საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი ქართული ხორცით მომარაგდება. ამ მიზნით, სამინისტრო (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე შესყიდვების სააგენტოსგან ერთთვიან უფლებას იღებს, იმისათვის, რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები ქართული, გაუყინავი ხორცით უწყვეტად მომარაგდეს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით ქართველ ფერმერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მობილიზება მოახდინონ.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდება. 2019 წლის 1 ნოემბრიდან მინისტრის დავალებით, კვების რაციონი შეიცვალა და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. სამხედროების კვების რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა. ჩვენ დავინტერესდით, ქართული ხორცით ჯარის უწყვეტი მომარაგება რამდენად არის შესაძლებელი. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემდეგი რაოდენობის ხორცი იწარმოება:

ცხრილი 1: საქართველოში წარმოებული ხორცის რაოდენობა 2013-2018 წლებში (ათასი ტონა)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

ხორცი, სულ

48.4

59.3

66.7

66.1

66.2

72.6

საქონლის ხორცი

20.2

22.8

24.4

21.5

21.4

22.9

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში სულ 72.6 ათასი ტონა ხორცი იყო ნაწარმოები, მათ შორის - 22.9 ათასი ტონა საქონლის ხორცი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტრომ (შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე თავდაცვის ბაზების საქონლის ხორცის მომარაგების მიზნით შპს „უხვთან“ ხელშეკრულება გააფორმა (SPA 170016364). ხელშეკრულების ღირებულება 2 222 500 ლარი იყო. შპს „უხვს“ თავდაცვის ბაზები გაყინული საქონლის ხორცით ექვსი თვის განმავლობაში უნდა მოემარაგებინა. ერთი კილოგრამი გაყინული საქონლის ხორცის ღირებულება 12.70 ლარი იყო. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ 2018 წელს ქართული ჯარის უზრუნველსაყოფად საჭირო წლიური ნორმა გამოვიანგარიშეთ. აღმოჩდა, რომ მთელი წლის განმავლობაში ჯარისთვის დაახლოებით 350 000 (350 ტონა) კილოგრამი ხორცი იყო საჭირო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს 22.9 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს. შესაბამისად, საქართველოში ნაწარმოები ხორცის რაოდენობა, ქართული ჯარის ქართული გაუყინავი ხორცით უწყვეტად მოსამარაგებლად, თეორიულად სრულიად საკმარისია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წელს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით მომარაგება იქნება მოთხოვნილი. ასევე, მინისტრის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის, ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გაივლის.

ქართველ ფერმერებს ქართული ხორცით ჯარის უწყვეტ რეჟიმში მომარაგების პოტენციალი რამდენად აქვთ, ამის შეფასება მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ბექა გონაშვილს ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, ქართველ ფერმერთა სამუშაო ჯგუფი სამინისტროსთან კოორდინაციით, ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგების საკითხზე მუშაობს. შესათანხმებელია რამდენიმე საკითხი, კერძოდ: ახალი ხორცის ფასი, რაც, რა თქმა უნდა, გაყინული ხორცის ფასზე მეტი იქნება (თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებით, გაყინული ხორცის ფასი 12.5-13 ლარს შორის მერყეობს). გარდა ამისა, ახალი ხორცის ფასი ყოველთვიურად იცვლება და ფასის ისე დარეგულირება უნდა მოხდეს, რომ არც ფერმერი და არც სამინისტრო არ დაზარალდეს. ბექა გონაშვილის თქმით , 2020 წელს თავდაცვის სამინისტრო 650 ტონა ხორცის მიწოდებას ითხოვს, რაც სულ 3000 სული საქონელია. „სწორი მენეჯმენტის და ფასზე შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამის განხორციელება სრულიად შესაძლებელია“,- აღნიშნა ბექა გონაშვილმა „ფაქტ-მეტრთან" საუბარში.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით წარსულშიც მარაგდებოდა, კერძოდ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2015-2016 წლებში). აღნიშნულის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თემის კომენტირებისას თავად განაცხადა. ამის დასტურია თავდაცვის სამინისტროს მიერ საქონლის ხორცის შესყიდვაზე 2015-2016 წლებში გამოცხადებული ტენდერები (SPA160018355; SPA150032743; SPA150032740; SPA1500322738; SPA150028763; SPA150015679). აღნიშნული ტენდერების პირობები თავდაცვის ძალების ქართული, ნედლი ხორცით მომარაგებას ითვალისწინებდა. ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების რაციონში კვლავ გაყინული ხორცი დაბრუნდა.

ჩვენ ქართული ხორცით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი