რეზიუმე: საქართველოს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაზუსტებული მონაცემების თვალსაზრისით (2018 წლის ჩათვლით) ბოლოს 2012 წელს (6.4%) ჰქონდა. 2013-2018 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017-2018 წლებში ფიქსირდება და ის ორივე პერიოდში 4.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2019 წელს, ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის მხოლოდ წინასწარი შეფასებაა ცნობილი და ის საქსტატის მონაცემებით 5.2%-ს შეადგენს. თუ აღნიშნული მაჩვენებელი დაზუსტების შემდგომაც 5%-ზე ზევით შენარჩუნდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, ბოლო 7 წლის მანძილზე, როცა საქართველოს ეკონომიკის ზრდამ მინისტრის მიერ დასახელებულ ზღვარს მიაღწია ან გადააჭარბა. შესაბამისად, მაჭავარიანის განცხადება, რომ საქართველოს ეკონომიკა 5%-ზე მაღალი ტემპით იზრდება, 2018 წლისათვის სიმართლეს არ შეესაბამება. 2019 წლის შემთხვევაში კი მხოლოდ წინასწარი მონაცემია ცნობილი, რომელიც ამ ეტაპზე 5%-ზე მაღალია. დაზუსტების შემდგომაც იგივე მონაცემი გვექნება თუ არა, უცნობია.

რეგიონთან შედარების ნაწილში კი ცალსახაა, რომ მინისტრის განცხადება ტყუილია. მართალია, ტერმინი რეგიონი საკუთარ თავში ერთგვარ განუზღვრელობას მოიცავს, ვინაიდან, როგორც წესი, გაურკვეველია ამ ჯგუფში განცხადების ავტორს რომელი ქვეყნები და რა პრინციპით შეჰყავს. თუმცა ცალსახაა, რომ რეგიონი მინიმუმ მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს აუცილებლად მოიცავს. მეზობელი ქვეყნებიდან კი სომხეთი 2017-2018 წლებში შესაბამისად 2.7 და 0.4 პროცენტული პუნქტით უსწრებდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. იგივე მონაცემი 2017-2018 წლებში თითოეული წლისთვის 4.8%-ს შეადგენს.

2019 წელს სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.6%-ს შეადგენს. ფაქტობრივად კი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წელს 5.2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდისათვის სსფ-ის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს. ფაქტობრივი მაჩვენებლის სახით კი ცნობილია, რომ არმსტატის შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებლმა სომხეთში 7.8% შეადგინა. დასახელებული მონაცემი ეკონომიკური ზრდის იდენტური სიდიდე არ არის, თუმცა ისტორიულად ეკონომიკური ზრდის პროცენტული სიდიდისაგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, სომხეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს საპროგნოზო 6%-იან ნიშნულს გადააჭარბებს და ეკონომიკური აქტივობის ინდექსის 7.8%-იან ნიშნულთან ახლოს იქნება. შესაბამისად, 2019 წლისათვის სომხეთის ეკონომიკის ზრდა ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი საქართველოს ანალოგიურ მონაცემს აჭარბებს. სხვა მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები 2018-2019 წლებში საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე არსებითად ნაკლებია.

ანალიზი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო 2 წელია 5%-ზე მაღალი ტემპით იზრდება და ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში.

განცხადების რეალობასთან შესაბამისობის ანალიზისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია განიმარტოს რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრი „რეგიონში“. ტერმინი რეგიონი საკუთარ თავში ერთგვარ განუზღვრელობას მოიცავს, ვინაიდან, როგორც წესი, გაურკვეველია, ამ ჯგუფში განცხადების ავტორს რომელი ქვეყნები და რა პრინციპით შეჰყავს. თუმცა, ცალსახაა რომ რეგიონი მინიმუმ მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს აუცილებლად მოიცავს. განცხადებიდან ასევე ნათელია, რომ მაჭავარიანი საუბრისას ბოლო 2 წლის ფაქტობრივ მონაცემებს გულისხმობს, შესაბამისად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს 2018-2019 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს. აქედან ფაქტობრივი მონაცემები სრულყოფილად ყველა ქვეყნისთვის მხოლოდ 2018 წლისათვის არის ცნობილი, 2019 წლის შემთხვევაში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ,2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ ზრდის საპროგნოზო შეფასებები აქვს ასახული. საქართველოს შემთხვევაში კი 2019 წლის ზრდის წინასწარი შეფასებაც ცნობილია. მოცემული ანალიზიც აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა.

საქართველოს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაზუსტებული მონაცემების თვალსაზრისით (2018 წლის ჩათვლით) ბოლოს 2012 წელს (6.4%) ჰქონდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში [1] კი ეკონომიკის ზრდას 5%-იანი ნიშნულისათვის არასდროს მიუღწევია. 2013-2018 წლების პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017-2018 წლებში ფიქსირდება და ის ორივე წელს 4.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2019 წელს, ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის მხოლოდ წინასწარი შეფასებაა ცნობილი და ის საქსტატის მონაცემებით 5.2%-ს შეადგენს. თუ აღნიშნული მაჩვენებელი დაზუსტების შემდგომაც 5%-ზე ზევით შენარჩუნდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, ბოლო 7 წლის მანძილზე, როცა საქართველოს ეკონომიკის ზრდამ მინისტრის მიერ დასახელებულ ზღვარს მიაღწია ან გადააჭარბა.

გრაფიკი 1. ეკონომიკური ზრდისა და რეალური მშპ-ს ცვლილების ტენდენცია საქართველოში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შედარებას რეგიონის ქვეყნებთან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს მეზობელი ქვეყნებისა და საქართველოსათვის გრაფიკი 2 ასახავს. როგორც გრაფიკიდან ჩანს, უახლოეს წარსულში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდით სომხეთი და თურქეთი უსწრებდა, 2016 წელს- თურქეთი, 2017 წელს- ისევ სომხეთი და თურქეთი.

გრაფიკი 2. ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება უშუალოდ ბოლო ორ წელს, 2018 წლის ფაქტობრივი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა და სომხეთის ანალოგიურ მონაცემს 0.4% პუნქტით ჩამორჩა. სხვა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა არსებითად ნაკლებია. 2019 წლის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლეს საპროგნოზო მონაცემს (4.6%) აღემატება, თუმცა სომხეთისთვის სსფ-ს მიერვე განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელს 6%-ს ჩამორჩება. ასევე ცნობილია 2019 წელს სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი, რაც არმსტატის შეფასებით 7.8%-ს შეადგენს და საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებულ მაჩვენებელზე არსებითად მაღალია.

გრაფიკი 3. განსხვავება სომხეთის ეკონომიკის ზრდისა (GDP Growth) და ეკონომიკური აქტივობის ინდექსის (Indicator of Economic Activity) ისტორიულ მონაცემებს შორის

წყარო: სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტი

უნდა განიმარტოს, რომ ეკონომიკური აქტივობის ინდექსი, რომელსაც სომხეთი იყენებს ეკონომიკური ზრდის ოპერატიულ შემფასებლად, ეკონომიკური ზრდის იდენტური/შესადარისი მონაცემი არ არის, თუმცა ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებლისაგან ისტორიულად უმნიშვნელოდ განსხვავდება. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, სომხეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც 2019 წელს საპროგნოზო 6%-იან ნიშნულს გადააჭარბებს და ეკონომიკური აქტივობის ინდექსის 7.8%-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შესაბამისად, ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი, 2019 წელს სომხეთს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა დაუფიქსირდება, ვიდრე საქართველოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არათუ რეგიონში, მეზობელ ქვეყნებშიც კი საქართველოს 2015-2019 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია და ყოველწლიურად მინიმუმ ერთი ქვეყანა უსწრებდა. ამავე პერიოდში, გარდა 2016 წლისა, სომხეთს პერმანენტულად უკეთესი ზრდის მაჩვენებელი უფიქსირდება. მეტიც, 2015-2017 წლებში, საქართველოზე უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა თურქეთი, რომელიც ეკონომიკურად მეტად განვითარებული ქვეყანაა და მისთვის ნაკლებად განვითარებულ საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა მეტ სირთულეს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------

[1] იგულისხმება 2013-2018 წლების მონაკვეთი, რომლისთვისაც დაზუსტებული მონაცემებია გამოქვეყნებული. 2019 წლის შემთხვევაში მხოლოდ წინასწარი შეფასებაა ცნობილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი