ბოლო წლების განამვლობაში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ, შედეგად არაერთი მსხვილი პროექტის მშენებლობა შეჩერებულია ან პროცესი შენელებული ტემპებით მიმდინარეობს. ამავდროულად, მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან ინვესტორები შედარებით მცირე ჰესების მშენებლობისას. რიგ შემთხვევაში ცალკეული პროექტების მიმართ არსებული კითხვების ნაწილი ლეგიტიმურია, თუმცა ამ ფონზე შედეგად მივიღეთ მოცემული სექტორის დემონიზაცია, როცა ნებისმიერი მშენებლობა ავტომატურად მიუღებელ აქტივობად აღიქმება. ჰესების აგება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სამშენებლო პროცესი, ბუნებრივია, გავლენას ახდენს გარემოზე, მეორე მხრივ, ელექტროენერგია არის რესურსი, რომლის უწყვეტ და საკმარისი ოდენობით მიწოდებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თუ მოქალაქეთა კეთილდღეობა. მოცემული სტატიის მიზანს არ წარმოადგენს მსჯელობა საკითხზე, უნდა შენდებოდეს თუ არა ზოგადად ჰესები, ან მისი ცალკეული სახეობა, მისი მიზანია, საზოგადოებას დაანახოს დღეის მდგომარეობით, რა ვითარებაა ელექტროენერგიის ბაზარზე და რა ტენდენციებია გამოკვეთილი.

ადგილობრივი მოთხოვნა

ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იყოფა სადისტრიბუციო კომპანიების (თელასი, ენერგო-პრო ჯორჯია) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ენერგიად (როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარების, ასევე კომერციული სუბიექტებისათვის) და გენერაციის ობიექტების მიერ მსხვილი მომხმარებლებისათვის (ჯორჯიან მანგანეზი, ჯორჯიან უოთერ & ფაუერი, ჯეო სერვერი და სხვ.) პირდაპირ მიწოდებულ ენერგიად. ამას ემატება გაჩერებული სადგურების მიერ მოხმარებული ენერგია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ენერგიის ტრანსპორტირებით გამოწვეული დანაკარგი. სადისტრიბუციო კომპანიების მიერ განაწილებულ ენერგიაში შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგიაც. მოხმარების სტრუქტურას გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარების სტრუქტურა 2012-2019 წლები (მლნ. კვტ.სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2018 წლის მდგომარეობით მთლიანმა მოხმარებამ 12.6 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 1.9 მლრდ კვტ.სთ (15.3%) რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ენერგიაა. ბოლო 6 წლის განმავლობაში მთლიანი მოხმარება 34.3%-ით არის მომატებული, ამავე პერიოდში 25.3%-ითაა გაზრდილი აფხაზეთში მოწოდებული ენერგიის მოცულობა.

გამომუშავება

ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს საქართველოში ჰიდრორესურსი წარმოადგენს, რაც მთლიან გამომუშავების საშუალოდ 79.6%-ია. თბოლექტროსადგურების წილი მთლიან გამომუშავებაში საშუალოდ 20.1%-ია, ქარის ენერგიის მოცულობა კი ამ ეტაპზე უმნიშვნელოა. 2012-2018 წლებში მთლიანი გამომუშავება 9.7 მლრდ კვტ.სთ-დან 12.2 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 25.3%-იან ზრდას შეადგენს. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 2 ასახავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანი გამომუშავების საშუალოდ 38.3%, ცალკეულ ობიექტზე, ენგურისა და ვარდნილის ჰესების კასკადზე მოდის. მოცემული ჰესების გამომუშავების 40% სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება. ეს რესურსი აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად კი ბოლო წლებში 40% საკმარისი არ არის და ფაქტობრივად, ოკუპირებულ ტერიტორიას ჰესების გამომუშავებული ენერგიის შედარებით მაღალი წილი, საშუალოდ 44.8% მიეწოდება წლიურ ჭრილში, ე.წ ცივი სეზონის პერიოდში კი გამომუშავების თითქმის სრული მოცულობა.

გრაფიკი 2. გამომუშავება 2012-2019 წლებში (მლნ კვტ.სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

ჰესების ჯამური გამომუშავების მთლიან მოცულობაში 2018 წლის მდგომარეობით მარეგულირებელ ჰესებზე გამომუშავების 58.3%, სეზონურ ჰესებზე - 34.7, ხოლო მცირე ჰესებზე 7.0% მოდის. სტრუქტურის ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 3 ასახავს (მარეგულირებელი ჰესები - ერთეულები კაშხლით, რომელთაც ტექნიკურად შეუძლიათ წყლის ნაკადის რეგულირება, უზრუნველყოფენ სტაბილურ მიწოდებას პიკური მოხმარების პერიოდში. სეზონური ჰესები - წყლის მიმდინარე მოდინებაზე დამოკიდებული ერთეულები, კაშხლის გარეშე ან კაშხლით, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები ვერ უზრუნველყოფს რეგულირებას. მცირე ჰესები - არაუმეტეს 13 მგვტ სიმძლავრის).

გრაფიკი 3. ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის სტრუქტურა 2012-2019 წლები

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მარეგულირებელი ჰესების წილი მთლიან გამომუშავებაში მცირდება, ხოლო სეზონური და მცირე ჰესების წილობრივი მონაცემი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

მოხმარებისა და გამომუშავების ბალანსი

ელექტროენერგია სპეციფიკური რესურსია, რომლის დაგროვებაც შეუძლებელია. შესაბამისად, ქსელში ერთიანი მოთხოვნა დროის ნებისმიერ მონაკვეთში სრულად უნდა შეესაბამებოდეს მის მიწოდებას. აღნიშნული წონასწორობის მიღწევას ართულებს მოხმარებისა და მიწოდების თავისებურებები. კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ე.წ ცივ სეზონზე. სხვანაირად რომ ითქვას ზამთრის პერიოდში მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება მოხმარებას ზაფხულის პერიოდში. ამავდროულად, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება ზამთრის პერიოდში და იზრდება ტემპერატურის, წყლის რესურსის მატების პარალელურად (აპრილ-ივნისი). შესაბამისად, წლის ცივ პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი, ხოლო გაზაფხულზე სიჭარბე აქვს. აღნიშნული შეუსაბამობა ელექტროენერგიის საერთაშორისო ვაჭრობით (ექსპორტ-იმპორტი) ბალანსდება. კერძოდ, გაზაფხულზე ენერგიის სიჭარბის პირობებში ქვეყანა ენერგიას უცხოეთში, ძირითადად, თურქეთში ყიდის, დეფიციტის პირობებში კი, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს. მნიშვნელოვანია მიმართება ექსპორტირებულ და იმპორტირებულ ენერგიას შორის, რომელიც ქვეყნისთვის გენერაციის ობიექტების საჭიროების ერთ-ერთი ინდიკატორია.

გრაფიკი 4. ექსპორტისა და იმპორტის მიმართება 2012-2019 წლები (მლნ კვტ.სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012-2018 წლებში წმინდა ექსპორტი დადებითი მხოლოდ 2016 წელს იყო, შესაბამისად, დანარჩენი პერიოდის განმავლობაში საქართველომ საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოახერხა. რაც გარდაუვალი შედეგია, ვინაიდან 2012-2018 წლებში გამომუშავების ზრდა არსებითად ჩამორჩება მოხმარების ზრდას. წლიურმა დეფიციტმა 2017-2018 წლებში შესაბამისად 812 და 920 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 6.8%-სა და 7.3%-ს უტოლდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 7 თვის განამვლობაში დანაკლისმა მოხმარებაში 476 მლნ კვტ სთ. შეადგინა, რაც მოხმარების დაახლოებით 6.3%-ია. ამავდროულად აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს მხოლოდ 0.1%-ს შეადგენდა.

განხილული მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველო ბოლო წლებში არსებული გენერაციის ობიექტების პირობებში საკუთარი მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს და იმპორტირებულ ენერგიაზე არის დამოკიდებული. არსებული ობიექტების გამომუშავების ზედა ზღვარი ფიქსირებულია, მოხმარება კი ეკონომიკის განვითარების პარალელურად იზრდება, შესაბამისად, მოცემული დეფიციტის ზრდა არის მოსალოდნელი. დეფიციტის დაბალანსების გზა კი გულისხმობს არჩევანს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების ზრდასა და ქვეყანაში გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებას შორის. ალტერნატივას ტარიფის არსებითი ზრდის ხარჯზე მოხმარების შემცირება წარმოადგენს, რაც უარყოფითად აისახება, როგორც მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე, ასევე ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე. ამავდროულად აღნიშნული პრობლემას მხოლოდ დროებით გადაჭრის.

თითოეულ მითითებულ გზას თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები აქვს. აღნიშნულ ასპექტებს ფაქტ-მეტრი უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

ფოტო: ნენსკრა ჰესის პროექტი • Nenskra HPP


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი