მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა აჭარის ავტონომიის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2018 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში, რომელშიც საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე.

პირველ რიგში, ფაქტ-მეტრმა ყურადღება მიაქცია შესაძლო თაღლითობის ფაქტს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს. საქმე ეხება აჭარის ა/რ საავტომობილო გზებსა და შპს „ორბიტას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხიხაძირი-ბაკო-თხილვანას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული ტენდერი 2017 წლის 28 დეკემბერს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანია „ორბიტასთან“ 640 368-ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გაფორმდა. სამუშაოები იმავე წლის 1 მაისს უნდა დაწყებულიყო. ავანსის მიღების მიზნით, კომპანია ვალდებული იყო, შემსყიდველისთვის წარედგინა უპირობო საბანკო გარანტია. როგორც ირკვევა, მან „ბაზისბანკის“ მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რის საფუძველზეც დეპარტამენტმა, 2018 წლის 2 მარტს, ავანსის სახით, 188 000 ლარი გადარიცხა. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთულია სს „ბაზისბანკის“ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია. მას ხელს აწერენ გენერალური დირექტორი დავით ცაავა და მცირე და საშუალო ბიზნესსესხების ექსპერტი გიორგი რამაზაშვილი. რაც შეეხება ავანსს, დეპარტამენტმა სს „ბაზისბანკის“ მიერ 188 000 ლარზე გაცემული საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ასლი გამოგვიგზავნა. დოკუმენტი ხელმოწერილია იმავე პირების მიერ.

ანგარიშის თანახმად, კომპანიამ სამუშაოები დაგვიანებით, 18 მაისს დაიწყო. შემსყიდველმა არ გამოიყენა ხელშეკრულებაში გაწერილი უფლება და ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა არ შეამოწმა. 31 მაისს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 43 535 ლარი ავანსიდან გამოიქვითა. დეპარტამენტმა, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, „ორბიტასთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და 7 685 ლარი პირგასამტეხლოც დააკისრა.

დეპარტამენტმა „ბაზისბანკს“ საბანკო გარანტიის ამოქმედებისა და ავანსიდან დარჩენილი 144 465 ლარის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. „ბაზისბანკმა“ მისწერა, რომ შპს „ორბიტისთვის“ მსგავსი გარანტია არ მიუცია და უარს ამბობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

დეპარტამენტმა, 2018 წლის 14 ივნისს, აჭარის ა/რ პროკურატურას მიმართა და რეაგირება მოითხოვა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული გარემოების თაობაზე კომენტარი საავტომობილო გზების დეპარტამენტს სთხოვა. უწყების განმარტებით, შპს „ორბიტას“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია შესრულებული იყო „ბაზისბანკის“ ფერად, ტიტულიან ფურცელზე, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირების მიერ, რის გამოც დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმების აუცილებლობა არ იყო. მათივე ინფორმაციით, გამოძიება დასრულებული არ არის.

რაც შეეხება კომპანიას, მას სასამართლომ უკვე დააკისრა 144 465 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება და 7 685 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. თუმცა თანხა ჯერაც ამოღებული არ არის. სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის სააღსრულებო ბიურო ათი თვეა, რაც დეპარტამენტის მოთხოვნით დაყადაღებული ცხრა ერთეული მძიმე ტექნიკის აღრიცხვის პროცედურას აწარმოებს, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტმა კომპანიის ანგარიშების დაყადაღებაც მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „ორბიტის“ ანგარიშები კი დააყადაღა, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა. მიიჩნია, რომ დაყადაღებული მძიმე ტექნიკა ვალის ამოღებისთვის საკმარისი საშუალება იყო.

როგორც სააგენტომ მოგვწერა, ხიხაძირი-ბაკო-თხილვანას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შპს „ორბიტამ“ 2018 წლის 18 მაისს დაიწყო, „ხელვაჩაურის საგზაომ“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა.

გარდა ამ გარემოებისა, ანგარიშში საუბარია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, ბუღალტრულად აღერიცხა ყველა ოპერაცია, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არაფინანსური აქტივებით განახორციელა.

დოკუმენტის მიხედვით კი სამინისტროს ბალანსზე მხოლოდ აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში არსებული აქციებისა და კაპიტალის ღირებულება ირიცხება, მაგრამ არაფინანსური აქტივები და მათი ღირებულება აღრიცხული არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ამის გამო, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, უზუსტოდ არის წარმოდგენილი ძირითადი აქტივებისა და არაწარმოებული აქტივების (მიწის) ღირებულების ნაშთები.

ცხრილი 1. უზუსტობა აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით

საბიუჯეტო ორგანიზაცია

უზუსტობის მიზეზი

უზუსტობა, ლარი

გაზრდილად

შემცირებულად

გზების დეპარტამენტი

შეცდომა ცვეთის გაანგარიშებისას, ცვეთის დაურიცხაობა, ბალანსგარეშე ანგარიში

497 818

6 184

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

შეცდომა ცვეთის გაანგარიშებისას

76 018

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შეცდომა ცვეთის გაანგარიშებისას

11 314

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

შეცდომა ცვეთის გაანგარიშებისას

106 948

სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

არამატერიალურ აქტივებზე ცვეთის დაურიცხაობა

45 786

ა(ა)იპ ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახ. ბალეტის სკოლა

ძირითად აქტივებზე ცვეთის არასწორი დარიცხვა, ამორტიზებული ძირითადი აქტივები

9 035

2 950

სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი

ცვეთის არასწორი გაანგარიშება,

53 902

10 221

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაცია

ცვეთის არასწორი გაანგარიშება, ამორტიზებული ძირითადი აქტივები

36 616

9 122

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დოკუმენტში საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან არასრულყოფილად განხორციელდა, რაც ორგანიზაციების აქტივებისა და ვალდებულებების უზუსტოდ აღრიცხვის რისკებს წარმოშობს. მაგალითად: სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას 2018 წელს ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, ხოლო სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საინვენტარიზაციო კომისიის წევრი მატერიალურად პასუხისმგებელი პირია. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესს“, რომლის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ საინვენტარიზაციო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, ხოლო კომისიის თავმჯდომარე - ბუღალტერი ან მოვალეობის შემსრულებელი.

ანგარიშში ერთ-ერთ საკითხად გამოტანილია შრომის ანაზღაურების მუხლი. როგორც ირკვევა, ჯამში გახარჯულია 43 160 264 ლარი, აქედან 7 117 329 ლარი - შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის. აუდიტის დასკვნით, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულთა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის შედეგად, 2 300 400 ლარით მეტი დაიხარჯა. რაც შეეხება მივლინებებს, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მივლინებებზე, 1 299 095 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1 046 988 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებებს მოხმარდა. აუდიტი თვლის, რომ ამ თანხიდან 5 032 ლარი ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, რამდენიმე პირის მივლინებაში გამგზავრება არ შეესაბამებოდა სამივლინებო მიზანს, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია. ასევე საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განკარგვაზე, არაეფექტიან ხარჯსა და დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სამივლინებო ხარჯის ანაზღაურებაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ მივლინებების თემაზე ფაქტ-მეტრმაც იმუშავა. მაგალითად: წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წელსა და 2019 წლის შვიდ თვეში გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ. ჩვენი კვლევის თანახმად, რომელიც კვლევის ობიექტებიდან მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საანგარიშო პერიოდში ჯამში 264 927 ლარია გახარჯული. ეს მაჩვენებლები უწყებების აპარატში დასაქმებულთა სამივლინებო ხარჯებს მოიცავს.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი