რეზიუმე: როგორც ქვემოთ აღვნიშნეთ, პრემიერის განცხადება კონკრეტიკას არ შეიცავს, ამიტომ განცხადების გაანალიზებისას 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამას დავეყრდენით. გვექნება თუ არა 2022 წლის ბოლოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ამის პასუხად შეგვიძლია, თქვათ, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 2022 წლის ბოლოს დასრულებული ჯერ კიდევ არ იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 2023 წელს უნდა დასრულდეს. გარდა ოფიციალური განაცხადისა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ მონაკვეთების დასრულების თავდაპირველი ვადა ხშირად იცვლება და პროექტები ხარვეზებით და გეგმასთან ჩამორჩენით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი თუნდაც 2023 წელს დასრულდეს. შესაბამისად, 2022 წლის ბოლოს პრემიერის მიერ დაანონსებულ ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურაში დასრულებულ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ვერ მოვიაზრებთ.

შეფერხებით და გეგმასთან ჩამორჩენით მიმდინარეობს გაზიფიცირების, წყალმომარაგების და ინტერნეტიზაციის პროექტები. გასულ წელს პრობლემატური იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისებაც. მიუხედავად ამისა, რადგან 2022 წლის ბოლომდე 3 წელი და 4 თვეა დარჩენილი, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ საანგარიშო პერიოდისთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით მოქალაქეებს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“.

პრემიერის განცხადება საკმაოდ ზოგადია და კონკრეტიკას არ შეიცავს. თუმცა 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარების მთავრობისეულ ხედვას მოიცავს.

პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მკაფიო გეგმით განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას. გეგმა კი შემდეგნაირია: 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა; 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 000 ადამიანი; ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 85%-ზე მეტს ექნება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტინფრასტრუქტურასთან წვდომა; 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ გაზს; ნარჩენების მართვა განხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა რეგიონული ნაგავსაყრელები, დაინერგება ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების სისტემები.

ჩვენ შევეცდებით, გავაანალიზოთ, 2022 წლის ბოლოსთვის მთავრობის ინფრასტრუქტურული გეგმიდან რისი განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017-2018 წლებში აშენდა 66.7 კმ ახალი გზა და რეაბილიტაცია 426.6 კილომეტრ გზას ჩაუტარდა. შესაბამისად, წელიწადში საშუალოდ 33.4 კმ ახალი გზა დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213.3 კმ გზას. საანგარიშო პერიოდამდე (ფაქტ-მეტრი წერდა,რომ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მთავრობის დაპირება 2020 წლისთვის ვერ შესრულდება) ხელისუფლებამ 733.3 კმ გზა უნდა დააგოს, რაც დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილ საგზაო პროექტს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს, მისი მშენებლობა არათუ 2020 წლისთვის, არამედ 2022 წლის ბოლოსთვისაც კი დასრულებული არ იქნება, რაც მთავრობისავე ოფიციალური ინფორმაციით არის დადასტურებული. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადად 2023 წელი არის მითითებული.

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 2019 წელს დაიწყო საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთული მონაკვეთის-რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 51.6 კილომეტრია და 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას მოიცავს. აღნიშნული გზა ოთხი მონაკვეთისგან შედგება. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, რომელთა დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება. რაც შეეხება დანარჩენ ორ მონაკვეთს, ამ ეტაპზე საერთაშორისო ტენდერებია გამოცხადებულია.

აქვე მართებულია აღინიშნოს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის პირვანდელი ვადები ხშირად იცვლება (იხ: სტატია) და მშენებლობა გეგმასთან ჩამორჩენით და შეფერხებით მიმდინარეობს (იხ: სტატია). აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ყველაზე რთული მონაკვეთის რიკოთის საუღელტეხილო გზის დასრულების ვადაც გადაიწევს.

რაც შეეხება გაზიფიცირებას, სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე დამატებით 200 000-მა ოჯახმა უნდა მიიღოს ბუნებრივი აირი. 2013-2018 წლებში საქართველოში სულ 240 646 აბონენტი იქნა გაზიფიცირებული. საქართველოს მთავრობის განკარგულებით.2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებულ პუნქტში დამატებით 58 894 აბონენტის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, 2021 წლის ბოლოსაც (2018-2021 წლებში სულ 93 894 აბონენტი იქნება გაზიფიცირებული) ვერ მოხერხდება იმ 200 000 აბონენტის გაზიფიცირება, რომელიც სამთავრობო გეგმით 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი. აღნიშნული გაზიფიცირების გეგმა 2022 წლის ბოლოს მაინც, რომ შესრულდეს, 2022 წელს დამატებით სულ მცირე 100 000 აბონენტის გაზიფიცირება უნდა მოხდეს, რაც თითქმის გამორიცხულია, რადგან თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, წელიწადში საშუალოდ 40 107 აბონენტის გაზიფიცირება ხორციელდებოდა.

ასევე საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს რეგიონების ინტერნეტიზაციის პროცესი. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 85%-ს უნდა ჰქონდეს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე წვდომა. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის ივლისში ა(ა)იპ „ოუფენ ნეტს“ დაევალა. ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურის კომპონენტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე „ოუფენ ნეტის“ მიერ გამოცხადებული შესყიდვა არ იძებნება, უფრო მეტიც, აღნიშნულ ორგანიზაციას ბოლო შესყიდვა 2017 წლის 30 იანვარს აქვს გამოცხადებული.

გარდა ამისა, ოპტიკური ინტერნეტქსელის გაყვანა ჯერ არც ერთ სოფელში არ დაწყებულა. „ოუფენ ნეტს“ პასუხი არ აქვს, როდის დაიწყება ან როდის დასრულდება სოფლების ინტერნეტიზაცია. პროექტის დასრულების ვადად 2020 წელია დათქმული. დასრულებული იქნება თუ არა აღნიშნული პროექტი 2022 წლისთვის, ამის შეფასებისგან თავს შევიკავებთ.

რაც შეეხება ნარჩენების მართვას, საქართველოში 56 მუნუციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლიდან შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). 2013-2018 წლებში კეთილმოეწყო 31 მუნიციპალური ნაგავსაყრელი, 23 ნაგავსაყრელი კი ყველა წესის დაცვით დაიხურა. სამომავლოდ, რეგიონული ნაგავსაყრელების აშენება იგეგმება, რომლებიც მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს ჩაანაცვლებს. მათგან ნაწილი დაიხურება, ნაწილზე კი გადამტვირთი სადგურები მოეწყობა.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, უნდა მოხდეს მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადასვლა 2019 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება.

ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, 2018-2019 წლებში სულ 109 პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. პროექტების დასრულების შემდეგ ჯამში 512 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 2018 წელს განხორციელებული პროექტებით 82 000 აბონენტს უნდა მიეღო გაუმჯობესებული მომსახურება. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს წყალმომარაგება 50 000 აბონენტს (დაგეგმილზე 32 000 აბონენტით ნაკლებს) გაუუმჯობესდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ძნელი სათქმელია 2020 წელს დამატებით 360 000 აბონენტს ექნება თუ არა უკეთესი წყალმომარაგება.

მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ისიც, რომ გასულ წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისება პრობლემატური იყო. მართალია, 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. დაზუსტება, რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის ფორმალურად შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებულ იქნა 658.4 მლნ. ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად ავანსის სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და სერიოზული ჩავარდნები იყო პროექტების განხორციელებაში (განსაკუთრებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და მთის გზის პროექტების ნაწილში).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი