რეზიუმე: „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკანასკნელ ქართველამდე ვებრძოლოთ რუსეთს: საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები - ადამ კინზინგერი და ალექს მუნი ეწვევია“. სტატიის სათაური ქმნის დამაბნეველ ინტერპრეტაციას, თითქოს ფრაზა ამერიკელ კონგრესმენებს ეკუთვნით. გარდა ამისა, სტატიაში ვხვდებით კონსპირაციულ თეორიებს ტრამპის იმპიჩმენტის საკითხისა და კინზინგერის მიერ საქართველოს ბოროტი მიზნებით გამოყენების თაობაზე. სინამდვილეში ადამ კინზინგერი კონგრესში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ის „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ინიციატორია.

ანალიზი

6 ნოემბერს გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკანასკნელ ქართველამდე ვებრძოლოთ რუსეთს: საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები - ადამ კინზინგერი და ალექს მუნი ეწვევიან“.

სტატიის სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფრაზა „უკანასკნელ ქართველამდე ვებრძოლოთ რუსეთს“ ამერიკელ კონგრესმენებს ეკუთვნით, ხოლო მათი ვიზიტი საქართველოს ანტირუსულ კამპანიაში ჩართვას ემსახურება.

აღნიშნული სტატია გვთავაზობს კონსპირაციულ თეორიასაც, რომლის მიხედვით რესპუბლიკელ კონგრესმენს სურს საქართველოს გამოყენება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის საქმეში. სტატიის ავტორი კინზინგერს რუსოფობიაშიც ადანაშაულებს და წერს, რომ ის საქართველოს მეგობარი მანამდეა, სანამ მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

რეალურად, კინზინგერი და მუნი ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდნენ, ხოლო 8 ნოემბერს კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ.

ვიზიტისას კინზინგერმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც რესპუბლიკელები და დემოკრატები საერთო აზრზე თანხმდებიან: „ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“. ეს ჩემი ინიციატივა იყო. არსებობს დიდი შანსი, რომ მას სენატშიც დაუჭერენ მხარს და თეთრ სახლშიც. ძალიან გახარებულები ვართ. ეს აქტი მიუთითებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ასევე, საქართველოსა და მისი ხალხის თავისუფლებას, თავად აირჩიონ მთავრობა და დაასრულონ ოკუპაცია. ეს არის შესაძლებლობა, დაწესდეს სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩართულია ოკუპაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი არის ორპარტიული – რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს და სხვა საგარეო საკითხებს, ჩვენ ერთიანები ვართ“.

კინზინგერი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში. ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ადამ კინზინგერისა და დემოკრატი ჯერი კონოლის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესში, რომელსაც 23 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი ერთხმად დაუჭირა. ორპარტიული დოკუმენტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ხაზგასმით არის აღნიშნული.

დოკუმენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მოუწოდებს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ.

საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა 1992 წლიდან იწყება. თანამშრომლობამ მალევე მოიცვა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროები. 27-წლიანი ურთიერთობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • 1992 წელს გაფორმდა პირველი ეკონომიკური ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ინვესტორების შემოსვლას საქართველოში და ეკონომიკური კავშირის გაღრმავებას; 1992 წლის 23 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩო გაიხსნა, რომლის პრიორიტეტს ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერება და დემოკრატიის გამარჯვება წარმოადგენდა;
  • 1993 წელს ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ (TRACECA) პროექტში პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტირებას საქართველოს და აზერბაიჯანის გზით;
  • თანამშრომლობის სფეროები: კულტურისა და სამეცნიერო; გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ჰუმანიტარული, ტექნიკურ-ეკონომიკური, ინვესტიციების და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობისთვის;
  • მნიშვნელოვანია, აშშ- ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარება, რომელიც 1996 წლიდან გამოყოფს საქართველოსთვის საკვებ პროდუქტებს;ამ წლებში აშშ-ს მხრიდან გაწეულმა დახმარებამ (ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული) ხუთას მილიონ დოლარს გადააჭარბა (ჯოუნსი, 1995, 15).2003-2017 წელი პოლიტიკა;
  • ჯორჯ ბუშ უმცროსის წერილი - 2003 წლის იანვარში, აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერას. ერთჯერადი თანადგომის გარდა ამერიკის პრეზიდენტის წერილში აღძრული იყო არაერთი ისეთი საკითხი, რომელიც საქართელოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენდა 2003-2005 წლებში;
  • 2005 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს იყო დადასტურება, რომ ეს ორი ქვეყანა მჭიდრო პარტნიორები იყვნენ;
  • 2008 წელს ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი და გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის აუცილებლობის შესახებ. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ 116,3 მილიონი დოლარი გადმორიცხა ქვეყნის რეაბილიტაციის და აღმშენებლობისათვის;

2008 წელს იმჟამინდელმა სენატორმა ჯო ბაიდენმა გასცა პირობა, რომ აშშ საქართველოს სხვადასხვა სფეროს განსავითარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფდა. აღნიშნული დაპირება აშშ-მა რეალობაში განახორციელა, კერძოდ:

  • საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის განსავითარებლად აშშ-მა $48,600,000 გამოყო;
  • ინვესტიცია მოსახლეობაში/ჰუმანიტარული დახმარება – $440,433,000;
  • დახმარება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით – $467,890,000;
  • სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი – $2,000,000;

აღნიშნული პროცესების დინამიკამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განვითარებას, რომელსაც 2009 წლის 9 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერისთანავე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა, კერძოდ:

  • 2010-2014 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის დასრულება.
  • ახალი ეროვნული სამხედრო სტრატეგიის გამოქვეყნება.
  • სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის ძირითადი ინიციატივების განხორციელება.
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეორგანიზაცია.· პროგრესი ასევე მიღწეულ იქნა პროფესიულ სამხედრო განათლებაში, კერძოდ:
  • ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარება, რაც ასევე მოიცავს ოფიცერთა საბაკალავრო პროგრამას.
  • საქართველოს სიმულაციური სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება.
  • საქართველოს სამეთაურო და საშტაბო სწავლების კურსის განვითარება.

ამავე პერიოდში წარმოიშვა აშშ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, კერძოდ 2009 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები. 2014 წელს პროგრამა ჩანაცვლდა საქართველოს გადასროლის პროგრამა - მტკიცე მხარდაჭერის მისიით.

ამჟამად ქართული მხარე მონაწილეობს NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 870 სამხედრო მოსამსახურით. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ერთი სული მოსახლით ნომერ პირველი კონტრიბუტორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. 2010 წელს საქართველოს ეწვია ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც გამოხატა დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მას მუდმივ პარტნიორობას დაპირდა;

  • 2010 წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე იყო მიწვეული, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს NAთO-ში ინტეგრაციის პროცესი;
  • 2012-2014 წლებში რამდენჯერმე შეიკრიბა ქარტიაში დეკლარირებული სფეროების 4 სამუშაო ჯგუფი (დემოკრატიის და მმართველობის; თავდაცვის და უსაფრთხოების; ხალხთაშორის ურთიერთობების; ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის);
  • 2017 წლის 5 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს. ამ აქტით აშშ-მა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეროვნულ ინტერესად გამოაცხადა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

  • 2002 წელი - წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა;
  • 2005 წელი - მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამა;
  • სამი ქართული ბრიგადა, რომელიც GTEP-ის და SSOP-ის ფარგლებში იქნა გაწვრთნილი, 2005-2008 წლებში აშშ-ის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით ერაყში ასრულებდა მისიას;
  • 2010 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ქართული ქვეითი ბატალიონები მონაწილეობას იღებენ ავღანეთში მიმდინარეISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში;

ISAF-ის პროგრამის მეშვეობით 2010 წლიდან დღემდე გადასროლის წინა მომზადება 11 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. აღსანიშნავია, სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების შეფასებითი ხასიათის ვიზიტები და სხვ. ეს პროგრამები ფინანსდება და ხორციელდება აშშ-ის მხარის მიერ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სამხედრო რეფორმების სტიმულირებას და პროფესიული სამხედრო განათლების დონის ამაღლებას.უსაფრთხოების სფეროში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაა (BTRP), რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ის დაფინანსებით აშენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.

2013 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრის შედეგად თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას ახალი მიმართულებები დაემატა.თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებისა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარება, NATO-სთანთავსებადობის ხარისხის ამაღლება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ეკონომიკა/ინვესტიციები/ფულადი დახმარება სავაჭრო ბრუნვა

2005 წელს ათწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის პროგრამა დაიწყო რომლის ფარგლებშიც აშშ-მა საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონის დახმარება გაუწია; 2005-2008 წწ. – 295,3 მილიონი აშშ დოლარი; 2008 -2013 წწ. - 395,3 მილიონი აშშ დოლარი; 2013 წლიდან - დღემდე - 140 მილიონი აშშ დოლარი; 2007-2012 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოში განხორციელებულ იქნა 426.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ქვეყანაში არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 8,4%-ს შეადგენს. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ კი 2013 წელს 44.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სასწავლო პროგრამები და საფონდო დახმარებები ხაზგასასმელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა საქართველოს სწრაფი და უმტკივნეულო დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში, ასევე ფონდის საქმიანობა სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, მათი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა.

აღსანიშნავია, ამერიკის მიერ პერსონალის გაცვლისა და სასწავლო დაფინანსებების პროგრამები (ფულბრაიტის; მომავალი ლიდერების გაცვლის FLEX; სტუდენტური გაცვლის; საკანონმდებლო განათლების და პრაქტიკის LEAP; საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების; ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამები) და დემოკრატიული მართვის პრინციპების ხელშემწყობი აქტივობები. აშშ-საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობების ისტორია ყოველწლიურად უფრო მზარდი და ინტერაქციული ხდება. ამ წლების განმავლობაში აშშ-მ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო საქართველოს განვითარებაში. იმაში, რომ დღეს საქართველოს მეტ-ნაკლებად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი წარმატება აქვს აშშ-ის კონტრიბუცია ძალიან დიდია.

აღნიშნულ სტატიას „საქართველო და მსოფლიოს“ ვებგვერდ geworld.ge-ზე 3000-ზე მეტი ნახვა აქვს. შეგახსენებთ, რომ „საქართველო და მსოფლიო“ იმ მედიებს შორისაა, რომლებიც ყველაზე ხშირად აქვეყნებენ ანტიდასავლური შინაარსის სტატიებს. გაზეთსა და ინტერნეტპორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის დაარსებას 2009 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. ისტორიული მემკვიდრეობის აქტიური პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული ინსტიტუტი“, რომელიც მკვეთრად პრორუსული კურსი უკავია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი