რეზიუმე: დემოკრატიის ინდექსის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმს წარმოადგენს, ერთი კატეგორიით წინ მდგომი ქვეყნები კი სრულ ან არასრულ დემოკრატიას. ასეთი სულ 75 ქვეყანაა. რეიტინგში საქართველოზე წინ მყოფი დემოკრატიებიდან, 47 ქვეყანა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ასარჩევად პროპორციულ სისტემას იყენებს. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს 47 ქვეყანა, რომელიც საქართველოზე განვითარებულია და ამავდროულად, საკანონმდებლო ორგანოს არჩევისთვის პროპორციულ სისტემას იყენებს. 22 მათგანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.

ანალიზი

14 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ საქართველოზე განვითარებული ყველა ქვეყანა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებდა, შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. კოპალიანი იმ 93 დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დაარეგისტრირეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ინიციატორი თავად კოპალიანი იყო, მან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო. საკუთარი პოზიციის განმარტებისას კი მთავარ არგუმენტად წარმატებულ ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემები მოიყვანა. „ფაქტ-მეტრი" დაინტერესდა, რომელ საარჩევნო სისტემებს იყენებენ საქართველოზე განვითარებული ქვეყნები.

იმის დასადგენად, თუ რა პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში საარჩევნო სისტემების კუთხით, საჭიროა, განვიხილოთ იმ სახელმწიფოების მაგალითები, რომლებიც დემოკრატიის ინდექსით საქართველოზე მოწინავე კატეგორიაში არიან.

2018 წლის მონაცემებით, საქართველო გარდამავალ რეჟიმს წარმოადგენს და 89-ე ადგილს იკავებს (იხ. ბმული; გვ. 38). ჩვენზე განვითარებული ქვეყნები, ამავე მონაცემების მიხედვით, სრულ ან არასრულ დემოკრატიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, შედარებისთვის რელევანტურები სწორედ აღნიშნულ კატეგორიებში შემავალი სახელმწიფოები არიან.

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 167 ქვეყნიდან 75 სრული ან არასრული დემოკრატიაა. აღნიშნული დემოკრატიებიდან 47 ქვეყანა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ასარჩევად პროპორციულ სისტემას იყენებს. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს 47 ქვეყანა, რომელიც საქართველოზე განვითარებულია და ამავდროულად, საკანონმდებლო ორგანოს არჩევისთვის პროპორციულ სისტემას იყენებს (იხ. ბმული). აღსანიშნავია, რომ მათ შორის 22 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. უფრო მეტიც, ყველაზე დემოკრატიული 10 სახელმწიფოდან, 9 (ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია, ირლანდია, ფინეთი, ავსტრალია, შვეიცარია) პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებს, ხოლო კანადაში მაჟორიტარული მოდელი მოქმედებს (გრაფიკი 1). აქედან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმის თქმა, რომ ყველა განვითარებული სახელმწიფო პროპორციული სისტემის ნაცვლად, შერეულ საარჩევნო სისტემას იყენებს.

გრაფიკი 1

პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩევლები ხმას აძლევენ არა რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს. თავის მხრივ, პარტიები წარადგენენ სიებს, რომლებშიც წარმოდგენილნი არიან კანდიდატები და მათ მიერ მანდატების მიღების რიგითობა. არჩევნების შემდეგ, სადეპუტატო მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება პარტიებს შორის (იხ. ბმული; გვ. 335). მაგალითად, თუ პარლამენტში 100 ადგილია და რომელიმე პარტია მიიღებს ხმების 30%-ს, მაშინ, ამ პარტიის სიიდან პირველი 30 ადამიანი შევა პარლამენტში. ამ სისტემის მთავარ ღირსებას ძალთა პროპორციული და სამართლიანი გადანაწილება წარმოადგენს. პროპორციული სისტემის შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოები კომპლექტდება იმ ადეკვატური თანაფარდობით, რა ფაქტობრივი თანაფარდობაც არსებობს პოლიტიკური პარტიების ძალებს შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არჩევნები ე.წ. რეგიონულ პროპორციული სისტემით ტარდება. ამ მოდელის მიხედვით, სახელმწიფოს ტერიტორია იყოფა რამდენიმე მრავალმანდანტიან ოლქად. მანდატების რაოდენობა თითოეულ ოლქზე, როგორც წესი, დამოკიდებულია ამ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე (იხ. ბმული; გვ. 336). ზემოთ აღნიშნული 47 ქვეყნიდან მხოლოდ ორი: ისრაელი (30-ე ადგილი) და სლოვაკეთი (44-ე ადგილი) იყენებს საერთო პროპორციულ სისტემას, როდესაც პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროცენტულობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ითვლება. ამ შემთხვევაში ქვეყნის მთელი ტერიტორია წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ითვალისწინებდა არჩევნების საერთო პროპორციული სისტემით ჩატარებას, ანუ დაახლოებით იგივე მოდელით, რომელსაც ისრაელი და სლოვაკეთი იყენებენ. განსხვავება ამ შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი იქნებოდა. სლოვაკეთში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ისრაელში - 3.25%. ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პროპორციული არჩევნები (ერთჯერადად) ე.წ. ბუნებრივი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. დღეს მოქმედი კონსტიტუციით საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე (5%-იანი საარჩევნო ბარიერით) მომდევნო საპარლამეტო არჩევნების შემდეგ გადადის.

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რიგგარეშე იქნება თუ არა, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან დაკომპლექტდება (დღეს მოქმედი მოდელით). პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა 77 მანდატი განაწილდება ერთჯერადად იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც მიიღებენ.

ყველაზე განვითარებული 75 სახელმწიფოდან მხოლოდ 16 ქვეყანაა ისეთი, რომლებიც შერეულ მოდელს იყენებენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დასაკომპლექტებლად (იხ. ბმული), 47 ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებს.

გრაფიკი 2

შერეული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში პარლამენტში არსებული ადგილების გარკვეული რაოდენობა პროპორციული სისტემით ნაწილდება, ხოლო დანარჩენი მაჟორიტარული წესით (კანდიდატები, რომლებიც ხმების დადგენილ უმრავლესობას მიიღებენ საარჩევნო ოლქში). გერმანიაში შერეული საარჩევნო სისტემა 1953 წლიდან მოქმედებს. დღეს არსებული სისტემით (საქართველოში კარგად ცნობილი „გერმანული მოდელით“) , გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი) 299 წევრს მაჟორიტარული წესით ირჩევენ, ხოლო დარჩენილი ადგილები პროპორციული სისტემის პრინციპით ნაწილდება პარტიული სიების მიხედვით. თითოეულ ამომრჩეველს „2 ხმა“ აქვს: ერთი ხმა ინდივიდუალური კანდიდატისთვის, ხოლო მეორე პარტიის სიისთვის (იხ. ბმული). ამ სისტემის მთავარ უპირატესობებს წარმოადგენს, ერთის მხრივ, ის, რომ არ იკარგება პარტიების გაძლიერების შანსი, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილია პერსონალური კავშირი ამომრჩეველსა და მათ მიერ არჩეულ პარლამენტარებს შორის (იხ. ბმული; გვ. 343). გერმანია ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელიც შერეულ საარჩევნო სისტემას იყენებს და არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე გერმანულ პარტიას ამ მოდელის ფარგლებში ბუნდესტაგში ადგილების ნახევარზე მეტი მოეპოვებინოს. ზოგადად, ბუნდესტაგში დეპუტატებისთვის 598 ადგილია გათვალისწინებული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს. მაგალითად, თუ პარტიას პროპორციული სისტემით 150 ადგილი ეკუთვნის და ამავდროულად 100 ოლქში გაიმარჯვა მისმა კანდიდატმა, დანარჩენი 50 მანდატი პარტიის სიიდან დაემატება. იმ შემთხვევაში, თუ პარტიას პროპორციული სისტემით 150 ადგილი ეკუთვნის, მაგრამ 160 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს მისმა წარმომადგენლებმა, ამ შემთხვევაში პარტია 10 დამატებით ადგილს მიიღებს, რაც აისახება ბუნდესტაგში არსებული მანდატების საერთო რაოდენობაზე.

ქართულ რეალობაში შერეული სისტემა სხვა მოცემულობას გვაძლევს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 48.68% მიიღო, მაგრამ პარლამენტში 150-დან 115 ადგილი დაიკავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. შესაბამისად, შერეული მოდელით ვერ გადანაწილდა სადეპუტატო მანდატები იმ პროპორციით, რა თანაფარდობაც არსებობდა პოლიტიკურ ძალებს შორის.

ცნობილია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფორმატმა ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ პროექტი შეიმუშავა, თუმცა ის ჯერჯერობით საჯარო არ არის. დღეისთვის ერთადერთი ხელშესახები დოკუმენტი, რომელიც გერმანული საარჩევნო სისტემის ელემენტებს შეიცავს და საქართველოს რეალობაში ადაპტირებულია, არის „რესპუბლიკელების“ მომზადებული პროექტი.

წინა მოწვევის პარლამენტში, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ინიცირებული იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოში არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით უნდა ჩატარებულიყო. გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტში მანდატების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია, შესაბამისად, გერმანიაში მოქმედი მოდელის ზუსტი ანალოგი ვერ შეიქმნებოდა. თუმცა გერმანული მოდელის მთავარი პრინციპი, რაც ზემოთ აღნიშნულ კანონპროექტში იყო გათვალისწინებული, გულისხმობდა საქართველოს პარლამენტში პარტიისთვის მაქსიმუმ იმდენი მანდატის მინიჭებას, რა პროცენტული მაჩვენებელიც აიღო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად, თუ პარტია პროპორციული სისტემით მიიღებდა 50 ადგილს პარლამენტში, ხოლო გაიმარჯვებდა 40 მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ 10 ადგილი შეივსებოდა პარტიული სიიდან. დღეს მოქმედი სისტემით კი განხილულ შემთხვევაში პარტიას პარლამენტში 90 ადგილი ექნებოდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 15 განვითარებული ქვეყნიდან, რომლებიც შერეულ საარჩევნო მოდელს იყენებს, 9 სახელმწიფოშია ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო (სამხრეთ კორეა, ბოცვანა, ტაივანი, ლიტვა, აღმოსავლეთ ტიმორი, უნგრეთი, მონღოლეთი, სინგაპური, სენეგალი).

პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნების მოდელებს თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ იმ 47 წარმატებული დემოკრატიიდან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ 21-ს, ისევე, როგორც საქართველოს, ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო აქვს. ეს ქვეყნებია: ახალი ზელანდია; ბულგარეთი; გაიანა; დანია; ესტონეთი; ისლანდია; ისრაელი; კაპო ვერდე; კოსტა რიკა; ლატვია; ლუქსემბურგი; მალტა; პერუ; პორტუგალია; საბერძნეთი; სერბეთი; სლოვაკეთი; ტუნისი; ფინეთი; შვედეთი და ხორვატია.

საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, მცხეთის მაჟორიტარი, დიმიტრი ხუნდაძე, 19 ნოემბერს, მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო. მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, სრული ან არასრული დემოკრატიებიდან, მხოლოდ 12 სახელმწიფო იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ 12 სახელმწიფოში სრულიად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის წარმატებულად მუშაობას დიდწილად განაპირობებს ხანგრძლივი ორპარტიული ტრადიციები, მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, მაჟორიტარულ სისტემაში მთავრობის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, მხოლოდ გამარჯვებულ პარტიაზეა დამოკიდებული. (იხ. ბმული. გვ.333). მაჟორიტარული სისტემის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წაგებულის ხმების დაკარგვა წარმოადგენს: გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. იმარჯვებს ერთი პარტიის კანდიდატი და სხვა პარტიების წარმომადგენლობა არ არის უზრუნველყოფილი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარმატებულ დემოკრატიებს, რომლებიც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას იყენებენ, ძირითადად, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო აქვთ. ამ მხრივ, გამონაკლისებს მავრიკის კუნძულები, პანამა, განა და პაპუა ახალი გვინეა წარმოადგენენ. ამ სახელმწიფოებს ერთპალატიანი პარლამენტი აქვთ.

ზემოთ აღნიშნული ანალიზიდან ჩანს, რომ არათუ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, არამედ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებს. რა თქმა უნდა, ამ სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, არსებობს დიდი განსხვავება სისტემის შიგნით საარჩევნო ბარიერსა და დარჩენილი პროცენტების გადანაწილების პრინციპებს შორის, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მას განვითარებული სახელმწიფოები არ იყენებენ ან მოძველებულია, სრული სიცრუეა.

რედაქტორის შენიშვნა:სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ახალ ზელანდიაში პროპორციული სისტემით ტარდება არჩევნები მაშინ, როცაშერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება. შესაბამისად, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოზე განვითარებული 48 სახელმწიფო ჩანაცვლდა 47-ით. ასევე, შესწორდა ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო ყველაზე დემოკრატიული 10 სახელმწიფოს საარჩევნო სისტემებზე. ვინაიდან აღნიშნული გარემოება არსებითად არ ცვლის მონაცემებს, ვერდიქტი უცვლელი რჩება


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5347 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი