20 აპრილს ახალი კორონავირუსისა და ზოგადად, ნავთობის ბაზარზე ე.წ „ფასების ომის“ შედეგად გამოწვეული მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო, ამერიკული მარკის ნავთობი (WTI - West Texas Intermediate), მკვეთრი გაუფასურების შემდეგ უარყოფით ფასად იყიდებოდა. კერძოდ, აღნიშნული მარკის ფასი 11 დოლარიდან - 38 დოლარამდე შემცირდა. ამ ფაქტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი და უჩვეულო გაუფასურების მიზეზი ტექნიკური იყო და მარტივი ახსნა მოეძებნება. კერძოდ, საქმე გვაქვს ფიუჩერსების (futures) ბაზართან. ფიუჩერსი წარმოადგენს ვადიან საბირჟო კონტრაქტს, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე - გაყიდოს აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, წინასწარ განსაზღვრული ფასით. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური, განსაკუთრებით კი, სატრანსპორტო პარალიზების გამო, მიმდინარე მოთხოვნა ნავთობზე მკვეთრად შემცირებულია და შესაბამისად, ეკონომიკურ სუბიექტებს მაისის თვეში ნავთობის ფლობა არ სურთ. ამავდროულად, სასაწყობო მოცულობები[1] (განთავსების ადგილები) იწურება, რაც ნავთობის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს: წარმოების შეჩერება და შემდგომში განახლება ტექნიკურად საკმაოდ რთული და ძვირი პროცედურაა. ამ პირობებში, მიმწოდებლების მხრიდან სასაწყობე სივრცის შენარჩუნების მიზნით, საქონლის მიწოდების სანაცვლოდ ფულის შეთავაზება, უფრო რენტაბელური გახდა, რამაც ფიუჩერსების ბაზარზე საკმაოდ იშვიათი, უარყოფითი ფასის ფენომენი შექმნა. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს მოლოდინები, რომ მოთხოვნა ეკონომიკური აქტივობის შემდგომი ზრდის შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება, რაც მაისის შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ნავთობზე მოთხოვნის არსებობას განაპირობებს. 20 აპრილის მონაცემებით, ივნისის კონტრაქტები დაახლოებით 21 დოლარად იყო შეფასებული. კრიზისის განსამუხტად, პრეზიდენტი ტრამპი სახელმწიფო სტრატეგიული რეზერვების 75 მლნ ბარელით შევსებისა და საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. 27 აპრილის მონაცემებით, WTI მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 17 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო BRENT [2]-ის ფასი 21.44 აშშ დოლარს.

არსებული მონაცემებით, საერთაშორისო დღიური მიწოდება მოთხოვნას 20 მლნ ბარელით აღემატება, რაც რუსეთსა და ოპეკს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პრობლემას წარმოადგენს. შეთანხმების მიხედვითაც დღიური ნავთობმოპოვება 10 მლნ ბარელით შემცირდება. აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის ინდუსტრიისთვის, რომელიც, როგორც ცნობილია, წარმოების შედარებით მაღალი დანახარჯებით გამოირჩევა (მაგალითისთვის, ნავთობის წარმოება და ტრანსპორტირება რუსეთთან და საუდის არაბეთთან შედარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაახლოებით 1.7-ჯერ მეტი უჯდება). აქედან გამომდინარე, რიგი ამერიკული ნავთობკომპანიების გაკოტრება და დარგში შემოსავლების მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ბუნებრივია, სახარბიელო მდგომარეობაში არც რუსეთი და ოპეკის წევრი ქვეყნები იმყოფებიან, რომელთა ეკონომიკაც ნავთობის ფასებზე განსაკუთრებით არის დამოკიდებული.

საქართველოში, ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მოვლენების ზეგავლენა რუსეთზე - დიდწილად პოლიტიკურ ჭრილში და საქართველოზე - ეკონომიკური თვალსაზრისით. ურალის ტიპის (რუსული) ნავთობზე ფასი მარტის თვის დასაწყისთან შედარებით 2.4-ჯერ, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ არის შემცირებული და ბარელზე დაახლოებით 20.50 დოლარს შეადგენს, რაც ბუნებრივია, რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად რუსეთს ნავთობის ფასების დაახლოებით 40 დოლარი/ბარელზე ნიშნული ესაჭიროება, თუმცა, ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის მოვლენების კატასტროფული სცენარით განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია, საერთაშორისო გაცვლითი რეზერვების მნიშვნელოვანი მარაგის გათვალისწინებით (564 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი). ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან ერთად კი გაიზრდება ნავთობზე მოთხოვნა, რაც შესაბამისად, მისი ფასის ზრდასაც გამოიწვევს და მოკლევადიანი პრობლემები აღმოიფხვრება.

არსებითი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, რუსეთი მრავალი პარამეტრით, საქართველოსთვის და საქართველოს მსხვილი პარტნიორი ქვეყნებისთვის ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია აზერბაიჯანიც. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ნავთობის იმპორტის გაიაფებით მიღებულ ბენეფიტებს, პარტნიორ ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია ჩრდილავს. ამავდროულად, საინტერესოა, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრ ვარდნას საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების კლება რამდენად მოჰყვა. ცხრილში, 2020 წლის განმავლობაში, ნავთობკომპანია გალფის ფასების დინამიკაა ასახული.

ცხრილი 1: [3]საწვავის ფასების ცვლილება 2020 წლის განმავლობაში

წყარო: ავტოგასამართი სადგური გალფი

ცხრილში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვართან შედარებით, საწვავის ფასები დაახლოებით 13-18%-ის ფარგლებშია შემცირებული, როდესაც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასები დაახლოებით 70%-ით გაიაფდა, რაც საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

რატომ არ შემცირდა საქართველოში ნავთობზე ფასები საერთაშორისო ბაზრის პროპორციულად, ნაწილობრივ ობიექტური ფაქტორებით შეიძლება აიხსნას, ნაწილობრივ კი, ფარული ფაქტორები არსებობს, რომელთა იდენტიფიცირება სიღრმისეული კვლევის გარეშე ვერ მოხერხდება. ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია რომ საქართველოში, ბენზინის ფასზე გავლენა ლარის კურსს აქვს. წლის დასაწყისთან შედარებით, ლარი, აშშ დოლართან მიმართებით, 11%-ით გაუფასურდა, რაც ნაწილობრივ ხსნის განსხვავებას ფასების შემცირების დონეში. გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივ ფასებზე გავლენა აქვს გადასახადებს, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, კომპანიებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს, მოთხოვნა-მიწოდების ადგილობრივ კონიუნქტურას და ა.შ. მოცემული ფაქტორების ცვლილების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი, საქონლის სარეალიზაციო ფასი მისი წარმოების, გადამუშავების და მომხმარებლისადმი მიტანის დანახარჯის პროპორციული იყოს და მას ასევე საბაზრო ძალები, მოთხოვნა, მიწოდება და კონკურენციის დონე განსაზღვრავს. როგორც წესი, ბაზარზე ფასების შემცირების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არსებული კონკურენციის დონეა. ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, მოცემული სტატიის ფარგლებში, შეუძლებელია შეფასდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარსულში, კონკურენციის სააგენტოს, ავტოგასამართ სადგურების მიმართ კონკურენციის შეზღუდვის არსებობის თვალსაზრისით[1], მნიშვნელოვანი პრეტენზიები გააჩნდა.


[1] ნავთობის დასაწყობება ოკლაჰომას შტატში, ქალაქ კუშინგის შემნახველ ტერმინალზე, ხორციელდება, სადაც მიმდინარე კრიზისის ფონზე, სასაწყობო სივრცეები იწურება.

[2] BRENT სახის ნედლი ნავთობი მოიპოვება ჩრდილოეთის ზღვაში, მისი ფასები გამოიყენება საორიენტაციო ინდიკატორად.

[3] აგს Gulf Georgia საწვავის ფასების სრულყოფილ სტატისტიკას აქვეყნებს, საწვავის ფასების დინამიკა მსგავსია ყველა ნავთობკომპანიის შემთხვევაში.

[4] კონკურენციის სააგენტომ საკუთარ ანგარიშში კონკურენციის პირობები დარღვეულად მიიჩნია და კომპანიები რამდენიმე ათეული მილიონი ლარით დააჯარიმა, თუმცა შემდგომში სასამართლო პროცესებზე საკუთარი პოზიციის სრულყოფილად დაცვა ვერ შეძლო. შედეგად, სანქციები მნიშვნელოვნად შემცირდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი