2019 წლის 6 თებერვალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოჯახებმა (მაღალმთიანი აჭარიდან), უნებართვოდ დაიწყეს დასახლება და ე. წ. ოცნების ქალაქი (მას მუყაოს ქალაქსაც უწოდებენ) შექმნეს, ამ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდებოდა. აღნიშნულ დასახლებაში ოჯახების, შესაბამისად, ადამიანების, რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და იმ დროისთვის უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა აქედან მხოლოდ ნაწილი მიიჩნევა ეკომიგრანტად, ან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათ საცხოვრებელ პირობებზე „ფაქტ-მეტრმა“ ადრე უკვე დაწერა.

თორნიკე რიჟვაძის ამ დაპირებას საზოგადოების ნაწილი - იმედით, ხოლო ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. ოპოზიციამ დასვა კითხვები, რა კრიტერიუმებით უნდა შეერჩიათ ოჯახები, რომლებიც ბინას მიიღებდნენ; მოხვდებოდნენ, თუ - არა სიაში ისინი, ვინც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების 25 000-ლარიანი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა; საკმარისი იყო თუ არა პროექტით გათვალისწინებული ფართი ერთი ოჯახისთვის, მათ შორის მრავალსულიანისთის; ხომ არ იყო ეს დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მიღებაზე გათვლილი.

2019 წლის 27 დეკემბერს აჭარის ა/რ მთავრობამ, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, 39 488 0000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT190025735) გამოაცხადა და გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც გააფორმა.

თუმცა ამ ტენდერს წინ უსწრებდა 2019 წლის 11 ნოემბერს იმავე მიზნით გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი (NAT190021387), რომლის სავარაუდო ღირებულება 41 468 000 ლარი იყო. მასში ერთადერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა - შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“, რომელმაც შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 39 809 280 ლარად შესთავაზა. 2019 წლის 16 დეკემბერს შემსყიდველმა კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, ხოლო 24 დეკემბერს, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი შესწავლის მიზნით, ვადის ორი დღით გახანგრძლივება გახდა საჭირო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული ოქმით, ელექტრონული ხელმოწერის თანახმად, 26 დეკემბერს, 23.13.49 სთ-ზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ დაადასტურა, რომ გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობა ინტერესთა კონფლიქტს არ იწვევს. იმავე დღეს, 23.14.45 სთ-ზე, სატენდერო კომისიამ კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერა ხელი, ამჯერად ტენდერის შეწყვეტის შესახებ. სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ შესყიდვის ობიექტის კონტროლისა და მიღება-ჩაბარების განმახორციელებელი ჯგუფის მიერ 26 დეკემბერს წარდგენილი მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მოთხოვნილია ტენდერის შეწყვეტის საკითხის განხილვა, კომისიას ნუგზარ ძნელაძემ გააცნო. ოქმში მითითებულია, რომ მოთხოვნის საფუძველი გახდა საცხოვრებელი კომპლექსის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში სავარაუდო უზუსტობების გამოვლენა. სატენდერო კომისიისთვის მოხსენებითი ბარათის წარდგენამდე, უზუსტობის შესახებ პროექტის ავტორს, ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ ეცნობა, რომელმაც უზუსტობები დაადასტურა და დოკუმენტაციის სახარჯთაღრიცხვო ნაწილი შეასწორა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ ტენდერის შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 39 488 000 ლარი იყო. ტენდერში სამი პრეტენდენტი ჩაერთო, მათ შორის, შპს „მაკრო ქონსთრაქშენი“, თუმცა შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი - 38 746 000 ლარი შპს „დაგმა“ შესთავაზა და 2020 წლის 13 თებერვალს ხელშეკრულება მასთან გაფორმდა.

კომპანიამ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 9 327 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა ააშენოს. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს, ანუ 2021 წლის 13 ივლისს. აჭარის ა/რ 2020 წლის ბიუჯეტში 16 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ვინაიდან საზოგადოების ნაწილი, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ შპს „დაგის“ ხელისუფლებასთან აფილირებულ კომპანიად მოიხსენიებენ, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, ამ კომპანიის ტენდერები შეესწავლა. კვლევის შედეგად, ერთგვარი სისტემური გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შორის განსაკუთრებულად ყურადსაღებია არაერთი შესყიდვა, როცა შპს „დაგი“ შემსყიდველს ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს, არის შემთხვევები, როდესაც ფასთაკლება 20%-ზე მეტია და ხელშეკრულებას იღებს, თუმცა პროექტის განხორციელები პროცესში ხარჯთაღრიცხვა იზრდება. მიზეზად დამატებითი სამუშაოები სახელდება, რომელთა განხორციელების აუცილებლობაც სამუშაო პროცესში ვლინდება.

ცხრილი 1. შპს „დაგისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებაც პროექტის განხორციელების პერიოდში გაიზარდა

შემსყიდველი

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის თარიღი

თავდაპირველი სახელშეკრულებო ღირებულება, ლ

გაზრდილი სახელშეკრულებო ღირებულება, ლ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი

საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობა SPA130029272

31.12.2013

6249 000

6815 403

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა

SPA140016606

03.07.2014

2398 000

2519 527

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

სოფელ იყალთოში „ქვევრის სახლის“ მშენებლობა DEP140000011

24.11.2014

2290 366

2328 315

თბილისის მერია

თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის შემოღობვა SPA150026027

24.09.2015

1473 990

1490 953

შპს „თბილსერვის ჯგუფი“

ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა SPA160008635

15.03.2016

7769 518

8546 470

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ზუგდიდში დევნილთათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა

07.03.2016

13899 899

13915 885

თბილისის მერია

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები SPA160019139

01.07.2016

539 860

564 605

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

სოფელ ასურეთში საავტომობილო გზისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა SPA160021040

25.07.2016

3957 000

4293 650

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

ამბროლაურში აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა SPA160025489

27.09.2016

2375 340

2612 343

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

სოფელ საქარიის სკოლის სამშენებლო სამუშაოები NAT180009306

19.06.2018

4362 359

4568 190

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა

NAT190003460

15.02.2019

19812 733

21445 882

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ცხრილში მოცემული სახელმწიფო შესყიდვების დროს, „დაგი“ ყველაზე დაბალ ფასს უთითებდა. რამდენიმე შემთხვევაში, ფასთაკლების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება. ზოგჯერ თითქმის 30%-მდეც კი აღწევს. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, ხელშეკრულება მიიღოს. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, თითქმის ყველა სახელშეკრულებო ვადა დარღვეულია. ხელშეკრულებებში ხშირად ოთხი და მეტი ცვლილებაა განხორციელებული. მაგალითად: თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობის ხელშეკრულებში ცვლილება ორჯერ განხორციელდა და ღირებულება 21 445 882 ლარი გახდა, ხოლო ვადა ორი თვით გახანგრძლივდა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ საჭირო გახდა 717 კვმ ფართის დამატება, რაც პროექტით გათვალისწინებული არ იყო.

საინტერესოა, ასევე, რომ თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „დაგიმ“ შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა - ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კომპანიამ თითქმის 30%-ით გააიაფა. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ ფასად პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო და ღირებულება 8 546 470 ლარამდე გაიზარდა. გახანგრძლივდა პროექტის ჩაბარების ვადაც 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. თუმცა 2018 წლის 5 ნოემბრის ცვლილებით, მხარეებს შორის, ორმხრივად, ხელშეკრულება შეწყდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დარჩენილი სამუაშოების წარმოება მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

ფასის ზრდა სულ 11 ხელშეკრულებას შეეხო, რომელთა თავდაპირველი ჯამური ღირებულება 65 403 327 ლარი იყო. ცვლილებების შემდეგ კი 3 601 551 ლარით გაიზარდა და 69 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ხშირად გაზრდილი სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება „დაგის“ კონკურენტების მიერ შეთავაზებულ ფასს, ზოგჯერ კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზეც მეტია. მაგალითად: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7 512 790 ლარია. ხელშეკრულების ღირებულება - 6 249 000 ლ. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2014 წლის 13 თებერვალს გაფორმდა. მშენებლობის ბოლო ეტაპი უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2015 წლის 31 მარტს. 2015 წლის 13 მარტის ცვლილებით, ვადა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა, მომდევნო ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა და 6 815 477 ლარი გახდა, ხოლო ვადა 11 მაისამდე გაგრძელდა. ხელშეკრულების პირობები სულ 10-ჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილება კვლავ ვადას შეეხო და ამჯერად 2015 წლის 30 ივნისამდე გადაიწია. საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტში წერია, რომ შპს „საქექსპერტიზის“ დასკვნით, სამუშაოები დასრულდა და ფაქტობრივმა ღირებულებამ 6 718 958, 64 ლარი შეადგინა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებმა დაასახელეს.

ასევე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 2 513 000 ლარი. შპს „მშენებელი 80-მა“ სამუშაოების 2 477 437 ლარად შესრულება შესთავაზა, ხოლო შპს „დაგმა“ – 2 398 000 ლარად. „დაგთან“ 2 398 000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხარჯთაღრიცხვა შეიცვალა და სამუშაოების ღირებულება 2 519 527 ლარი გახდა, ანუ 6 527 ლარით მეტი, ვიდრე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. მეორე ცვლილებით კი „მიმწოდებელს“ ვადა გაუხანგრძლივდა.

2011-2020 წლებში შპს „დაგი“ 60-ზე მეტ ტენდერშია გამარჯვებული და 303 443 574 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. აქედან 115 711 784 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები იმ ტენდერებში მიიღო, რომლებშიც კონკურენტები ჰყავდა და სწორედ ამ ხელშეკრულებების ნაწილის ფასი პროექტების განხორციელების ეტაპებზე გაიზარდა.

22 ტენდერში კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო და ხელშეკრულებების ღირებულება, თითქმის ყველა შემთხვევაში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ემთხვევა. სულ ასეთ ტენდერებში 44 380 000 ლარის ღირებულებების კონტრაქტებს მოაწერა ხელი.

13 ტენდერში კომპანიამ გამარჯვება სხვა, ზოგჯერ, სამი ან ხუთი მონაწილის დისკვალიფიკაციის შედეგად მოიპოვა და ასეთი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 74 351597 ლარს შეადგენს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი