რეზიუმე: შეწყალების წესის შესახებ პრეზიდენტის №556 ბრძანებულების თანახმად, ბრალის აღიარება შეწყალების უფლების გამოყენების წინაპირობა არ არის. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, შეწყალების შესახებ დადგენილი მოთხოვნები არ გაითვალისწინოს და მსჯავრდებული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეიწყალოს.

ანალიზი

2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. გარდა ამისა, მხარეებმა სასამართლოს აპოლიტიკურობასა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს. სწორედ, ამ განცხადების შემდგომ გახდა აქტუალური გიგი უგულავას შეწყალების საკითხი[1]. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავას მხრიდან დანაშაულის აღიარება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების საკითხი განიხილოს.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება აქვს. შეწყალების უფლებამოსილება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ბერკეტია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს ეფუძნება. თუმცა შეწყალება უბრალოდ ჰუმანისტური პრინციპებით განპირობებული აქტი არასდროს ყოფილა. ცნობილი ამერიკელი ადვოკატი და სისხლის სამართლის რეფორმის აქტივისტი ბრენდონ სემპლი სტატიაში „შეწყალების უფლების ისტორია“ წერდა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების მინიჭების მთავარი მიზანი, მისთვის უსამართლობის დაბალანსების უფლებამოსილების მინიჭება იყო. ისტორიამ აჩვენა, რომ შეწყალების უფლებამოსილება ეფექტიანი მექანიზმია და პრეზიდენტს მისი გამოყენება ზუსტად შერჩეულ დროს შეუძლია, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საკანონმდებლო ხარვეზების დაბალანსების მიზნით.[2]

საქართველოს რეალობაში, როდესაც ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებასთან ერთიან კონტექსტში განიხილავს, პრეზიდენტს ამ მექანიზმის გამოყენებით, წინასაარჩევნო პროცესის გაჯანსაღება შეუძლია. საქართველოს კონსტიტუცია და პრეზიდენტის №556 ბრძანებულებით განსაზღვრული წესი კი შეწყალების აქტის გამოსაცემად მსჯავრდებულს დანაშაულის აღიარებას არ ავალდებულებს.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად შეწყალების საქმეს იმ პირის მიმართ წარუდგენს, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე იხდის. შეწყალების უფლების გამოყენებისას გასათვალისწინებელია: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება. ჩამონათვალიდან ჩანს, რომ ბრალის აღიარება შეწყალების უფლების გამოყენების წინაპირობა არაა. ამასთან, შეწყალების წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გიგი უგულავას შეწყალების საქმე არ დააკმაყოფილებს განსაზღვრულ წესებს, პრეზიდენტს სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეუძლია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეწყალების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ის საკითხს შეწყალების წესის შესაბამისად განიხილავს. ამავე წესის მიხედვით, შეწყალების თხოვნით მიმართვა შეუძლია, როგორც მსჯავრდებულს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

----------------------------------------------------------------------------

[1] 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავამ სასჯელი უკვე მოიხადა, მას საბოლოო სასჯელად 3 წელი და 2 თვე პატიმრობა განესაზღვრა.

[2] The History Of The Presidential Pardon

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი