რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2018 წლის მონაცემით, ბუნებრივი აირით საქართველოში შინამეურნეობების 77%-ია უზრუნველყოფილი, რაც 1 239 022 აბონენტს შეადგენს. 2014 წლიდან დაბალ წნევაზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ასევე, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადის 16 თვეზე გადანაწილებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირი მოსახლეობის არა ნახევარს, არამედ 77% აქვს. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიუხედავად, კვლევის მიხედვით და 2017 წლის მონაცემით, მოსახლეობის 44,5% გასათბობად ბუნებრივ გაზს იყენებს, 45,8% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, ხოლო 6,4% კი - ელექტროენერგიას. სოფლად მყოფი მოსახლეობის 78.3% გასათბობად შეშას მოიხმარს, მხოლოდ 15.1% მოიხმარს გაზს და 1.8% კი - ელექტროენერგიას.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოში გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს გაზი და შეშით თბება“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2018 წლის მონაცემით,ბუნებრივი აირით მთლიანად საქართველოში შინამეურნეობების 77%-ია უზრუნველყოფილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტთა ჯამური რაოდენობა 1 239 022 შეადგენს, მათ შორის: საყოფაცხოვრებო აბონენტები - 1 196 926 და არასაყოფაცხოვრებო აბონენტები - 42 096. 2013-2019 წლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება დაახლოებით 283 801 პოტენციურ აბონენტს მიეცა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის განკარგულებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა დამტკიცდა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2019-2021 წლებში, 223 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ბუნებრივ აირს 58 894 აბონენტი მიიღებს. საანგარიშო წლებში დაგეგმილი გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2020 წელს, გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება 157 დასახლებულ პუნქტშია დაგეგმილი, რის შედეგადაც, დაახლოებით, 31 801 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება ექნება. 2020 წელს გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება, რომელიც 2020 წლის სახსრებით უნდა დაფინანსდეს, დაახლოებით 79 მილიონი ლარია.

2019-2020 სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის, გაზმომარაგებაზე წვდომა 1.3 მლნ აბონენტს ექნება. ოფიციალური მონაცემით, 2018 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა უკვე აქვს თითქმის 1.2 მილიონ საყოფაცხოვრებო აბონენტს.

ცხრილი1: ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების რაოდენობა (%)

წელი

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა(%)

48.7

51.2

56.7

60.7

66.0

72.0

75.7

77.0

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლის მონაცემით, გაზიფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მოსახლეობის 96%) თბილისის შემდეგ ქვემო ქართლში ფიქსირდება (მოსახლეობის 85.2%), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 40.9% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის 54.3%-ია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სირთულეს წარმოადგენდა აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რადგან პოტენციურ აბონენტთა დიდი ნაწილი დაწესებულ საფასურს ვერ იხდიდა. 2014 წლიდან, დაბალ წნევაზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ასევე, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადასახადის 16 თვეზე გადანაწილებაა შესაძლებელი.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წელს შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა (მსგავსი შინაარსის კვლევა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჩატარებულა. როგორც საქსტატში განგვიმარტეს, კვლევა ხუთ წელიწადში ერთხელ ჩატარდება).

კვლევის მიხედვით, საქართველოში ძირითადად საცხოვრისების გათბობის ორი სისტემა არსებობს: გათბობის ინდივიდუალური ცენტრალური სისტემა, რომლისთვისაც ბუნებრივი გაზი გამოიყენება და გათბობის ინდივიდუალური საშუალებები, რომლისთვისაც როგორც ბუნებრივი გაზი, ისე ელექტროენერგია, შეშა, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, მყარი ან თხევადი საწვავი გამოიყენება. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბუნებრივ გაზზე მომუშავე გათბობის ინდივიდუალურ ცენტრალურ სისტემას შინამეურნეობების 10,5% იყენებს. აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია საქალაქო დასახლებაში (17,1%), ხოლო სასოფლო დასახლებაში ის 1,6%-ის ფარგლებშია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საცხოვრისების უდიდეს ნაწილში (88,3%) გათბობისთვის გათბობის ინდივიდუალური საშუალებები (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, შეშა და სხვა) გამოიყენება, ხოლო საცხოვრისების 1,2% გათბობის გარეშეა.

გრაფიკი1:

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გათბობის ინდივიდუალურ საშუალებებში მოხმარებული ენერგორესურსებიდან შინამეურნეობების 44,5% ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, ხოლო 6,4% - ელექტროენერგიას იყენებს. სოფლად არსებული შინამეურნეობების 78.3% გასათბობად შეშას მოიხმარს, მხოლოდ 15.1% - გაზს და 1.8% კი - ელექტროენერგიას.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების 65,1% ცხელი წყლის გასათბობად, ცხელი წყლის მიწოდების ინდივიდუალური სისტემას იყენებს, როგორიცაა წყალგამაცხელებელი ქვაბი და ა.შ. 34,6% ცხელი წყლის მიწოდების სხვა საშუალებებით (გაზქურა, ელექტროღუმელი, შეშის, ქვანახშირის ღუმელი, ელექტრო-ჩაიდანი, მზე) სარგებლობს, ხოლო საცხოვრისების 0,3%-ს გეოთერმული წყალი მიეწოდება.

გამოკვლევის მონაცემებით, ქურებში საჭმლის მომზადებისათვის შინამეურნეობების ნახევარზე მეტი (52,8%) ბუნებრივ გაზს (ქალაქად - 77,8%, ხოლო სოფლად - 27,8%) იყენებს, 24,6% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, 16,7% - თხევად გაზს იყენებს, ხოლო შინამეურნეობების 5,7% კი - ელექტროენერგიას.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (01.05.2016 – 01.05.2017) შინამეურნეობების საჭიროებისთვის მოხმარებულია 797,8 მლნ. მ3 ბუნებრივი გაზი, 2 376,9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია და 2099,9 ათასი მ3 შეშა. ცალკეული ენერგორესურსის მოხმარების მაჩვენებელი ქალაქის და სოფლის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი საქალაქო დასახლებაში შედარებით მაღალია, ხოლო მოხმარებული შეშის 82,0% სოფლის ტიპის დასახლებაზე მოდის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი