ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) პანდემია მსოფლიოსთვის მოულოდნელ გამოწვევად იქცა, რომლის მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა. საქართველო, როგორც ღია მსოფლიოს ნაწილი, მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის, ეკონომიკური გამოწვევების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოვლენების განვითარების პერსპექტივის, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მოცულობის სრულად განჭვრეტა, არსებული მონაცემებით, თითქმის შეუძლებელია.

ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი კლების ფონზე, ეკონომიკური სუბიექტები, შემოსავლების კლებით ზარალდებიან, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვის, ვალდებულებების, მომსახურების შეუძლებლობის და გაკოტრების რისკებს მკვეთრად ზრდის. პირდაპირი თუ ირიბი გზებით, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი ზარალდება, განსაკუთრებით მომსახურეობის, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროები, ტურისტული ინდუსტრია. ჩამოთვლილი დარგები, საქართველოში, მზარდი დინამიკით წლებია გამოირჩევიან და ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი[1] შეაქვთ. გარდა იმისა, რომ ტურიზმის კრიზისი პანდემიის ფონზე ბუნებრივი მოცემულობაა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საჰაერო, საზღვაო და სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა შეიზღუდა. შეუფერხებლად მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება. გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა შეჩერდა, მთელი რიგი სერვისების მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდა.

პანდემიურ კრიზისს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის" სტატია) გრძელვადიან პერიოდში არსებითი ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც მიკრო, ასევე მაკრო-ეკონომიკურ დონეზე. ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, ამა თუ იმ მთავრობის, საპასუხო ქმედებები და ჩარევის მასშტაბები, როგორი ხასიათის და რა მოცულობის უნდა იყოს. აღნიშნული მოსაზრებები, ძირითადად, სხვადასხვა იდეოლოგიურ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

ძირითადად, კრიზისულ სიტუაციებში, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, ხარჯების ზრდის პარალელურად, გადასახადებსა და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებენ, რათა კრიზისით გამოწვეული მოთხოვნის კლების დაბალანსება და ეკონომიკური სტიმულირება ისე მოხდეს,რომ ეკონომიკის რეალური სექტორი კრიზისის/რეცესიის განმავლობაში წონასწორულ მდგომარეობასთან ახლოს დარჩეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მოსალოდნელი მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი „არაეკონომიკურია“. შესაბამისად, რეაგირების სტანდარტული მექანიზმის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. კონკრეტულად, ეკონომიკისათვის დამატებითი სახსრების მიწოდება, კრიზისის პირობებში, შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად მუშაობს. თუმცა, ეკონომიკის შენელებას არა უშუალოდ ფინანსური მიზეზით გამოწვეული მოთხოვნის კლება, არამედ ძირითადად, უსაფრთხოების რეკომენდაციებით შემცირებული აქტივობა განაპირობებს (უტრირებულად, ადამიანი ვერ ყიდულობს ტანსაცმელს არა უსახსრობის გამო, არამედ საცხოვრებლის არ დატოვებაზე რეკომენდაციის გამო). მოცემული რეკომენდაციის შესრულებით გამოწვეულ ჩავარდნას კი ფინანსური რესურსის მიწოდება ვერ აღმოფხვრის და ის არა ეკონომიკური, არამედ უფრო სოციალური მიზნის მატარებლად შეიძლება მივიჩნიოთ. დამატებითი ფინანსური რესურსის გაჩენა მოთხოვნის წახალისების მიზნით, სავარაუდოა, რომ უფრო ეფექტიანი პოსტ-კრიზისულ პერიოდში იქნება, მაშინ, როდესაც უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ეკონომიკურ აგენტებს სრულფასოვანი ოპერირების შესაძლებლობა მიეცემათ. აქედან გამომდინარე, როგორც რეაგირების შინაარსობრივი მხარე, ასევე მისი მოქმედებაში მოყვანის პერიოდი, სწორად უნდა იქნას შერჩეული, რათა ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირების მიზანი იქნეს მიღწეული, მეორე მხრივ კი, ჭარბი ლიკვიდობის მიწოდებით, ინფლაციური პროცესები არ წახალისდეს.

კრიზისის ფონზე, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, დაახლოებით 24%-ით შემცირდა. 18 მარტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დარჩა. შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ინფლაციური პროცესების სიმწვავე საპროცენტო განაკვეთის შემცირების (რაც სხვა შემთხვევაში კონტრ-კრიზისულ ერთ-ერთი საპასუხო ზომას წარმოადგენს) საშუალებას არ იძლევა. განაკვეთის შემცირების წინააღმდეგი იყო ოპოზიციაც. სანაცვლოდ, მათ აქცენტი, გადასახადების შემცირებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცის გზით დეფიციტის შემცირებაზე გააკეთეს. „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობას ასევე საპენსიო ფონდების დროებით შემცირება და საპენსიო შენატანების გაუქმება შესთავაზა, ხოლო მოგვიანებით, მოსახლეობისთვის უკვე არსებული საპენსიო დანაზოგების დაბრუნება. აღნიშნულის პასუხად, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივას მთავრობა ერთობლივად განიხილავს, ხოლო ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით კი, მთავრობამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიის დასრულების შემდეგ ნორმალური ფუნქციონირებისკენ დაბრუნებას ხელს შეუშლის (მაგალითად ჩამოშლის საპენსიო რეფორმას).

„ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციების მიხედვით, მომავალი 4 თვის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს, ხოლო შემდეგ 4 თვეში - განახევრდეს; 2020 წელს ქონების გადასახადი განულდეს და ნავთობპროდუქტების აქციზი 25%-ით უნდა შემცირდეს, დღგ-ს ნაცვლად შემოღებულ იქნას ე.წ „Sales Tax”, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა. მოწყვლად ეკონომიკურ სუბიექტებს სხვადასხვა სახის ვაუჩერები უნდა გადაეცეთ. მათ, ვინც სამსახური დაკარგა, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო 8 თვის განმავლობაში, სახელმწიფომ დანაკლისის 50% უნდა აუნაზღაუროს. მომდევნო 8 თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული ჯარიმების საურავები და საფოსტო გზავნილებზე 300-ლარიანი ლიმიტი უნდა გაუქმდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციით კი, ტურიზმის სექტორში, მიმდინარე წელს, საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და ის 2021 წელზე გადანაწილდეს, უნდა გაიზარდოს დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 0%-ით. 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები შემცირდეს. ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო, ეთხოვოს საბანკო სისტემას კრიზისულ ვითარებაში მყოფი ტურისტული კომპანიების სესხების გადავადების შესახებ.

ხელისუფლების პოზიცია კრიზისზე რეაგირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა, სადაც მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა. გეგმა სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი უნდა გაჩნდეს. კერძოდ:

  • ბიზნესს, რომელსაც სესხის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას;
  • გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ბანკი მათ შენატანის გადავადების საშუალებას მისცემს;
  • კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებენ, გადაუვადდებათ მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელი ქონების და საშემოსავლო გადასახადები (1 ნოემბრამდე);
  • კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და, წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
  • გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას;
  • სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმა ეფექტურია და მოწონებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი გეგმის განხილვაში პრემიერ-მინისტრი არ შესულა და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს კრიტიკას კრიტიკისთვის. ასევე, პრემიერის განცხადებით, მოვლენების განვითარების შესაბამისად, 2 თვის შემდეგ მოხდება გეგმის გადახედვა.

არსებულ პირობებში, საპენსიო შენატანის გაუქმება და აქციზის გადასახადის დაწევა სხვა გადასახადების შემცირებასთან შედარებით მოქნილი ნაბიჯებია, რადგან პოსტ-კრიზისულ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მისი ძველ ნიშნულზე დაბრუნება განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. საშემოსავლო, მოგების, ქონების, დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის შემცირების შემთხვევაში კი, გადასახადის განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა საყოველთაო რეფერენდუმზე, რაც ძნელად მიღწევადია. აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. დასახელებული გადასახადების გაუქმებამ ან შემცირებამ, გადასახადების ძველ დონესთან დაბრუნების თვალსაზრისით შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მთავრობა ამ გზას აირჩევს. დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობზე აქციზის შემცირება, ინფლაციის შემცირების მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან საწვავი მრავალი ეკონომიკური საქმიანობისა თუ პროდუქტის შუალედურ საქონელს წარმოადგენს.

დღევანდელი კრიზისი რეალური ეკონომიკის შემცირების ფონზე მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული ფასის სანაცვლოდ, ხელმისაწვდომია, უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურება, ვიდრე არსებული კრიზისის დაწყებამდე იქნებოდა. ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ეკონომიკური სტიმულირება, ამ პირობებში, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს ერთი მხრივ ინფლაციის, მეორე მხრივ კი რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხე. მთავრობის პოზიციით, არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესის უშუალოდ ფიზიკური გადარჩენის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, გადასახადების გადავადება მომავალში პრობლემას წარმოქმნის ეკონომიკური სუბიექტებისთვის, რომლებსაც ოპერირება უშუალოდ პოსტ-კრიზისულ მოცემულობაში მოუწევთ. აქაც, მომავალი მოვლენების განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანია. ასევე, მთავრობის ხარჯების ზრდის უზრუნველყოფა საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდითა თუ ვალის ზრდით, დიდი ალბათობით, გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებს წარმოშობს.

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის გეგმით, ბიუჯეტის დეფიციტი 1.31 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 2.5% წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობას, მომავალში ბიუჯეტის გადახედვა და რიგი ხარჯების სეკვესტრირება მოუწევს. პარალელურად, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაღრმავება და სამთავრობო ვალის ზრდა, ფასების დონეზე დამატებით წნეხს გააჩენს.

---------------------------------------------------------------------------------------------

[1] საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი