რეზიუმე: ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენები „მცირე მთავრობის“ კონცეფცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პოსტზე წარდგენისას გამოცხადებულ ინიციატივებს შორის ერთ-ერთია. საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობის ზომის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორს ერთდროულად იყენებენ (International Monetary Fund, Fraser Institute, OECD). მათ შორის, ძირითად ინდიკატორად მიჩნეულია ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების წილი მშპ-ში, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება. მიუხედავად აღნიშნულისა, მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ზომის შეფასებისათვის მხოლოდ ბიუროკრატიის შრომითი ანაზღაურების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელს იყენებენ, რაც არასწორია.

თავისთავად მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემი რეალობას შეესაბამება და 2020 წლის ბიუჯეტის თანახმად ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურება ამავე პერიოდის საპროგნოზო მშპ-ს 4.4%-ია (მინისტრის მიერ დასახელებული 4.8% შეესაბამება ბიუჯეტის მეორე წარდგენისას არსებულ მონაცემს, რაც შემდგომში დაკორექტირდა) და 2016-2020 წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

თუმცა მთავრობის ზომის ანალიზისას მეტად მნიშვნელოვანი ინდიკატორია სახსრების ის მოცულობა რასაც განკარგავს მთავრობა. აღნიშნული მიზნით ერთიანი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდისა და ხარჯების მუხლების ჯამური მაჩვენებელი გამოიყენება. მთავრობის მიერ განკარგული სახსრების წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ იმეორებს ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯებისათვის დამახასიათებელ კლების ტენდენციას. მთავრობის მიერ განკარგული რესურსის წილი მშპ-სთან 2016-2020 წლებში 30%-ის მიდამოებში ნარჩუნდება. უფრო კონკრეტულად აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს 30.1%-ის ნიშნულზეა და უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება 2019 წლის მონაცემს, 2016-2017 წლებისას კი შესაბამისად 0.5 და 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ დასახელებული მონაცემი (4.8%) ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში, უცნობია რა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა მინისტრი, ვინაიდან საუბარია დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პარამეტრზე. მოცემული სახით სხვა ქვეყნების ბიუჯეტების შესახებ აგრეგირებულ მონაცემებს (ოპერატიულად) არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აქვეყნებს. უახლესი მონაცემები მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზებში 2017 წლით თარიღდება, რაც მოძველებული მონაცემია მოცემული მსჯელობისათვის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობის მოცემულ ნაწილში.

ანალიზი

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა ერთგული რჩება ე.წ „მცირე მთავრობის“ კონცეფციის და 2020 წლის ბიუჯეტის თანახმად ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯი, სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8%-ის ნიშნულზეა. მინისტრისვე შეფასებით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და შეფასებისას მხედველობაში იღებს ბიუჯეტის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის მქონე ქვეყნების ასეულს.

ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენები „მცირე მთავრობის კონცეფცია“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პოსტზე წარდგენისას ნათქვამ ინიციატივებს შორის ერთ-ერთია. ხელისუფლების მიერ ინიციატივის გამოცხადებიდან დღემდე, მთავრობის ზომის შესაფასებლად მხოლოდ ბიუროკრატიის შრომითი ანაზღაურების მშპ-სთან ფარდობა განიხილება. სინამდვილეში, მთავრობის ზომის შეფასების არაერთი ინდიკატორი არსებობს, რომლებიც ძირითადად ეფუძნება ნაერთი ბიუჯეტის კონსოლიდირებული მაჩვენებლების მშპ-სთან შეფარდებას. საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობის ზომის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორს ერთდროულად იყენებენ (International Monetary Fund, Fraser Institute, OECD). მათ შორის, ძირითად ინდიკატორად მიჩნეულია ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების წილი მშპ-ში, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება. მთავრობის მთლიანი ხარჯები ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელებია, რომლიც მოიცავს სახელმწიფოს (ცენტრალური), ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის გადასახდელებს და წარმოადგენს ყველა დონის მთავრობის მიერ საჯარო საქონლისა და მომსახურების წარმოების დანახარჯებს. მეორე ინდიკატორი კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას უკავშირდება და არა მათი შრომის ანაზღაურების მოცულობას, რადგან მსგავს ხარჯებს ბიუჯეტის გადასახდელები ისედაც მოიცავს. მიუხედავად ამისა, ინიციატივის წარმატებით განხორციელების შესაფასებლად მთავრობა მხოლოდ ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯს იყენებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საკითხის ინიცირებისას მამუკა ბახტაძემ მიზნად მაჩვენებლის 3.9%-მდე შემცირება დასახა, მაშინ, როცა აღნიშნული მიზანი უკვე მიღწეული იყო და ხელისუფლების მხრიდან დამატებით მცდელობებს არ საჭიროებდა. „ფაქტ-მეტრს“ აღნიშნულ საკითხზე არაერთი სტატია აქვს მომზადებული (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯი ერთიან ბიუჯეტში 2.36 მლრდ ლარს შეადგენს რაც საპროგნოზო მშპ-ს 4.4%-ია. (მინისტრი საუბარში გულისხმობდა ბიუჯეტის პროექტს მეორე წარდგენისას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენდა). შესაბამისი მონაცემის ცვლილებას ბოლო წლებისათვის გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1. შრომის ანაზღაურება ერთიან ბიუჯეტში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მოცემული მაჩვენებელი 2016-2020 წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება მტკიცებას, რომ აღნიშნული მონაცემი (4.8%) ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში, უცნობია რა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა მინისტრი, ვინაიდან საუბარია დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პარამეტრზე, მოცემული სახით სხვა ქვეყნების ბიუჯეტების შესახებ აგრეგირებულ მონაცემებს (ოპერატიულად) არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აქვეყნებს. უახლესი მონაცემები მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზებში 2017 წლით თარიღდება, რაც მოძველებული მონაცემია მოცემული მსჯელობისათვის. ამავდროულად მსოფლიოში ქვეყნების საბიუჯეტო მოწყობა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან და სიღრმისეული ანალიზის გარეშე ცალკეული კომპონენტის შედარება შესაძლებელია იყოს შეცდომაში შემყვანი. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობის მოცემულ ნაწილში და შემოიფარგლება მითითებით, რომ მსგავსი შესადარისი მონაცემების ხელმისაწვდომი სახით არსებობა სათუოა.

თუმცა მთავრობის ზომის ანალიზისას მეტად მნიშვნელოვანი ინდიკატორია სახსრების ის მოცულობა რასაც განკარგავს მთავრობა, მოცემული მიზნით ერთიანი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდისა და ხარჯების მუხლების ჯამური მაჩვენებელი გამოიყენება. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 2 ასახავს.

გრაფიკის 2. ერთიანი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფარდობა მშპ-სთან

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, მთავრობის მიერ განკარგული სახსრების წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ იმეორებს ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯებისათვის დამახასიათებელ კლების ტენდენციას. ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების [1] წილი მშპ-სთან 30%-ის მიდამოებში ნარჩუნდება. უფრო კონკრეტულად აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს 30.1%-ის ნიშნულზეა და უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება 2019 წლის მონაცემს, 2016-2017 წლებისას კი შესაბამისად, 0.5 და 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება.

----------------------------

[1] ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლების ჯამი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი