ახალი წლის დადგომასთან ერთად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა. გუდაურში, „რედკოს“ დასახლებას რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდა. ბაკურიანში, წაქაძის და აღმაშენებლის ქუჩებზე, სადაც სასტუმრო „მგზავრები“, „პანორამა“ და კიდევ 20 საოჯახო სასტუმრო მდებარეობს, იგივე პრობლემამ შედარებით გვიან, 3 იანვარს, იჩინა თავი. მთავრობამ უწყლობის რეალურ მიზეზად უნალექო შემოდგომა დაასახელა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა: „გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, ხედავთ, რომ არ გვაქვს თოვლი და ნალექი. ეს ყველაფერი აისახება წყლის მოცულობაზე. პიკურ სეზონზე, როგორიც არის ახალი წელი, გუდაურში, ასევე ბაკურიანში, წყლის მოხმარება რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ დაკლებული წყლის მარაგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოცულობას. შესაბამისად, გუდაურშიც და ბაკურიანშიც პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც მდებარეობდა სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა და დაკლებული წნევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონოდა ამ დასახლებებს“.

წყლის პრობლემა გუდაურში წლების განმავლობაში არსებობდა, დაბაში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. აქედან გამომდინარე, გუდაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მშენებლობის პირველი ფაზა სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოიყო. მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შემდეგაც გუდაურის წყალმომარაგების სისტემას გარკვეული ხარვეზები მაინც ჰქონდა. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ დაბაში ყველა დიდ სასტუმროს საკუთარი რეზერვუარი აქვს, სადაც სათავე ნაგებობიდან წყალს აგროვებენ და შემდეგ სასტუმროების წყალმომარაგება აქედან ხორციელდება. ამ გზით სასტუმროები წყლის გაზრდილი მოხმარების პირობებში წნევის ვარდნით გამოწვეული წყლის შეფერხებით მიწოდების თავიდან აცილებას ცდილობენ. თუმცა ახალი წლის პერიოდში წყლის წნევამ იმდენად დაიკლო, რომ რეზერვუარებში საჭირო რაოდენობის წყალი ვერ დაგროვდა და რიგ სასტუმროებს წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნათ.

გუდაურის წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. 2019 წლის დასაწყისში გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და ჩინურ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც დაბა გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სიტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ხელშეკრულების ფარგლებში ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილები აშენდება, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა. სამუშაოები 2020 წლის იანვარში უნდა დაიწყოს (აქვე აღვნიშნავთ, გუდაურში იანვრის თვის ტემპერატურა -2-დან -21 გრადუსამდე მერყეობს) და 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკურორტო ზონაში დღემდე არ არსებობს გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს“ (განცხადება 2019 წლის 01.05-ში არის გამოქვეყნებული).

რაც შეეხება ბაკურიანს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბაში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები 2019 წლის 5 დეკემბერს დაასრულა. „კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა. სამუშაოები ითვალისწინებდა წყლის სათავე ნაგებობების და 2 კმ-მდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი სისტემით ჩანაცვლებას. სამუშაოების შედეგად შემცირდა წყლის დანაკარგი და გაიზარდა დებიტი. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვიზიტორთა რაოდენობა

საინტერესოა ზამთრის კურორტებზე ბოლო წლებში ვიზიტორთა რაოდენობა. გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთში და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა. ბოლო წლებში საქართველოში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 2011-2012 წლებთან შედარებით 2018-2019 წლებში, ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა 578%-ით გაიზარდა. 2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, 2019 წელს ოთხივე კურორტზე ტურისტების რაოდენობა ჯამში 15%-ით არის გაზრდილი. დაბა გუდაურში 2018-2019 წლის სათხილამურო სეზონზე 2017 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2018-2019 წლის სეზონის მაჩვენებლით, 2017-2018 წლებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 20%-ით მოიმატა.

შემოდგომა რომ ნალექიანი არ იყო, ამ მოცემულობის გასაანალიზებლად მთავრობას საკმაო დრო ჰქონდა. ისიც ცნობილი იყო, რომ გუდაურში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებდა, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურს წყალმომარაგების პრობლემა არ შექმნოდა. არც ის ფაქტი უნდა ყოფილიყო სიურპრიზი, რომ ახალი წელი ზამთრის კურორტებისთვის პიკური სეზონია და გუდაურს და ბაკურიანს ამ პერიოდში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობს. სტატისტიკის მიხედვით, ზამთრის კურორტებზე ბოლო წლებში ვიზიტორთა ზრდის ტენდენცია აღინიშნება და 2019 წელს წინა წლის სეზონთან შედარებით, ორივე კურორტზე ვიზიტორთა ზრდამ 19-20% შეადგინა. მთავრობამ, შეიძლება, ითქვას, ვერ მოახერხა ამ რეალობის გათვალისწინება და ზამთრის კურორტები პიკურ სეზონს გაუმართავი წყალმომარაგების სისტემით შეხვდნენ. პრემიერ გიორგი გახარიას სიტყვებით რომ ვთქვათ „ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუდაურის წყალმომარაგების და საკანალიზაციო სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის იანვარში უნდა დაიწყოს. ჩვენ დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესს თვალს მივადევნებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ 2021 წლის ზამთრის სეზონისთვის მაინც ორივე დაბას გამართული წყალმომარაგების სისტემა ექნება და კვლავ უხვნალექიანი შემოდგომის იმედად არ ვიქნებით.

ფოტო: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი