სსიპ საპენსიო სააგენტო 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა. მისი დირექტორის თანამდებობას ლევან სურგულაძე 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 16 დეკემბრამდე იკავებდა. საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, შარშან (არასრული წელი) სააგენტოსთვის გამოყოფილი იყო 377 200 ლარი, ხოლო წელს მისი დაფინანსებისთვის ბიუჯეტში 3 800 000 ლარი განისაზღვრა. აქედან 2 000 000 ლარი - 58 მომუშავის შრომის ანაზღაურებისთვის.

„ფაქტ-მეტრი“ სააგენტოს მიერ შექმნის დღიდან 2019 წლის ბოლომდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესდა.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ საპენსიო სააგენტომ 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, მომსახურების მეტი წილი გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სააგენტოს მიერ რემონტის, ავეჯის, სარეკლამო მომსახურებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები.

ცხრილი 1. სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 17 დეკემბრამდე

დასახელება

ღირებულება, ლ

რემონტი და რემონტთან დაკავშირებული შესყიდვები

25 023

ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, გასანათებელი მოწყობილობები

62 477

კომპიუტერები

118 450

სარეკლამო მომსახურება, ვიდეორგოლების მომზადება, განთავსება, ლოგოები

238668

პრინტერები, კატრიჯები

14 932

პირადი ჰიგიენა, დალაგება-დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები

7 320

სარესტორნო

11 177

სილქნეტი

23 744

მაგთიკომი

40 629

დაცვა და დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვები

32 448

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

გარდა ცხრილში ჩამოთვლილი შესყიდვებისა, სააგენტომ საანგარიშო პერიოდში, არაერთი მომსახურება: სატელეკომუნიკაციო, უსაფრთხოების, სხვადასხვა სახის აპარატების, პროგრამული პაკეტების, მართვის სისტემებისა და სხვა გამარტივებული წესით შეისყიდა. მაგალითისთვის, გაგაცნობთ ინფორმაციას რამდენიმე გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვის შესახებ: სააგენტომ მოქალაქეთა მისაღები სივრცის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები 8 350 ლარად შეისყიდა.

ორი ალუმინის ჩარჩო - 4 267 ლარი დაუჯდა, ხოლო ხუთ ორმაგმინიან ჩარჩოში 3 733 ლარი გადაიხადა. გამარტივებული შესყიდვის წესით, ფარდა-ჟალუზების მიწოდებისა და მონტაჟის მომსახურებაზე, 3 769-ლარიანი ხელშეკრულება შპს „დიოსთან“ გააფორმა.

ცხრამეტი ერთეული სავარძელი შპს „ტოპ სტორმა“ 4 332 ლარად მიაწოდა. ერთის ფასი - 228 ლარი. ასევე საოფისე ავეჯი 5 750 ლარად შეიძინა. საკონფერენციო დარბაზის დეკორატიული მოწყობის (კედელი და ორი სვეტი) მომსახურება შპს „პატიო არტისგან“ შეისყიდა 3 290 ლარად, ხოლო მანამდე, ამავე კომპანიას, საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის გაფორმების დიზაინის შემუშავებისთვის, 3 710 ლარი გადაუხადა. ჯამში, საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინისთვის 7 000 ლარი გახარჯა. ორივე მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით 2019 წლის 17 აპრილს განხორციელდა. შთამბეჭდავი მოცულობის თანხაა გადახდილი სააგენტოს რეკლამირების მიზნით. მაგალითად, სამი ოცდაათწამიანი ვიდეორგოლის დამზადება შპს „ულტრაგრუპს“ 42 000 ლარად დაუკვეთა.

ამავე კომპანიისგან სარეკლამო მომსახურება 154 200 ლარად შეისყიდა. ორივე ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 20 მაისს. კიდევ ერთი სარეკლამო კამპანიისთვის, შპს „ულტრაგრუპთან“ 24 060-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. სარეკლამო მომსახურების შესყიდვის მიზნით, სამთვიანი ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 17 700 ლარია, გაფორმებული აქვს ასევე შპს „GT სტუდიასთან“, ხოლო შპს „ტოპ გრუპთან“ სარეკლამო-საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით 38 528-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ასევე, სააგენტომ,შპს „სვოტ პროდაქშენთან“, სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადების შესყიდვის მიზნით, 30 000-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო შპს „ბი-ემ-ჯისგან“ 12 390 ლარად სარეკლამო მარკეტინგული მასალის განთავსების მომსახურება შეისყიდა.

ჯამში, როგორც ცხრილში მივუთითეთ, სარეკლამო მომსახურებების, ვიდეორგოლების მომზადების, განთავსების, ლოგოებისა და სხვა სარეკლამო ტიპის მომსახურებების შესაძენად სააგენტომ 238 668 ლარის ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე გააფორმა. საპენსიო სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვების გარდა, ელექტრონული ტენდერით შეიძინა ორი პერსონალური კომპიუტერი, ერთი პრინტერი და სხვა კომპიუტერული ტექნიკა - ჯამში 9 525 ლარად, სხვა კომპიუტერული ტექნიკა - 9 525 ლარად და დისკური შემნახველი მასივი, მონტაჟით და ლიცენზირებით - 146 355 ლარად. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში სააგენტომ 69 პერსონალური კომპიუტერი და ერთი ლეპტოპი შეიძინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობა (საშტატო ნუსხით) 58 ადამიანით განისაზღვრა. ე. ი., სააგენტომ თითქმის ერთ წელიწადში დასაქმებულთა რაოდენობაზე 11 ერთეულით მეტი პერსონალური კომპიუტერი შეიძინა.

საინტერესოა ისიც, რომ საპენსიო სააგენტომ სარემონტო სამუშაოები და ავეჯი არა მხოლოდ გამარტივებული წესით შეიძინა, არამედ - ელექტრონული ტენდერის საფუძველზეც. კერძოდ, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ახალი, 106. 2 კვმ დამატებითი ფართის სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდებაზე, 46 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. სააგენტომ, ასევე ელექტრონული ტენდერით, შეიძინა რბილი ავეჯი - 5 230 ლარად, მაგიდები და კარადა - 19 440 ლარად, სხვადასხვა სახის ავეჯი სხვადასხვა დროს - 8 120 ლარად და 16 601 ლარად. ე. ი., ორივე ტიპის ტენდერით, საპენსიო სააგენტოს, საერთო ჯამში დაახლოებით 112 000 ლარის ღირებულების ავეჯი აქვს შეძენილი. ავეჯის შესყიდვის მიზნით არის გამოცხადებული ბოლო ტენდერიც, რომლის სავარაუდო ღირებულება 11 277 ლარია. ორი პრეტენდენტიდან ერთ-ერთმა კომპანიამ სააგენტოს მომსახურების მიწოდება 8 880 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

სულ სააგენტომ შექმნის დღიდან დღემდე, 185 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. მიმწოდებლებთან ჯამში 751 973 ლარის, 8 742 აშშ დოლარისა და 750 ევროს ღირებულების ხელშეკრულებებია გაფორმებული.ინფორმაციისთვის, სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, რომლის ხელფასიც 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იყო, მიმდინარე წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი