ფოტო: მიხეილ სააკაშვილი, ტიგრან მეორე, ნიკოლ ფაშინიანი

რეზიუმე: მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში ახსენებს მაჩვენებელს - ერთიან ეროვნულ პროდუქტს, რაც არსობრივად განსხვავდება მთლიანი შიდა პროდუქტისგან, რომელზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საუბრობდა. თუმცა კონტექსტიდან და შედარებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მშპ-ზე საუბრობდა და ტერმინი არასწორად გამოიყენა. მცდარია სააკაშვილის მტკიცება, თითქოს სომხეთის მიმდინარე დოლარში გამოსახული მშპ საქართველოს მაჩვენებელს წარსულში არ უსწრებდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2005-2009 წლებში, სომხეთი საქართველოს მიმდინარე აშშ დოლარში გამოსახული მშპ-თი უსწრებდა, ხოლო 2004-2009 წლებში კი რეალური, 2010 წლის ფასებში გამოსახული, მშპ-ის მაჩვენებლით.

ასევე, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მშპ-ის მაჩვენებლის შესადარებლად დოლარში გამოსახული მონაცემის გამოყენება, რიგი მიზეზის გამო, მართებული არ არის. პირველ რიგში, სხვადასხვა ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასების ოპტიმალური მეთოდი მსყიდველუნარიანობის გათანაბრების მეთოდით PPP-ს (Purchase Power Parity) დათვლილი მშპ-ის განხილვაა. ამ მაჩვენებლით კი 2019 წელს საქართველო სომხეთს უსწრებს. მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, 2013-2019 წლებში დოლარში გამოსახული მშპ-ის ცვლილება მეტად არის დამოკიდებული დოლარის კურსის მკვეთრ მერყეობაზე, ვიდრე ეკონომიკურ წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია რომ 2019 წლის ნოემბერში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სომხეთი აღნიშნულ განახლებულ მეთოდოლოგიაზე 2014-2015 წლებში გადავიდა, შესაბამისად, ძველი და ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მშპ-ის შედარება სომხეთს დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს, სწორედ, აღნიშნული ფაქტორის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ანალიზი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველოს გაუსწრო. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ლაივ-ვიდეო გაავრცელა, სადაც ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სომხეთის ერთიანი ეროვნული პროდუქტი [მშპ] პირველად უსწრებს საქართველოს ეროვნულ პროდუქტს [მშპ].

„ნიკოლ პაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტით რთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს. ასეთი რამე არ მომხდარა რა თქმა უნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ, არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მცხოვრებლების შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა“, - თქვა სააკაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანის მიერ მშპ-ის მაჩვენებლის შესადარებლად დოლარში გამოსახული მაჩვენებლის გამოყენება რიგი მიზეზის გამო, არ არის მართებული. პირველ რიგში, სხვადასხვა ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასების ოპტიმალური მეთოდია მსყიდველუნარიანობის გათანაბრების მეთოდით PPP-ს (Purchase Power Parity) დათვლილი მშპ-ის განხილვა, ამ მაჩვენებლით კი წელს საქართველო სომხეთს უსწრებს. 2019 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი - მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში შეადგენს 18,615 საერთაშორისო დოლარს, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 12,227 დოლარს, ხოლო სომხეთის -მშპ ერთ მოსახლეზე 11,083 საერთაშორისო დოლარს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის მიხედვით, PPP მიდგომით დათვლის შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მდიდარი ქვეყანა არის აზერბაიჯანი, მას საქართველო მოჰყვება, საქართველოს შემდგომ კი სომხეთია.

გრაფიკი 1: საქართველოს და სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე (PPP) 2004-2019 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2005-2008 წლებში სომხეთი საქართველოს მსყიდველუნარიანობის პარიტეტით დათვლილი მშპ-ის მაჩვენებლით უსწრებდა. რეგიონის რიგ ქვეყნებში, 2013-2019 წლებში, დოლარში გამოსახული მშპ-ის ცვლილება მეტად არის დამოკიდებული დოლარის კურსის მკვეთრ მერყეობაზე, ვიდრე ეკონომიკურ წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე (აღნიშნულ თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ სტატია).

ასევე, მნიშვნელოვანია რომ 2019 წლის ნოემბერში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. საქართველოს შემთხვევაში, მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 3.5 მლრდ ლარით, 41.1 მლრდ ლარიდან - 44.6 მლდ ლარამდე გაიზარდა. სომხეთი აღნიშნულ განახლებულ მეთოდოლოგიაზე 2014-2015 წლებში გადავიდა, შესაბამისად, ძველი და ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მშპ-ის შედარება სომხეთს დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს. სწორედ, აღნიშნული ფაქტორის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

მეორეს მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება მართებულიც რომ ყოფილიყო, მცდარია მიხეილ სააკაშვილის მტკიცება, რომ სომხეთის მიმდინარე დოლარში გამოსახული მშპ საქართველოს მაჩვენებელს წარსულში არ უსწრებდა. მეტიც, როგორც ცხრილ 1-ზეა ილუსტრირებული, 2005-2009 წლებში, აშშ დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ-ით სომხეთი ლიდერობდა, ხოლო 2004-2009 წლებში, 2010 წლის ფასებში გამოსახული რეალური[1] მშპ-ის მაჩვენებლითაც უსწრებდა საქართველოს.

ცხრილი 1: მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში (აშშ დოლარი) 2004-2018 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰრანტ ბაგრატიანიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სომხეთი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ბოლოს სწორედ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2005-2009 წლებში უსწრებდა. ამასთან,ბაგრატიანიარ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს ამ მაჩვენებლით, სომხეთმა საქართველოს 2019 წელს გადაუსწრო.


[1] რეალურ მაჩვენებელში გამორიცხულია ინფლაციის გავლენა

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი