26 აპრილს საღამოს საქართველოს ცაზე ათობით მანათობელი ობიექტი გამოჩნდა. ეს ობიექტები მილიარდერი ილონ მასკის კომპანია Space X-ის თანამგზავრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ცაზე გამოჩნდა. 2020 წლის 22 აპრილს SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე დამატებით 60 Starlink-ის თანამგზავრი გაუშვა და შედეგად, ორბიტაზე მათი საერთო რაოდენობა 422-მდე გაიზარდა. თანამგზავრების გაშვება კვლავ იგეგმება და პროექტის დასრულებისას მათი რიცხვი 12 ათასს მიაღწევს. Space X-ის პროექტის მიხედვით, აღნიშნული თანამგზავრები გლობალურ ინტერნეტის ქსელს შექმნის, რომელიც დედამიწის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

საქართველოში თანამგზავრების გამოჩენა კორონავირუსისა და 5G-ს შესახებ კონსპირაციული თეორიების (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „დეზინფორმაცია 5G-ის კორონავირუსთან კავშირის შესახებ“) გამავრცელებლებმა ახალი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციის შექმნისთვის გამოიყენეს. მოქალაქე კობა კუპრაშვილი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი აუდიტორია ჰყავს, ამტკიცებს, რომ კორონავირუსი მოსახლეობის ყურადღების გადატანის საშუალებაა და „სანამ ჩვენ „კორონას“ სიკვდილიანობა-უვნებლობაზე ვმსჯელობდით, ილონმა ისეთი 5G-ს ჯაჭვი შემოავლო ჩვენს დედამიწას, ვერც ვერავინ ვერ დაემალება და ვერც ვერსად ვერ გაექცევა“. ის ამავე მიზანს უკავშირებს ციმბირის, ამაზონის ჯუნგლებისა და ავსტრალიის ტყეების „გადაწვას“. მის Facebook-პოსტს სტატიაზე მუშაობის პერიოდში, 812 რეაქცია, 753 კომენტარი და 997 გაზიარება ჰქონდა. მისი პოსტი ასევე Facebook-ჯგუფ STOP 5G GEORGIA!!!-ში გავრცელდა, რომელშიც დაახლოებით 17 ათასი მომხმარებელია და რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორი თავად კუპრაშვილიცაა. ჯგუფში გამოქვეყნებულ იდენტურ პოსტს 679 რეაქცია, 583 კომენტარი და 495 გაზიარება აქვს. კუპრაშვილმა Starlink-ის სატელიტების ორბიტაზე გაშვება „დედამიწის ირგვლივ გველის რკალის შეკვრად“ შეაფასა.


კორონავირუსის შესახებ კონსპირაციებს ლალი მოროშკინაც ავრცელებს. თუ კი წინა შემთხვევებში ის კორონავირუსის გავრცელებასა და მისი გამოვლენის სიძლიერეს 5G-ის ანტენების ინსტალირებას უკავშირებდა, ამჯერად, მოროშკინამ კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიას სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად მოწყობილი მედიაპროექტი უწოდა. პანდემიის გამოგონების საჭიროებას ის შემდეგნაირად ხსნის: „ცხადია ვერც ილონ მასკი და ვერც ბილ გეითსი ვერ შეაჩერებდნენ ფრენებს, ახალი სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად, რადგან ნავიგაციური სისტემები ხელს უშლის ცაში სატელიტური ბადეების განთავსებას, რაც გუშინ თვალნათლივ ვიხილეთ“. მისი აზრით, კაცობრიობა გაბითურებულია და ერთი წლის შემდეგ სატელიტების ჯანმრთელობაზე, ლეიკემიისა და სიმსივნეების გამოვლენილ შედეგებზე მსჯელობას შევძლებთ. მის Facebook-პოსტს 306 რეაქცია, 78 კომენტარი და 128 გაზიარება აქვს.

STOP 5G GEORGIA-ში დეზინფორმაცია რუსულ წყაროზე დაყრდნობითაც ვრცელდება. ის ამტკიცებს, რომ პანდემია არ არსებობს, ის Starlink-ის თანამგზავრის გასაშვებად „შემოაგდეს“ და Starlink-ისა და 5G-ის შემდეგ სიცოცხლეს გამოვემშვიდობებით. აღნიშნულ Facebook-პოსტს 221 რეაქცია, 47 კომენტარი და 200 გაზიარება აქვს.

რეალურად, Starlink-ის პროექტი 2015 წელს დაანონსდა. პირველი თანამგზავრები ჯერ კიდევ 2018 წლის 22 თებერვალს გაუშვეს და 2020 წლის 22 აპრილამდე მათმა რაოდენობამ 362-ს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია იმის მტკიცება, თითქოს პანდემიის გამოგონებით ხალხი სახლში „გამოკეტეს“, რათა თანამგზავრების გაშვება შესაძლებელი ყოფილიყო.

ასევე, არასწორია Starlink-ის თანამგზავრების 5G ინტერნეტთან დაკავშირება. 5G-ის სიგნალი საკმაოდ მცირე მანძილზე გადაეცემა, ამიტომ მისი მრავალი ანტენის ერთმანეთთან განლაგებაა საჭირო. 5G ეფექტიანი იქნება მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მაგრამ არა - სასოფლო ტიპის დასახლებებში. მსგავსი ადგილების ინტერნეტიზაციისთვის Starlink-ი უფრო შესაფერისია. Starlink-ი არც Wi-Fi და არც 5G ტექნოლოგია არ არის. Starlink-ის ინტერნეტის მისაღებად სპეციალური მიმღებები იქნება საჭირო.

Starlink-ის სატელიტების მოსალოდნელ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირება და მტკიცება, რომ Starlink-ი და 5G სიცოცხლეს გამოგვასალმებს, დეზინფორმაციაა. აღნიშნული შეთქმულების თეორია არანაირ მეცნიერულ დასაბუთებას არ ეფუძნება და მეტიც - ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. 5G, რომელიც 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „დეზინფორმაცია 5G-ის კორონავირუსთან კავშირის შესახებ).

რაც შეეხება Starlink-ს, კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) ავტორიზაციის მიხედვით, Starlink-ი 10.7 გიგაჰერციდან 30 გიგაჰერცამდე შუალედში სიხშირეებს გამოიყენებს[1]. როგორც ვხედავთ, Starlink-ის სიხშირეები 5G-ის სიხშირეებთან შედარებითაც ნაკლებია. Starlink-ი ახალ სიხშირეებს არ იყენებს და, აქედან გამომდინარე, მას დღეს უკვე მოქმედი მოწყობილობებისგან განსხვავებული ეფექტი ვერ ექნება. 10-დან 30 გიგაჰერცამდე სიხშირეები რადიოტალღებს წარმოადგენენ, რომლებსაც სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. აღნიშნული რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ. 10-დან 30 გიგაჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტონ. შესაბამისად, Starlink-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ. Starlink-ის თანამგზავრები და მათი რადიოსიხშირეები ამ მხრივ უსაფრთხოა.



[1] კონკრეტულად - 10.7-11.7GHz, 11.7-12.2GHz, 12.2-12.7GHz, 12.75-13.25GHz, 13.85-14.5GHz, 17.8-18.6GHz, 18.8-19.3GHz, 19.7-20.2GHz, 27.5-28.6GHz, 29.5-30GHz.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი