის იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დოლარის შემთხვევაში კურსი 3 ლარზე დაფიქსირდება ( 1აშშ დოლარი - 3 ლარი), ევროს შემთხვევაში კი - 3.3 ლარზე (1 ევრო - 3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარის და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს, თუ, ვთქვათ იმპორტირებული პროდუქტის ფასი 3. 50 ლარი იქნება, ფასთა შორის სხვაობას (დოლარის შემთხვევაში 0.50 ლარს და ევროს შემთხვევაში 0. 20 ლარს) სახელმწიფო გადაიხდის.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, 10 აპრილისთვის, მთავრობას, ცხრა ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შესანარჩუნებლად, 20-მდე იმპორტიორ კომპანიასთან სუბსიდირების ხელშეკრულება უკვე გაფორმებული ჰქონდა. მისივე განცხადებით, თუ საუბნო მაღაზიები ფასებს „სპეკულაციურად“ გაზრდიან, სახელმწიფოს ამ ბიზნესოპერატორების დაჯარიმებაც შეეძლება.

ჩვენ დავინტერესდით, მიმდინარე წლის განმავლობაში დასახელებული პროდუქტების ფასები როგორ იცვლებოდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ჯგუფში ფასების 3.0 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 1.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1 პროცენტი) თევზეული (6.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ამასთან, რძის, ყველის და კვერცხის (- 0.3 პროცენტი), ზეთის და ცხიმის (-0.9 პროცენტი) ფასები შემცირდა.

ფასების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში - 3.0 პროცენტი, რაც ინფლაციის მთლიანი თვის ინდექსზე - 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზეც (-3.8 პროცენტი) შემცირდა. ჩვენთვის საინტერესო ცხრა სასურსათო პროდუქტის ფასების ცვლილება მიმდინარე წლის განმავლობაში, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი1: ცხრა პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წინა თვე= 100)

პროდუქტ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

აპრილის თვის ინფლაცია

ბრინჯი

97.47

100.74

101.78

104.14

2.36

წიწიბურა

95.81

104.41

101.21

106.96

5.75

მაკარონი

99.57

98.89

103.85

105.73

1.88

ხორბლის ფქვილი

101.06

102.53

101.86

104.83

2.97

ზეთი

100.83

100.23

101.86

100.61

-1.25

რძის ფხვნილი

100.68

100.21

99.72

101.62

1.9

შაქარი

97.06

100.6

108.15

110.5

2.35

ლობიო

100.1

104.95

100.41

104.06

3.65

ხორბლის პური

100.28

100.08

102.05

99.94

-2.11

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მონაცემებიდან ჩანს, აპრილის თვეში, მთავრობის მიერ დაანონსებულ 9 სასურსათო პროდუქტიდან 7-ზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა (ზეთის და ხორბლის პურის გარდა). ასევე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის ფქვილზე ფასი გაიზარდა, ხორბლის პურის ფასი აპრილის თვეში, შემცირებულია. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია. მთავრობისვე ინფორმაციით, 10 აპრილისთვის 20 ინვესტორთან პროდუქტების სუბსიდირების ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო. აღნიშნულის მიუხედავად, პროგრამის მთავარი დანიშნულება - ფასების უცვლელ ნიშნულზე შენარჩუნება, ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ისედაც მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში, მართებული იქნება, სუბსიდირების პროგრამები მეტი სიფრთხილით შეირჩეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კონტრიბუცია საბოლოოდ ბიუჯეტის არაეფექტური და არამიზნობრივი ხარჯი არ აღმოჩნდეს.

მოგვიანებით, დასახელებულ პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: „არასოდეს არ იყო საუბარი, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით, ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. აქ გვქონდა ორი მიზანი, რომ შეგვექმნა ამით დამატებითი მოტივაცია მარაგების შემოსვლისთვის და მეორე მხრივ, ფასების ზრდა არ მომხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფასის დაფიქსირება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ამას ფიზიკურად მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებელი ეფექტი, რამაც შეღავათი მოგვცა“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი