სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ა/რ-ში არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულება (საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელსაც, ვაჭრობისას, იზრდება) ზუსტად არ არის განსაზღვრული, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებასა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპერტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირება და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა, სავარაუდოდ, საბაზრო ფასზე ნაკლები თანხით განხორციელდა და ამასთანავე, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას.

ერთ-ერთი გარემოება, რომელზეც აუდიტი საუბრობს, ბათუმში, მ. აბაშიძის №40-ში მდებარე 1 128 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 664,8 კვმ შენობა-ნაგებობას შეეხება. უწყების შეფასებით, ბათუმის საკრებულოს 2015 წლის დადგენილებისა (მოქმედებდა 2018 წლის ჩათვლით) და ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით, ქონების ღირებულება 4 800 480 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2018 წლის მარტში, აუდიტორულმა კომპანია „ინტელექტ-აუდიტმა“ 1 719 237 ლარად შეაფასა, რაც ადრინდელ შეფასებასთან შედარებით, 64.2%-ით ნაკლებია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან შედარებით, 2 197 860 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა. აღნიშნული ხელშეკრულება სამინისტროსა და ფიზიკურ პირს შორის არის გაფორმებული.

მეორე გარემოება მწვანე კონცხის დასახლებაში არსებულ ქონებას შეეხება. ამ შემთხვევაში საუბარია შპს „ბიზნეს დეველოპმენტზე.“ ამ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ ყურადღება ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში გაამახვილა. ჩვენ მაშინ უკვე აღვნიშნეთ, რომ „ბიზნეს დეველოპმენტი“ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიაა და ის მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ათეულობით ათასი კვმ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფად გადაეცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც სწორედ ამ ქონებით დაინტერესდა.

დოკუმენტის მიხედვით, მყიდველმა 32,67 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ერთმანეთის მომიჯნავედ ხუთ საკადასტრო ერთეულზე მდებარე 7 944 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათზე დამაგრებული 424,3 კვმ შენობა-ნაგებობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 686 382 ლარად შეიძინა. როგორც უწყება მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის 1 კვმ 40 ლარად შეაფასა, თუმცა იმავე ტერიტორიაზე, იმავე ექსპერტის შეფასებით, 1 კვმ 109 ლარად შეფასდა. მიუხედავად ამ შეუსაბამობისა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქონების შეფასების დოკუმენტის გადამოწმება არ მოითხოვა. აქედან გამომდინარე, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზება, სავარაუდოდ, 414 207 ლარით ნაკლებ ფასად განხორციელდა.

კიდევ ერთი ობიექტი, რომლის საპრივატიზებო თანხასაც აუდიტის სამსახური შემცირებულად მიიჩნევს, აღმაშენებლის ქუჩის №13ა-ში მდებარეობს. 1 200 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისების მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. დამოუკიდებელმა აუდიტორმა ქონება 144 000 ლარად შეაფასა, 1 კვმ - 120 ლარად. აუქციონის შედეგით, ღირებულებამ 148 000 ლარი შეადგინა. ქონება შპს „სამშენებლო ალიანსმა“ შეიძინა. აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის 1 კვმ შეფასებულია 205 ლარად, ხოლო იმავე მისამართზე - 188 ლარად. უწყების დასკვნით, მერიამ, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ქონება ხელახლა არ შეაფასებინა. შედეგად საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, მიწის ნაკვეთი, აუდიტის სამსახურის დასკვნით, სავარაუდოდ, 77 600 ლარად ნაკლებ ფასად გაასხვისა.

როგორც ზემოთ ვთქვით, სამინისტრომ და მერიამ აღნიშნული ქონებები, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ჯამში, 2 689 667 ლარით ნაკლებ ფასად განკარგეს. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე გარემოებაზეა გამახვილებული, როცა ექსპერტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის ა/რ მთავრობის ბრძანებით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე არის შემცირებული.

ცხრილი 1. ქონება, რომლის საწყისი საპრივატიზებო ღირებულებაც აჭარის ა/რ მთავრობის ბრძანებით შემცირდა

მყიდველი და ქონების მისამართი

ღირებულება აუდიტის შეფასებით, ლ

საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, ლ

ნასყიდობის ღირებულება, ლ

შენიშვნა

შპს „კრისტალ ბილდინგი“

2 492 370

1600 000

1648 000

ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პირგასამტეხლო - 537248 ლ

ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი №277, 29322 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი

შპს „არომა ნეო“

907 950

406 500

416 500

ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პირგასამტეხლო - 63517 ლ

ქობულეთი, მეგობრობის №42, 7842 კვმ მიწის ნაკვეთი და 1066 კვმ შენობა-ნაგებობა

შპს „ელ&ერ კომპანი“

1321 300

720 000

735 000

სამინისტროსთან შეთანხმებით, ქონება დაიტვირთა იპოთეკით

ქობულეთი, აღმაშენებლის

N379 -ის მიმდებარედ 13213 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

შპს „ალიანსი“

1790 760

1423 500

1468 500

ვერ ასრულებს სახელშეკრულებო პირობებს

ქობულეთი, აღმაშენებლის N291, 26213 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

შპს „ჰელს ქეარ გრუპი“,

2 650 675

100 000

2005 000

სამინისტროსთან შეთანხმებით, ქონება დაიტვირთა იპოთეკით

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ 100% წილი

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ვხედავთ, ცხრილში ასახული ქონება აუდიტის მიერ, ჯამში, 9 163 055 ლარად იყო შეფასებული, ნასყიდობის ღირებულებამ კი 6 273 000 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, 2 890 055 ლარით ნაკლებ ფასად განხორციელდა.

ამდენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან შედარებით, სავარაუდოდ, 5 579 722 ლარით ნაკლები ღირებულებით განხორციელდა.

აუდიტი აჭარის ა/რ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ ეყრნობა, რომლის მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში ნათქვამია, რომ უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად ( საუბარია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებაზე „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ (მე2 და მე-5 მუხლები)) დგინდება. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ (მე-6 თავის 34-ე მუხლი) იხელმძღვანელა.

ამ კანონისა და დადგენილებების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ სამინისტრომ და მერიამ რამდენიმე შემთხვევაში, ქონება, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ჯამში 2 689 667 ლარით ნაკლებ ფასად განკარგეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი