„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს ამომრჩეველს ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის შემცირებას ჰპირდებოდა, დღეს ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. გამოსავალს ის საქართველოს მოსახლეობის ევროპაში ლეგალურად დასაქმებაში ხედავს.

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „დაახლოებით 1.5 მლნ ადამიანი არის საზღვარგარეთ მიგრაციაში, ამას თუ დავუმატებთ საქართველოში მცხოვრები უმუშევრობის რაოდენობას, დაახლოებით 2 მლნ ადამიანს მივიღებთ. კარგი ეკონომიკისა და კარგი კოორდინაციის შემთხვევაში, საქართველოში საშუალოდ 50 000 სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას წელიწადში. ათწლეულები დაგვჭირდება ჩვენ რომ ეს ადამიანები დავასაქმოთ საკუთარ ქვეყანაში.... ჩემი ინიციატივა იყო ეს და აქტიურად ვმუშაობთ უკვე რამდენიმე თვეა, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან... ჩვენ უნდა შევავსოთ ის დეფიციტი რაც ევროპელებს აქვთ, მათ აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები.. მიგრაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა დასაქმებულია არალეგალურად.... უამრავი პროფესიული სასწავლებელი უნდა გავხსნათ... ჩვენ გადავამზადებთ პროფესიებში და ლეგალურად დავასაქმებთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში“.

რაზე გვესაუბრა ბიძინა ივანიშვილი?

„ქართული ოცნების“ ლიდერი ცირკულარულ შრომით მიგრაციაზე გვესაუბრა, რომელიც მიგრანტებს უცხოეთში დროებით, ლეგალურ დასაქმებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, არალეგალური შრომით მიგრაციას ამცირებს. თუმცა ცირკულარული მიგრაციით უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, ისეთივე უტოპიური ხედვაა, როგორც 2012 წლის დაპირება უმუშევრობის დაძლევაზე.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, 2002-2013 წლებში ემიგრანტების რაოდენობამ 88,541 პირი შეადგინა. მათი უმეტესობა საქართველოდან უცხოეთში დასაქმების მიზნით წავიდა. საქართველოდან შრომითი მიგრაცია ხშირ შემთხვევაში არალეგალურია.

2009 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ 16 ქვეყანას შორის „პარტნიორობა მობილობისთვის“ დეკლარაციას, რომლის მთავარი ამოცანა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და ლეგალური მიგრაციისთვის ხელშეწყობაა. ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარებას ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაც. ცირკულარული მიგრაციის სქემა ითვალისწინებს კვოტების დაწესებას მუშახელზე, ანუ დამსაქმებელი ქვეყანა წინასწარ განსაზღვრავს თუ რა ოდენობის და რა პროფესიის ხალხი სჭირდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს და საფრანგეთს შორის „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის“ შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება ითვალისწინებს, როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. შეთანხმებით წელიწადში ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - ჯამში 500 კვოტა.

ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით, 2018 წელს საქართველოში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით. ამავე თემაზე მუშაობა, ასევე მიმდინარეობს ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი დაწყებულია პოლონეთთან, სადაც დასაქმებულია საქართველოს 30-მდე მოქალაქე.

ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიზანია, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემცირება. იმ შემთხვევაშიც კი თუ „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლარაციის ხელმომწერი ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოდან თითოეული გამოყოფს წლიურ კვოტას, ეს არ არის იმ მასშტაბის, რომ უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდეს.

უმუშევრობა ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება

„ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს, ვკითხულობთ: „ქართული ოცნება დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას“.

„ქართული ოცნების" მმართველობის 7 წლის თავზე ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება სიღარიბე და უმუშევრობა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად 245.7 ათასი ადამიანი უმუშევარია. უმუშევრობის დონემ 2018 წელს 12.7% შეადგინა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 17.2% იყო. თუმცა 2018 წელს 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 2%-ით (34.8 ათასი ადამიანით) არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გასული 3 წლის განმავლობაში, უმუშევრობის დონის შემცირების პარალელურად დასაქმებულთა რაოდენობაც მცირდება. რაც იმით აიხსნება, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობა შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, დასაქმებულთა 49.2% თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხებიან ის პირები, რომლებიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები. მათი დიდი ნაწილი კი თავს უმუშევრად მიიჩნევს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანაში წელიწადში 50 000 სამუშაო ადგილის შექმნის ალბათობაც არარეალურია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2014 წლის დონეზეა და 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ 34.8 ათასი ადამიანით გაიზარდა.

უმუშევრობის შემცირების ძირითადი გზა არის - მაღალი ეკონომიკური ზრდა (რომელსაც მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილები), შრომის ბაზრის ხელშეწყობა და სამუშაო ძალის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა მიმართული.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი