საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 13 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 247 პაციენტი იმყოფება. საკარანტინო რეჟიმში კი 4 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, თუ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს არ ჩავთვლით, სადაც 23 მარტიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი აქ, მას შემდეგ დაწესდა, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა წლისთავის რიტუალში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ბოლნისიდან მარნეულში ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 80 ადამიანი გამოიკვლიეს, მათ შორის, ახლო კონტაქტები და ყველა შესაძლო შემთხვევა. მათივე ვარაუდით, ამ დროისთვის, მარნეულში კორონავირუსის ფართო გავრცელების შემთხვევები არ არის. ჩინეთიდან მიღებულ ე.წ. სწრაფ ტესტებს თავდაპირველად სწორედ, მარნეულსა და ბოლნისში, გამოიყენებენ.

ჩაკეტილი ზონის ქუჩებში მოხალისეები მოსახლეობას სახლში დარჩენასა და იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც კორონავირუსის პრევენციას გულისხმობს. მოწოდებები აქ ორ ენაზე ისმის.

მთავრობის მიერ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ, ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობის ნაწილის პრობლემები მეტი სიმძაფრით დაგვანახა. განსაკუთრებით ისეთი სოფლები, სადაც ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აქვთ. ასეთია სოფელი წერეთელი.

„გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი რეკომენდაცია ესაა, მაგრამ კვირაში სამჯერ მოდის წყალი და რთულია, დაიცვა ყველაფერი რჩევების შესაბამისად. სოფელი წერეთელი მარნეულზეა მიბმული, საკმაოდ დიდი სოფელია, ხალხი ეკონომიურად იყენებს ამ მომარაგებულ წყალს და იქნებ ახლა მაინც მიიღონ რამე ზომები და მოაგვარონ ეს პრობლემა, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთ სოფელს წლებია აწუხებს“-ამბობს ადგილობრივი ვლადიმერ ჩხიტუნიძე.

საკარანტინო ზონად გამოცხადებამ, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების კუთხით, მთიან სოფლებს ახალი საზრუნავი გაუჩინა. ადგილობრივი აქტივისტი ნონა სამხარაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში სოფელ ხიხანიდან (აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტებით დასახლებული) მოსახლეობა აქტიურად უკავშირდება და შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას სთხოვს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ სოფლები ფაქტობრივად მოწყვეტილნი არიან ცენტრს. ზოგიერთ სოფელში არც სასურსათო მაღაზიაა და არც აფთიაქი. ხიხანიდან ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მაღაზიები არ არის, არ ჰყავთ მანქანები, ვერ გადაადგილდებიან, რომ სადმე, რამე იყიდონ. აქ 32 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი ძირითადად მოხუცები არიან. სჭირდებათ მედიკამენტები, ამ დროს სოფელში არ არის აფთიაქი. ისეთ სოფლებში, სადაც მუშაობს პატარა მაღაზიები, არჩევანი დიდი არაა,მოსახლეობა ბევრს აქ ვერაფერს შეიძენს“, - ამბობს ადგილობრივი აქტივისტი, ნონა სამხარაძე.

მოსახლეობის ნაწილი კარანტინის გამოცხადებას სწორ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მანამდე აქ სრული ქაოსი იყო. გადაადგილება ვერ კონტროლდებოდა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, შექმნილ ვითარებას, ენობრივი ბარიერი კიდევ ურო მეტად ართულებს.

„მოგეხსენებათ, მარნეულში 85% ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აქედან, უმრავლესობამ, ქართული ენა არ იცის. მოსახლეობის ამ ნაწილმა გვიან გააცნობიერა, რა ხდებოდა ირგვლივ. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კორონავირუსს ისევ ხუმრობით იხსენიებდნენ, ერთადაც იკრიბებოდნენ, იზოლაციის წესებს არ იცავდნენ. ვიდრე კონკრეტული პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდით, მანამდე ვერ გავიაზრეთ, რეალურად, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებები ინფორმაციას აზერბაიჯანულ ენაზეც გადავცემთ, რიგ საკითხებზე მაინც ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ. ამ ეტაპზე, საფრთხის აღქმა საგრძნობლად შესამჩნევია და პრობლემების მიუხედავად, მაინც ცდილობენ თვითიზოლაციაში იყვნენ, როგორც შეუძლიათ“, - ამბობს ჟურნალისტი თიკო დავაძე.

რაც შეეხება ბოლნისში შექმნილ სიტუაციას, მოვლენების ამგვარად განვითარება აქაურებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს (ორსულ ქალს) კორონავირუსი დაუდგინდა, რამაც მოსახლეობას უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისა და თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ უბიძგა. სოფლად მცხოვრები ზოგიერთი ოჯახი სურსათის ხელმიუწვდომლობის გამო ქალაქში მცხოვრებ ახლობლებს დახმარებას სთხოვდა. მკაცრი რეჟიმის გამოცხადების ღამეს და მეორე დღესაც, სურსათის მომარაგებისთვის მაღაზიებში მყიდველის სიმრავლე, აქაც შეინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები თვითიზოლაციაში მოექცნენ, გამოკვეთილ პრობლემებზე, ადგილობრივი აქტივისტების დახმარებით, ახლა უკვე დისტანციურად საუბრობენ. მათი თქმით, ორი დღის განმავლობაში, მოქალაქეები პურის ყიდვასაც ვეღარ ახერხებდნენ. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აზერბაიჯანული თემის ხანდაზმული ნაწილი აღმოჩნდა, რომელსაც არც ინტერნეტთან აქვს წვდომა და არც მთავრობის მოკლე ტექსტური შეტყობინება (არსებულ მდგომარეობაზე) წაუკითხავს, რომელიც აქ მცხოვრებმა აბონენტებმა აზერბაიჯანულ ენაზეც მიიღეს.

„23 მარტს ბოლნისმა მართლაც შოკში გაიღვიძა, ზოგიერთს პირადად ვუხსნიდი რა ხდებოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა. დავინახეთ, რომ მხოლოდ რაღაცის თარგმნა და ელექტრონულად გავრცელება, საკმარისი არ არის. ზოგიერთმა მოქალაქემ წერა-კითხვაც არ იცის, არ აქვთ ინტერნეტი და არ უყურებენ ქართულ არხებს. ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით დაიბეჭდა და ქუჩებში გამოიკვრება თვითიზოლაციისა და ჰიგიენის დაცვის შესაბამისი წესების შესახებ ინფორმაცია სწორედ აზერბაიჯანულ ენაზე“, - ამბობს CENN-ის ადგილობრივი კოორდინატორი მარიკო წიქორიძე.

ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე კარდაკარ დაარიგეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმაც. პარალელურად, ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან და, საჭიროების მიხედვით, შესაბამის ყურადღებას იჩენენ.

„ამ ეტაპზე ორივე მუნიციპალიტეტში პროდუქტი არის, მედიკამენტები არის, მივიღეთ 10 ათასი ნიღაბი და განაწილდა მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება ადგილობრივ ბიზნესს, შეძლებისდაგვარად აგრძელებენ მუშაობას და მოსახლეობის ნაწილი აგრძელებს მუშაობას განსაზღვრული წესების დაცვით“- აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო. ამ დროისთვის, 15 ათასი ადამიანის შემოწმება მოხდა მარნეულში, სადაც ოთხს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა კორონავირუსი გამოირიცხა. 3400 ადამიანი კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეამოწმეს, სადაც გუბერნატორის თქმით ,რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ჰქონია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მედიკოსები ყველა მცხოვრების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, მოქალაქეები მარნეულის საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ოჯახის წევრები კი, მკაცრ თვითიზოლაციაში მოექცევიან.

შექმნილმა მდგომარეობამ ქვემო ქართლის რეგიონში განსაკუთრებით ის ადამიანები დააზარალა, რომლებიც თბილისისა და რუსთავის ბაზრებში ვაჭრობდნენ და ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. ადგილობრივების ნაწილი კარანტინის გამოცხადებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს, რადგან მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მიმოსვლა თავისუფლად გრძელდებოდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რომელიც ვერ კონტროლდებოდა. მათი აზრით, სხვა შემთხვევაში, ამდენი ადამიანის ჩამოსვლა ნოვრუზ ბაირამისთვის, რომელიც ქვემო ქართლში 21 მარტს აღინიშნა, შეუძლებელი იქნებოდა. ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს, ამ ქვეყნებში, ნათესავი თითქმის ყველას ჰყავს, რომლებიც სწორედ, აღნიშნული დღესასწაულისთვის ჩადიან ქვემო ქართლში.

ამ დროისთვის, ჩაკეტილ ზონაში, მოქალაქეები, რეგიონების სამომავლო ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, პროგნოზს ვერ აკეთებენ. თუმცა ამბობენ, რომ მათი საქმიანობა მიწათმოქმედებაა, რასაც აღნიშნული მდგომარეობის დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი