საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბათუმში კი პაციენტის ანალიზზე ლუგარის ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი 15 მარტს მიიღეს. ეს იყო აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში COVID-19-ით დაავადებული რვა პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აქედან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 1 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირების შემთხვევა ათი წლის ბავშვს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმის საკარანტინე სივრცეში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. რადგან ოჯახი თბილისში მცხოვრებია, პაციენტმა თბილისში გადაყვანა მოითხოვა. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ბებიასაც დაუდასტურდეს.

კორონავირუსთან ბრძოლის სისტემაში ბათუმის ორი კლინიკაა ჩართული. ინფიცირებულებს მკურნალობა კლინიკა „მედალფაში“ უტარდებათ, ხოლო ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ცხელების ზონად არის გამოცხადებული, სადაც საეჭვო სიმპტომების პაციენტებს განათავსებენ და კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, „მედალფაში“ გადაიყვანენ.

რეგიონში სულ 20-ზე მეტი საკარანტინე სივრცეა, სადაც 2000-ზე მეტი მოქალაქეა განთავსებული, ხოლო 200-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. თუმცა საკარანტინე სივრცეში მყოფს შეუძლია სპეციალური განაცხადის შევსება, რომ სურს თვითიზოლაციაში გადასვლა. აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, ეპიდემიოლოგები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბოლო მონაცემებით, აჭარაში საკარანტინე სივრცეები 300-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბათუმის კლინიკაში, 2 აპრილის მდგომარეობით, ერთი, სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტის საბოლოო პასუხს ელოდებიან.როგორ უმკლავდება აჭარის ა/რ ჯანდაცვის სისტემა ახალ გამოწვევას, რამდენი პაციენტის მართვა შეუძლია ერთდროულად და როგორია მედპერსონალის უსაფრთხოების დაცვის ხარისხი - „ფაქტ-მეტრის“ ამ და სხვა კითხვებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე პასუხობს.

- ბატონო ზაალ, როგორ კონტროლდება აჭარაში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა და რა პრევენციულ ზომებს იღებთ, რომ ინფიცირების შემთხვევა არ გამოგეპაროთ?

- საკარანტინე და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები ჩართული არიან ერთიანი მონიტორინგის ქსელში და დღეში ორჯერ მოწმდება მათი ტემპერატურა, ივსება სპეციალური გრაფიკები, ამას ეპიდემიოლოგები აკეთებენ. სხვა ქრონიკული დაავადებებიც რომ არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, ამას ამოწმებს ექიმისა და მედდების გუნდი. საკარანტინე ზონაში მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით, ჰიგიენის საშუალებებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით. საკარანტინე სივრცეში მყოფსაც შეუძლია თვითიზოლაციაში გადასვლა. ამისთვის ავსებს სპეციალურ კითხვარს, უთითებს, სად აქვს იზოლირებული სივრცე. ჯგუფი ამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს სივრცე მოთხოვნებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

აქვე ვიტყვი, რომ საკარანტინე სივრცეების ნაწილი უსასყიდლოდ გადმოგვცეს მფლობელებმა, ნაწილთან კი გაფორმდა ხელშეკრულებები. ანაზღაურდება მოქალაქეების იქ მოვლა, კვება და ა. შ.

- გთხოვთ, განმარტოთ მკითხველისთვის, რას ნიშნავს „ცხელების ზონა“, რა დანიშნულება აქვს მას?

- ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად საეჭვო ნიშნის მქონე მოქალაქეები (საეჭვო ნიშანი გულისხმობს ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელ ცხელებას, ხველას, მოგზაურობის ისტორია, ან კავშირს მოგზაურობიდან დაბრუნებულის ისტორიასთან, ასევე, დადასტურებულ ან საეჭვო შემთხვევასთან) შეგვყავს აქ, ასევე მოდიან თვითდინებით. პერსონალი არის დატრენინგებული. პროცესში ჩართულია ბათუმის 1 პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის ცენტრი. ისინი მუდმივად კომუნიკაციაში არიან მოქალაქეებთან. მოქალაქე რეკავს ორ ცხელ ხაზზე: 112-ზე ან 144-ზე, საიდანაც ბათუმის მკვიდრებს ამისამართებენ ამ ორ დაწესებულებაში. იქ ოჯახის ექიმები ახორციელებენ დისტანციურ სკრინინგს, რაც მოიცავს კითხვარების შევსებასა და ტემპერატურის კონტროლს. ამ გამოკითხვის შედეგად წყდება, ვინ გადავა ცხელების ცენტრში. ვთხოვ მოქალაქეებს, თვითნებურად ნუ მივლენ ცხელების ცენტრში, რადგან იქ მაღალია ინფიცირების რისკი. ასევე ვთხოვთ ყველას, ნუ მიაკითხავენ თვითნებურად სხვა კლინიკებს, ის კლინიკები ვერ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებსაც ცხელება აღენიშნებათ. ამას მხოლოდ სპეციალურად დატრენინგებული და აღჭურვილი პერსონალი აკეთებს.

- საუბარი იყო ახალაშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილობრივ აღჭურვაზე სპეციალურად COVID-19-ისთვის გამოყენების მიზნით. როდის მოხდება ეს და ამ ახალი რესურსის გარეშე, რამდენი ინფიცირებული პაციენტის მართვა შეუძლია ერთდროულად აჭარის ჯანდაცვის სისტემას?

- ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ეტაპზე, მხოლოდ კოვიდ19-ის ცენტრისთვის საჭირო დანიშნულებით გაიხსნება. ეს იქნება ემერჯენსი, რეანიმაცია და ინფექიური თერაპია. გათვლილი იქნება 100 საწოლზე, შესაძლებელია 200 საწოლამდე გავზარდოთ. პირველი გადარიცხვები უკვე შესრულებულია, რომლითაც უნდა შევიძინოთ სასუნთქი აპარატები, საწოლები და სხვა საჭირო ინვენტარი. ამ კლინიკის გარეშე, თუ მოხდა პიკური მატება, გვაქვს 1600-მდე საწოლი და 160 რეანიმაციული საწოლი. ეს 3-4-ჯერ მეტია ევროპულ სტანდარტთან შედარებით. თუ მოქალაქეები დაგვიჯერებენ, ჩვენ ამდენი ინფიცირებული მთელი ქვეყნის მასშტაბითაც არ უნდა გვყავდეს. ჯერ ჩვენ ისევ შეკავების ეტაპზე ვართ. პრობლემაა უსიმპტომო ადამიანები და სწორედ აქედან შეიძლება მოხდეს გავრცელება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, დარჩნენ სახლში და ნუ შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს. სახლში დარჩენა მხოლოდ იმას ხომ არ გულისხმობს, რომ სამსახურში არ იარო. ეს პასუხისმგებლობაა ყველას წინაშე. თუ ამას გაიაზრებენ, ექიმებს გვენდობიან და დაგვიჯერებენ, გართულებები არ გვექნება.

- ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდის, ასევე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, შეძლებს, თუ - არა აჭარის ჯანდაცვის სისტემა მოკლე დროში პაციენტების სათანადოდ მართვას?

- აჭარის ყველაზე შორეულ სოფლებშიც გვყავს მედპერსონალი - ოჯახის ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი 2000 მოსახლეზე. კარგია, თუ მოქალაქეებს მათთან სატელეფონო კომუნიკაცია ექნებათ და არ მივლენ პირდაპირ. ასეთია რეკომენდაცია. ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს „ევექსის“ კლინიკები, რომლებიც მზად არიან პაციენტების მისაღებად. მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ნაკლებად ველოდებით მსგავს აფეთქებას. გაცილებით საფრთხის შემცველია ქალაქები და დაბები, სადაც ხალხმრავლობაა. სოფლებში საფრთხე შეიძლება იყოს ქელეხები და სხვა სარიტუალო შეკრებები და უკვე ამ საკითხშიც მოგვყვებიან მოქალაქეები. თუ იქ კერა გაჩნდება, ჩვენ მარტო მუნიციპალიტეტებს არ დავუტოვებთ ამ ტვირთს, გადავინაცვლებთ მაშინვე და ვმართავთ სიტუაციას. გარწმუნებთ, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ გვყავს მთელი რეგიონი.

- თუ გავითვალისწინებთ იმ შემთხვევას, რომ ბათუმში ერთ-ერთი ექთანი უკვე ინფიცირებულია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მედპერსონალის ინფიცირების საფრთხე მაღალია?

- 100%-იანი გარანტი არ არსებობს, თუმცა პერსონალმა გაიარა ტრენინგები და იცის, როგორ იმუშაოს. იმ ექთანს პროტოკოლი არ დაურღვევია. კონკრეტული პაციენტი იყო ყველაზე რთული, ფსიქოლოგიური პრობლემებით, უარს ამბობდა მკურნალობაზე, ეწინააღმდეგებოდა ამ გუნდს და იყო დაუმორჩილებელი. ეს მედიკამენტები არის გრაფიკით მისაწოდებელი და პერსონალი იყო დიდი რისკის ქვეშ, რადგან არ იღებდა პაციენტი ამ მედიკამენტებს, ღვრიდა სითხეს და ა.შ. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამ ფაქტის გაშუქებისას ყველა სტანდარტი დაარღვია, მიადგა დაინფიცირებული ექთნის დედას. იმას ეგონა, რომ საკვები მიუტანეს და კარი გაუღო. ამას მოჰყვა პანიკა, მთელ სამეზობლოს, მთელ ქუჩას გააგებინეს, რომ ინფიცირებული იყო. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მათი უფლებები და ასე მოქცევა არ შიძლება. ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გავდივართ ყველა კონსულტაციას და ვიცით, რამდენად აუცილებელია, რომ დაცული იყოს ამ მოქალაქეების უსაფრთხოება.

- რადგან ოჯახის წევრების ინფიცირების რისკიც იზრდება, ხომ არ განიხილება მედპერსონალისთვის დროებით იზოლირებული საცხოვრებლის გამოყოფა?

- ჩვენ ეს საკითხიც გავიარეთ მსოფლიო ორგანიზაციასთან. მედპერსონალის ცალკე გაყვანა დაკავშირებულია სხვა პრობლემებთან, სტრესთან, ამიტომ მათი გადასაწყვეტია. თუ აირჩევენ ამ გზას, ჩვენ მზად ვართ, გავიყვანოთ ისინი ცალკე. მაგალითად: „მედალფას“ პერსონალმა გადაწყვიტა, რომ იზოლირებულად იყოს. ჩვენ მათი ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი პირობით.

- ბატონო ზაალ, მაღალია ინფიცირებისა და გავრცელების რისკი იმ მოზარდებში, რომლებიც რთული ქცევის არიან და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, სახლიდან ხშირად გარბიან. ასევე რთულია მდგომარეობა სექსმუშაკების, ტრანსგენდერების... იმ თემების, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები ისედაც ჰქონდათ და ახლა, როცა სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, არ შეუძლიათ ქირის გადახდა, საკვებისა და მედიკამენტების შეძენა. აქვს სახელმწიფოს გათვალისწინებული მათთვის რაიმე ტიპის სერვისის მიწოდება?

- არ გამოვყოფ ამ ჯგუფებს ცალკე. მათ, როგორც შემოსავლის გარეშე დარჩენილ სხვა მოქალაქეებს, შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე, მიაწოდონ ინფორმაცია, რა სახის დახმარება სჭირდებათ. გადამოწმდებიან და დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო მათ დაეხმარება. თუ ვინმე რჩება მინიმალური საარსებო შემოსავლის გარეშე, ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმართონ და სახელმწიფო გაითვალისწინებს. გარდა სახელმწიფო დახმარების პროგრამისა, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „იალქანი“, რომელმაც 400-ზე მეტ ოჯახს უკვე მიაწოდა შესაბამისი სასურსათო კალათა, ბავშვთა კვება და ჰიგიენური საფენები. მადლობა მას ამისთვის. ასევე წითელი ჯვრის ორგანიზაცია, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად, სახელმწიფოს მიერ გამზადებულ კალათებს არიგებს და გვეხმარება. გარდა ამისა, მოქალაქეები ქმნიან მოხალისეთა ჯგუფებს და აგროვებენ თანხასა და პროდუქტს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის. მუდმივად ხდება მარაგების შევსება, ეს მიმართულება არ შეწყვეტილა და ვფიქრობ, ჩვენ არ გვექნება მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემა. პირველივე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, რამდენიმე ასეული მოხალისე გადავამზადეთ, ზოგი - დისტანციურად. მოხალისეები იცავენ უსაფრთხოების რეკომენდაციებს და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვამონიტორინგებთ ამ პროცესს. რაც შეეხება რთული ქცევის არასრულწლოვნებს, რომლებიც ხშირად გარბიან სახლიდან და არ ემორჩილებიან მშობლებს, თუ მათ შესახებ შეტყობინება შემოვა, ჩვენ მზად ვართ, გადავიყვანოთ ისინი საკარანტინე სივრცეში.

- ბატონო ზაალ, არსებობს რაიმე სახის პრობლემა, რომელიც არასაკმარისი რესურსით არის გამოწვეული?

- მოგეხსენებათ, ჩვენი წარმოებები არ გვაქვს და შემოტანაზე ვართ დამოკიდებული. შემომტანებს კი პრობლემები გაუჩნდათ. თუმცა, რადგან ჩინეთი უკვე დამშვიდდა, სპეციალურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ამზადებს სუნთქვის აპარატებს. სხვა მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ იმ ძირითად ტესტებზე, რომლებიც არის ლუგარის ლაბორატორიაში. წყვეტა არ გვქონია. თუ იქნება პიკური რაოდენობა, ჩვენ არა მხოლოდ ლუგარში გავაკეთებთ ანალიზს, არამედ ცხელების ცენტრებში. შესაძლოა, ეს გავაკეთოთ ქობულეთშიც და სხვაგანაც. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ლაბორანტების გადამზადება და ლაბორატორიები აღჭურვილია. თუ ამის საჭიროება იქნება, იქაც მიეწოდება ტესტები. კარგი იქნებოდა, გვქონოდა მეტი უკონტაქტო თერმომეტრი. შეკვეთილი ჰქონდათ კერძო კლინიკებს და ვერ მოხდა მიწოდება. სასურველია, რომ უკონტაქტო თერმომეტრი ჰქონდეთ სასურსათო მაღაზიებსა და სხვა ობიექტებს. სხვაგან, სადაც აუცილებელია, საკარანტინე სივრცეებსა და ბლოკპოსტებზე, გვაქვს, მაგრამ სოფლის ამბულატორიებში არ აქვთ და მოწოდება სამეზობლოდან გართულებულია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი