გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 2 მარტს ანგარიში გამოაქვეყნა. გამოძიება, რომელიც 2019 წლის 11 ივლისიდან 2020 წლის 10 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, სირიის არაბული რესპუბლიკის სამოქალაქო ომის მიმდინარეობას, მასში ჩართულ მხარეთა ქმედებებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას აღწერს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 22 ივლისს რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა იდლიბის რეგიონში შემავალი ქალაქის, მაარათ-ელ-ნუუმანის (Ma'arrat al-Nu'man) მთავარ ბაზარზე ავიაიერიში მიიტანეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად 43 ადამიანი (მათ შორის, 4 ბავშვი) დაიღუპა, ხოლო 109 მოქალაქე (მათ შორის, 18 ბავშვი) დაშავდა. ანგარიშის მიხედვით, ავიაიერიშის დროს სირიის რეჟიმის სამხედრო საჰაერო საშუალებები ოპერაციებს არ აწარმოებდნენ, ხოლო საკუთრივ ბაზრის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ სამხედრო ობიექტები არ მდებარეობდა. გარდა ამისა, ანგარიშში რუსეთის მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მეორე შემთხვევის შესახებაც ვკითხულობთ, რომელიც 2019 წლის 16 აგვისტოს იდლიბის რეგიონში, ქალაქ ჰასის (Hass) ახლოს მდებარე დევნილთა ბანაკზე განხორციელდა. მსხვერპლმა (დევნილთა ბანაკში მცხოვრები პირებიდან, რომლებიც შეიარაღებულ დაპირისპირებას სირიის სხვადასხვა ქალაქიდან გამოექცნენ), როგორც მინიმუმ, 20-ს მიაღწია (მათ შორის, 6 ბავშვი), ხოლო კიდევ 40 ადამიანი დაშავდა. ანგარიშის მიხედვით, ავიაიერიშის დროს სირიის რეჟიმის სამხედრო თვითმფრინავები ოპერაციებს არც ამ შემთხვევაში აწარმოებდნენ, ხოლო დევნილთა ბანაკის მიმდებარედ სამხედრო ობიექტები არ მდებარეობდა.

გამოძიების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ორივე ინციდენტში მონაწილეობას რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავები იღებდნენ და მათ შეტევა არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს და განურჩეველი ხასიათის იერიშების მიტანის გამო, სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ სირიაში რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი აქამდეც დააყენა, თუმცა აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც მან სამხილების მოპოვება შეძლო და სამხედრო დანაშაულებრივ ქმედებებში კრემლს ბრალი ასე მკაფიოდ დასდო.

კომისიის დასკვნას ოფიციალური მოსკოვი 3 მარტს გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, გაერო-ს კომისიის ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ვერც ერთმა კომისიამ ვერ შეძლო სიმართლის დადგენა. თავის მართლების დროს, პუტინის პრესსპიკერმა კომისიის დასკვნას ცალმხრივი უწოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საგამოძიებო პერიოდის განმავლობაში, სამხედრო დანაშაული კონფლიქტის თითქმის ყველა მხარემ ჩაიდინა. გამოძიების მიხედვით, ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფების მიერ, სირიის ჩრდილოეთში, ქურთების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის დანაშაული მოხდა. ხოლო თუ დადასტურდება, რომ აღნიშნული ჯგუფები უშუალოდ თურქ სამხედროებს ექვემდებარებოდნენ, რომლებმაც იცოდნენ ან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მსგავსი ქმედებების შესახებ, ან დანაშაულების პრევენციისათვის სათანადო ზომები არ მიიღეს, პასუხისმგებლობა თურქ ოფიცრებზეც გავრცელდება.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და მან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მილიონობით სირიელი იძულებული გახდა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით შეეცვალა, ან უცხოეთში გახიზნულიყო. ამჟამად, ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, კრემლის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. მეორე მხრივ, ანკარის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია იდლიბის რეგიონშია გამაგრებული, სადაც რამდენიმე მილიონი სირიელი ცხოვრობს. იდლიბში თურქეთის პოზიციების დაბომბვისა და ათეულობით თურქი ჯარისკაცის დახოცვის შემდეგ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. ორი ქვეყნის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს 5 მარტს მოსკოვში შეხვდნენ და ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება გააფორმეს, რომლის შენარჩუნებაც, გავრცელებული აზრით, მხოლოდ დროებითაა შესაძლებელი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი