გლობალური პანდემიის დროსაც კი რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. მოსკოვი ცდილობს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა გახლიჩოს, მათში პანიკა და ევროპული სამედიცინო სისტემის მიმართ უნდობლობა დათესოს. ევროკავშირის თანახმად, კრემლის დეზინფორმაცია რამდენიმე ენაზე ვრცელდება, მათ შორის ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად და გერმანულად. გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებით კრემლი ურთიერთგამომრიცხავ თეორიებს ავრცელებს, რათა ქაოსი შექმნას. ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის მთავარი გზავნილებია, რომ კორონავირუსი ევროპაში მიგრანტებმა ჩაიტანეს და ის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის ან ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

ევროკავშირის გარდა, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელებაში „ფრანს-პრესიც“ (AFP) ადანაშაულებდა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ „საგანგებოდ შემოგდებული“ სიყალბე უწოდა.

რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სააგენტოები საქართველოშიც აქტიურად მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა კონსპირაციული და მანიპულაციური გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ლუგარის ლაბორატორია წლებია უკვე რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა. საქართველოში ვირუსის გავრცელების დღიდან, დაავადების გამოვლენა სწორედ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობის შედეგად ხდება. მიუხედავად ამისა, პრორუსული გამოცემები მაინც არ ერიდებიან და ლუგარის ცენტრის შესახებ შეთქმულებების გავრცელებას კვლავ განაგრძობენ.

პრორუსულმა ონლაინ-მედია „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“ (აღნიშნული სტატია tvm.ge-ზეც გამოქვეყნდა). მათი ბრალდება ჩინეთის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ვერსიას ემყარება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 12 მარტს Twitter-ზე განაცხადა, რომ კორონავირუსი (CoVid-19) არა ჩინეთის უჰანის პროვინციაში, არამედ აშშ-ში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა. აღნიშნულ განცხადებამდე ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარს მიიჩნევდა. 13 მარტს Twitter-ზე მორიგ განცხადებაში მან „Global Research”-ის, შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი, ფსევდომეცნიერული კვლევითი ცენტრის, სტატია გააზიარა და ხალხს მისი გადაზიარებისკენ მოუწოდა. „Global Research”-ის თანახმად, ჩინეთში კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს, მაგრამ არა განზრახ, არამედ - შემთხვევით. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ვირუსის გავრცელების წყარო ფორტ დეტრიკში განთავსებული ბიოლოგური ლაბორატორიაა და არა - უჰანის ბაზარი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პეკინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ჭორები“ უწოდა და ჩინურ მხარეს დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „Global Research”-ზე დაყრდნობით „ნიუსფრონტი“ აღნიშნავს, რომ „ვინაიდან 2005 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ში საიდუმლო ლაბორატორიებიდან პათოგენების გაჟონვის 1 059 შემთხვევა აღინიშნა, ეს ვარიანტი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება“ და სწორედ ამ კონტექსტში გამოცემა ლუგარის ლაბორატორიას ახსენებს. „ნიუსფრონტი“ მსგავსი შეთქმულების თეორიის განვითარებას არაერთ მასალაში ცდილობს. სტატიაში ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია” – „ნიუსფრონტი“, ერთი მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში ლაბორატორიის მნიშვნელობის შესუსტებას ცდილობს და, მეორე მხრივ, მისი რეალური ფუნქციების შესახებ ეჭვებს გამოთქვამს.

„ნიუსფრონტი“ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ სტრატეგიულ ნარატივს იმეორებს, რომლის მიხედვითაც ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებით იყენებდა ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ კი ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორია წარმოადგენდა რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში აშშ-ის მიერ სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტების შექმნის მაგალითს, სადაც სამხედრო პერსონალი სამედიცინო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, ექსპერიმენტებს ატარებს მოქალაქეებზე. დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც განაცხადა, რომ „აღნიშნული კვლევები უკავშირდება გენეტიკის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს და ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ისეთი პრეპარატების შემუშავება, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“.

სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას. კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ლუგარის ცენტრის მნიშვნელობა. საქართველოში სწორედ ამ ცენტრის დახმარებით ხდება დაავადების დროული გამოვლენა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისიც განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის გარეშე კორონავირუსზე ტესტირების და დაავადების კონტროლის სხვა ტექნოლოგიის აწყობა მოუწევდათ, რაც ბუნებრივია, გამოვლენის დროს კიდევ უფრო გაახანგრძლივებდა. ხოლო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ცენტრთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება „ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოა“, რომელსაც ამ საკითხში პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით „რუსეთი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს“.

აშშ-ის და NATO-ს წინააღმდეგ დეზინფორმაცია

კორონავირუსის საკითხი აშშ-ისა და NATO-ს დისკრედიტაციისათვის გამოიყენა „საქინფორმმაც“. მისი მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, CoVid-19 აშშ-ში შეიქმნა და ჩინეთში გაეშვა. თუმცა ამას გარდა, მისი მტკიცებით, აშშ-მა ჯერ კიდევ 1991 წელს საბჭოთა კავშირში „COVID-91” გაავრცელა, რომელიც არა ფილტვებს, არამედ ტვინს ვნებდა, რის შედეგადაც დაიშალა სსრკ და განადგურდა სტალინის „დიადი საქმეების ხსოვნა“. მისი აზრით, 70 წლის განმავლობაში სსრკ-ში მეგობრულად ცხოვრობდნენ და დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად საქართველო აშშ-ს კოლონიად გადაიქცა, მის რეალურ მმართველად კი - აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, იქცა.

საქინფორმი აქტიურად ცდილობს კორონავირუსი გამოიყენოს NATO-ს საწინააღმდეგო არგუმენტად. მაგალითად, ის აცხადებს, რომ ალიანსთან და აშშ-თან ერთად დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში - „Defender Europe 2020” - მონაწილე პერსონალი, დიდი ალბათობით, დაინფიცირებული იქნება და ამ არგუმენტით თვლის, რომ საქართველომ წვრთნების ჩატარებაზე უარი უნდა თქვას. რასაკვირველია, ავტორს ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება ან საფუძველი არ აქვს. არნო ხიდირბეგიშვილმა მორიგ სტატიაში იგივე გაიმეორა: „უახლოეს მომავალში საქართველოს, ღვთის სასჯელის მსგავსად, ზეციდან თავს დაატყდება მინიმუმ 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე სამედიცინო ნიღბების გარეშე, რომელთა უმეტესობა შეიძლება კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული!“. არნო ხიდირბეგაშვილის მიერ გავრცელებული კონსპირაციები სრულად თანხვედრაში მოდის კრემლის პროპაგანდასთან. მსგავსად, ჯერ კიდევ თებერვალში ლიეტუვაში რუსული პროპაგანდა ავრცელებდა ყალბ ამბავს, თითქოს ლიეტუვაში მყოფი აშშ-ს ჯარისკაცი კორონავირუსით იყო დაავადებული.

ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციის მიზნით „ნიუსფრონტმა“, გულბაათ რცხილაძის, პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებლის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება ასოცირების ხელშეკრულებას დააბრალა. მსოფლიოს პანდემიის გათვალისწინებით, ინფექციისგან დაცული არც ერთი ქვეყანაა. კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა და ის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს; 19 მარტის მონაცემებით COVID-19 172 ქვეყანასა და ტერიტორიას შეეხო. რა თქმა უნდა, რომელიმე ხელშეკრულების ვირუსის გავრცელების მიზეზად წარმოდგენა, ლოგიკას მოკლებულია და ცალსახად დეზინფორმაციის მაგალითია. ამასთანავე, კორონავირუსის გამოყენებით გულბაათ რცხილაძე ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქართველთა უმრავლესობის დამოკიდებულება ევროპის მიმართ უარყოფითი გახდება.

კორონავირუსის პანდემიას მანიპულაციურად გამოეხმაურა Facebook-გვერდი „პოლიტიკანოც“. გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო შემდეგი წარწერით: „აშშ: ბანკებს აძლევს 1.5 ტრლნ დოლარს; დიდი ბრიტანეთი: ცდილობს “კოლექტიური იმუნიტეტის” შექმნას; იტალია: ჩამოიშალა. ამის საპირისპიროდ: ჩინეთი: აშენებს საავადმყოფოებს; კუბა: ავრცელებს ანტივირუსულ წამლებს; ვიეტნამი: შექმნა სწრაფი ტესტები კორონავირუსზე; ჩრდილო კორეა: ამოწმებს მოგზაურების ჯანმრთელობას. „ჯანდაცვა სწორია მხოლოდ სოციალიზმში“! აღნიშნული Facebook-პოსტი გაავრცელა „ნიუსფრონტმაც“. ფოტოზე დატანილი ტექსტი მცდარია. კუბას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული წამალი არ შეუქმნია. ვაქცინაზე მუშაობა კი სწორედ აშშ-სა და დასავლეთის დემოკრატიულ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში მიმდინარეობს. ხოლო მოგზაურების ჯანმრთელობას, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში ამოწმებენ. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ აქვთ. თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას მალავს და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის არმიაში 180 გარდაცვლილია და დაახლოებით 3 700 ჯარისკაცი კი კარანტინშია გადაყვანილი. შესაბამისად, „პოლიტიკანოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

წყაროების შესახებ

საქინფორმი

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი გამოირჩევა ღიად პრორუსული პოზიციებით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკითა და მისი გაიგივებით ამერიკულ საზღვაო სამხედრო ბაზასთან და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ქვეყნდება ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე როგორებიცაა regnum.ru, და sputniknews.ru-ის ქართულ გამოცემა sputnik-georgia.ru.

“ნიუსფრონტი“

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან („ეფ-ეს-ბე“) ფინანსდება. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, „სპუტნიკი“ და RIA Novosti. „ნიუსფრონტის“ საქართველოს ოფისსაც არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ამბავი, მათ შორის, კორონავირუსის შესახებ. „ნიუსფრონტი“ საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებით გამოირჩევა. მისი რედაქტორი შოთა აფხაიძეა, ხოლო Facebook-გვერდის ადმინისტრატორი კი - კონსტანტინე ჩიკვილაძე, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდის ადმინისტრატორიცაა. რაც შეეხება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ნიუსფრონტის“ მიერ გამოყენებულ წყაროს: Global Research შეთქმულების თეორიების გამავრცელებელ, ფსევდომეცნიერულ კვლევით ცენტრს წარმოადგენს. ის ყალბი ამბების გავრცელებაშია შემჩნეული, რის გამოც მისი ფაქტობრივი სიზუსტე Media Bias/ Fact Check-ის მიერ შეფასებულია, როგორც „დაბალი“.

„პოლიტიკანო“

Facebook-გვერდი „Politicano • პოლიტიკანო“ არის „ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური მემარცხენე ფილოსოფიის პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი“, რომელსაც 24 ათასი გამომწერი ჰყავს. ის ყალბი ამბების გავრცელებაში ყოფილა შემჩნეული. მისი ადმინისტრატორია გიორგი მდივანი. იგი 2020 წლის 30 იანვარს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ინიციატივით გამართულ დისკუსიაში - „რა გვჭირს, რატომ გვჭირს და რა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას“ იღებდა მონაწილეობას, სადაც პრორუსი აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. აღნიშნულ დისკუსიაში გიორგი მდივანმა თავისი გამოსვლა NATO-ს, კაპიტალიზმისა და ლიბერალიზმის კრიტიკას დაუთმო. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ გამოსცემს პრორუსულ გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“. ორგანიზაციის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია ალექსანდრე ჭაჭია. იგი „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა“.

ფოტო: The Economist

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი