მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებები უკავშირდება თუ არა ბიუჯეტის ათვისების პრობლემას

მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. UNICEF-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მოსახლეობის 27.8%-ისთვის უმთავრესი პრობლემამედიკამენტების შეძენაა.

UNICEF-ის კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. თუმცა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი წილი - 69% მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა არაერთხელ გაფართოვდა, მთავარი გამოწვევა პროგრამაში მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მესამე წელია ვერ ახერხებს პროგრამის ბიუჯეტის ათვისებას.

რა იცვლება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში?

მიმდინარე წლის ივლისში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც მედიკამენტების დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) სოციალურად დაუცველებთან ერთად, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეიძენენ. ასევე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები 75%-ით უფინანსდება.

აქამდე, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) შეძენა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეძლოთ. ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს კი მედიკამენტები 50%-ით უფინანსდებოდათ.

საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ჯამში 23 დასახელების) ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებსა და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2018 წლის დეკემბერში პროგრამას პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც დაემატა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი ფინანსდება.

მოსახლეობის ჩართულობა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გაფართოვდა, შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა. თუმცა, ჩართულობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. 2017-2019 წლებში „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, ჯამში, 56,4 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. 2017 წელს პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 13,010 ადამიანი იყო. 2018 წელს პროგრამაში 22,651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. 2019 წლის 6 თვეში, პროგრამაში დამატებით 20,748 ადამიანი ჩაერთო.

ბიუჯეტი

ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების თუ გადავხედავთ, ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის დაბალი ჩართულობით არის გამოწვეული. 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 3.3 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2.6 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა, პროგრამის რეალურმა ხარჯმა კი 7.6 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფო ხაზინის 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. 2018 წელს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა. წლის ბოლოს, როცა გამოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებდა, პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები შეისყიდეს და დაასაწყობეს (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). 2018 წლის დეკემბერში პროგრამის გაფართოებაც პროგრამაში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

2019 წლის ბიუჯეტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა და 20 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში პროგრამის რეალურმა ხარჯმა დაახლოებით 1,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტის 6%-ია.

მიმდინარე წლის ივლისში პროგრამაში შესული ცვლილება, რაც შშმ პირებისთვის და პენსიონერებისთვის მედიკამენტების 50%-იანი თანადაფინანსების ნაცვლად, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიწოდებას ითვალისწინებს, დიდი ალბათობით პროგრამის ბიუჯეტის ათვისების დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი