2020 წლის 21 მარტს, ახალი კორონავირუსისგან (COVID – 19) მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

დეკრეტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში მითითებული უფლებები იზღუდება, მათ შორის კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლება. დეკრეტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა იზღუდება, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალებოდა და ეს ყველას და ყველაფერს შეეხებოდა, მათ შორის, ეკლესიასაც. „შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, იმავე დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას არ ეხება. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის უფლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, თუ მომავალში, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის სამსახურები ჩათვლიან, რომ საჭიროა, სხვა უფლებებზეც შეზღუდვების დაწესება, მათ პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნებათ.

სხვა მკაცრ შეზღუდვებთან ერთად, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და საზოგადოების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე, ვირუსის შიდა გადადების შემთხვევების გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, მთლიანად ჩაიკეტა.

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას პრეზიდენტის დეკრეტი არ იძლევა. ამისთვის, დამატებითი სამართლებრივი რეგულაციის შემოღებაა საჭირო. შექმნილი ვითარების მიუხედავად, მმართველი გუნდი, აღმსარებლობის თავისუფლების შესაზღუდად საჭირო ცვლილებებს არ გეგმავს.

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და მისი შეზღუდვა

ადამიანის უფლება, ჰქონდეს ნებისმიერი რწმენა (რელიგიური თუ არარელიგიური) არის აბსოლუტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ადამიანის უფლება - გამოხატოს საკუთარი რწმენა და ასრულებდეს რელიგიურ პრაქტიკას მარტო და განკერძოებით, ან სხვებთან ერთად და საჯაროდ - არ არის აბსოლუტური, რამდენადაც, რელიგიური მრწამსის გამოხატვამ, შესაძლოა,სხვებზე იქონიოს გავლენა. შეზღუდვებს მხოლოდ რწმენის გარეგანი გამოხატვა შეიძლება დაექვემდებაროს, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით და დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის არის აუცილებელი, ან საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად , როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.

რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს და მათ შეზღუდვას მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით უშვებს. გარდა ამისა, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გარეგანი გამოხატვის შეზღუდვის საფუძვლები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ხოლო შეზღუდვა იმ საზოგადოებრივი ინტერესის თანაზომიერი, რომლის დაცვის მიზანსაც ის ემსახურება .

არსებულ ვითარებაში, როდესაც ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ადამიანის მთელი რიგი უფლებები შეზღუდულია, კოლექტიურ ღვთისმსახურებებში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება არის საჭირო.

23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მათ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, მიღებული ზომები და გატარებული ღონისძიებები გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და სხვების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდეს. მან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ავტორთა აზრით, უფლებამოსილმა უწყებამ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, სათანადო კანონქვემდებარე აქტი უნდა გამოსცეს; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები დაჩქარებული წესით უნდა შეიტანოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა ერთმა რელიგიურმა გაერთიანებამ საჯარო ღვთისმსახურებისა და რელიგიური რიტუალების აღსრულება გარკვეული ფორმით უკვე შეზღუდა ან დროებით შეაჩერა. მსოფლიოში არა ერთი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის - მსოფლიო საპატრიარქო - ანალოგიურად მოიქცა. ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმაც კი, რელიგიური შეკრებების შეზღუდვის აუცილებლობაზე ისაუბრა და ყველას მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული აკრძალვები დაიცვან. საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია კი შემდეგია: „ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!“ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზიარების წესთან დაკავშირებული მტკიცე პოზიციის მიუხედავად, საპატრიარქომ მრევლს სოციალური დისტანციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვისაკენ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინების პირობებში,მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია არათანმიმდევრულია. ასევე, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ეკლესიის მიდგომა.

საპატრიარქოს პოზიციას თეოლოგებისა და სასულიერო პირების ნაწილი გამოეხმაურა. 25 მარტს გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც (ღვინოში პურის ჩაწობა). მაშასადამე, ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას ... თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა“.

თიკა მამადაშვილი

გიორგი ჯანაშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი