საქართველოში შინაური ცხოველებს რამდენიმე კანონი იცავს, მათ შორის: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“.

მიუხედავად ამისა, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. დროდადრო ვაწყდებით შინაური ცხოველის წამებისა და მოკვლის ფაქტებს და სამწუხაროდ, სისასტიკის ჩამდენი ხშირად არასრულწლოვნები არიან.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ მუშაობს კანონი და რამდენი პირ მიეცა პასუხისგებაში. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოვითხოვეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვწერეს, რომ 2015 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის (წამება, დასახიჩრება, მოკვლა) შესახებ შესულია 176 შეტყობინება.

როგორც უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, 2015 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გამოძიება დაწყებულია 151 შემთხვევაში, აქედან 64 საქმეზე - მხოლოდ 2018 წელს. წელს ექვს თვეში გამოძიება 30 შემთხვევაზე დაიწყო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლით კი იმავე საანგარიშო პერიოდში სულ სამართალდარღვევის 9 ფაქტია გამოვლენილი. დანართი 1

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, რაიონულ სასამართლოებში, იმავე პერიოდში, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 14 საქმეზე. დანართი 2

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გვატყობინებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლი (ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა) სტატიკური ანგარიშგების ფორმებში ცალკე გამოყოფილი არ არის.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ზარების კლასიფიკაციას შესული შეტყობინებების ინიციატორის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე ახდენს. აქედან გამომდინარე, როგორც უწყება გვირჩევს, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ზუსტ რაოდენობად არ უნდა მივიჩნიოთ.

აღნიშნული ინფორმაცია რეგიონების მიხედვითაც არ არის მოცემული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლით მომხდარი შემთხვევები გამოავლინეს: 2015 წელს - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ; 2018 წელს - შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ; 2019 წელს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ინფორმაციისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დღეს ცალკე აღარ არსებობს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდა).

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს, ის ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში მოქმედებს და შემდეგი სახის სასჯელს ითვალისწინებს:

1. ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით - ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით - ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ა) ჯგუფურად, ბ) არაერთგზის, გ) მცირეწლოვანის თანდასწრებით - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით - ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით - ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - სამ წლამდე.

სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსის 104-ე მუხლი კი ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე - განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. მსგავსი ქმედებები იწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი