რეზიუმე: ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიგრაციის მაჩვენებელს წინა ხელისუფლების პერიოდს ადარებს და მის შემცირებაზე მიუთითებს. გარე მიგრაციის მაჩვენებლების 2012 წლამდე პერიოდთან შედარება არამართებულია და ობიექტურ რეალობას ვერ ასახავს, რადგან 2012 წლამდე, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო გარე მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშება მოხდა. 2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის დაფიქსირებული მოსახლეობის სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა, რამაც რადიკალურად შეცვალა მიგრაციის მაჩვენებლები. 2012 წლამდე პერიოდში ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა - უარყოფითი მიგრაციული სალდო დასტურდება სხვადასხვა კვლევებით. თუმცა კონკრეტული წლების მონაცემები სადავოა.

ანალიზი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება: „საქართველოს მოქალაქეების მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს 2010-2011 წლებში მიაღწია. 2010 წელს ქვეყანა დატოვა 103 214-მა, ხოლო 2011 წელს - 107 202- მოქალაქემ. „ქართული ოცნების” პირობებში კი ემიგრაციის 6-ციფრიანი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა.. დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 3 თვის მანძილზე უვიზოდ და სრულიად ლეგალურად შეუძლიათ ცხოვრება, ქვეყნიდან უფრო ნაკლები ადამიანი გაედინება“.

„ფაქტ-მეტრმა“ დავით სონღულაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. საქართველოს მიგრაციის მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.

საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან დღემდე გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. თუმცა გარე მიგრაციის მაჩვენებლების 2012 წლამდე პერიოდთან შედარება არამართებულია, რადგან 2012 წლამდე, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო გარე მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა. 2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად გაიანგარიშებოდა ე.წ. ექსპერტული შეფასებებით. 2004 წლიდან საქსტატს ჰქონდა საზღვრის კვეთის მონაცემები, თუმცა ვერ ხერხდებოდა იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება და ამ მონაცემებში იყო რეალურად ყველა ის პირი, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე დაინერგა ახალი მეთოდოლოგია და შესაძლებელი გახდა იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა.

სტატისტიკაში არსებული შეუსაბამობის გამო, დღის წესრიგში წინა წლების მონაცემების გადაანგარიშება/განახლების აუცილებლობა დადგა. 2018 წელს, 2014 წლის საყოველთაო აღწერის საფუძველზე, ქვეყნის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გადაიხედა და ალტერნატიულ მონაცემებზე (მთა შორის შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევა) დაყრდნობით, დაახლოებით 8.7%-ით, 3.9 მილიონამდე შემცირდა. 2002 წლის მოსახლეობის კორექტირებულ მაჩვენებელსა და 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობა, ბუნებრივი მატებისა (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდოს (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) მაჩვენებლებს უნდა მოეცვა. დაკორექტირდა ბუნებრივი მატების მაჩვენებლებიც. 2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის დაფიქსირებული სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა. საქსტატმა მიგრაციული სალდოს არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. ძველი მონაცემებით აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო დადებითი იყო. განახლებული მონაცემებით კი მიგრაციული სალდო 2002 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად უარყოფითია. აღსანიშნავია, რომ ძველი მონაცემებით მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი აღინიშნებოდა 2005 და 2009-2011 წლებში. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო. (იხილეთ გრაფიკი 1) გადაანგარიშებისას გადაიხედა მხოლოდ 2012 წლამდე არსებული მონაცემები, ანუ ის პერიოდი, როდესაც მიგრანტების და ემიგრანტების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სადავოდ არ მიიჩნევა ის ფაქტი, რომ 2002 წლის აღწერის შედეგად მიღებული მოსახლეობის ოდენობა გადაჭარბებული იყო, ასევე ის ფაქტი, რომ აღწერათაშორის პერიოდში (2002-2014 წლებში) მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო. თუმცა მიგრაციის ცალკეული პერიოდის მაჩვენებლები, 2012 წლამდე, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, აღწერათაშორის არსებული მოსახლეობის რიცხოვნების ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს მისი შედარება სხვა პერიოდთან, არა მართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის.

გრაფიკი 1: გარე მიგრაციული სალდოს ძველი და განახლებული მონაცემები, 2002-2018 წლები

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიგრაციაზე საუბრისას, ხაზგასმით საუბრობს საქართველოს მოქალაქეების მიგრაციაზე, თუმცა მის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მიგრაციის საერთო მაჩვენებელს ასახავს და არა საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე, მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტთა და იმიგრანტთა რიცხოვნობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საერთოდ არ არსებობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი