რეზიუმე: 2019 წლისთვის საქართველოში 95 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულებაა. 37 სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არის დაფუძნებული, ხოლო 58 კერძო პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებაა. პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლების სამინისტრო, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დაფინანსებას ძირითადად განათლების სამინისტრო ახორციელებს.

როდესაც მარიამ ჯაში ამბობს, რომ 2019 წელს პირველად არის კერძო კოლეჯებში სტუდენტების დაფინანსების საკითხი გათვალისწინებული, ის ფაქტობრივად ცდება. 2007 წლიდან - 2013 წლამდე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სახელმწიფოსგან ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, ისინი სახელმწიფო კოლეჯებში სწავლობდნენ თუ კერძო კოლეჯებში. სტუდენტს ჰქონდა სახელმწიფო გრანტი და ის თავად წყვეტდა არჩევანი როგორი ტიპის დაწესებულებაზე შეეჩერებინა. 2013 წლის სექტემბერში ეს წესი შეიცვალა და დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები იღებდნენ. 2013 წლიდან კერძო პროფესიული სასწავლებლების წუხილი იყო, რომ ისინი სახელმწიფო სასწავლებლებთან მიმართებით, არათანაბარ პირობებში ფუნქციონირებდნენ, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ზღუდავდა და მათ სტუდენტებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, „კერძო კოლეჯების ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა.

2019 წელს პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი კვლავ შეიცვალა, მიმდინარე წლიდან, კერძო კოლეჯების სტუდენტები დაფინანსებას ისევ მიიღებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 7 წლის განმავლობაში, აღნიშნული ცვლილება ნამდვილად პირველია, თუმცა არა პროფესიული განათლების დაფინანსების ისტორიაში. 2019 წელს კანონში განხორციელებული ცვლილება კერძო კოლეჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით, 2013 წელს თავად არსებულმა ხელისუფლებამ შეცვალა და კერძო კოლეჯების სტუდენტებს დაფინანსება თავად შეუწყვიტა.

ანალიზი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, პარლამენტის სხდომაზე კერძო კოლეჯების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა: „2019 წელს პირველად არის გათვალისწინებული კერძო კოლეჯებში სტუდენტების დაფინანსების საკითხი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში(ინჟინერია, მედიცინა, არქიტექტურა, იურისპრუდენცია და ა.შ.) დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს. პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებშია შესაძლებელი.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლისთვის საქართველოში 95 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულებაა. მათგან 37 სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არის დაფუძნებული[1], ხოლო 58 კერძო[2] პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებაა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, პროფესიულ განათლებაზე განათლების სამინისტროს 48 690 000 ლარი აქვს გამოყოფილი, აღნიშნულს ემატება 18 000 000 ლარი, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული. სამინისტროს მიერ მოწოდებული დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად კი, 2019 წელს პროფესიულ განათლებაზე, ჯამში, 64 800 000 ლარი დაიხარჯება. გასულ წლებში პროფესიული განათლების დაფინანსების რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1 -ში.

ცხრილი 1: 2012-2018 წლებში პროფესიული განათლების დაფინანსება განათლების სამინისტროს ბიუჯეტში

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

პროფესიული

განათლების

დაფინანსება

9.3 მლნ

13.3 მლნ

23.2 მლნ

33.0 მლნ

33.7 მლნ

36.5 მლნ

43.5 მლნ

განათლების სამინისტროს ბიუჯეტთან შეფარდება

1.5%

2.1%

3.4%

4.3%

3.7%

3.4%

3.6%

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

რაც შეეხება პროფესიული განათლების დაფინანსების უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლების სამინისტრო. სამინისტროს გარდა, უფლებამოსილება გააჩნიათ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დაფინანსებას ძირითადად განათლების სამინისტრო ახორციელებს.

პროფესიული განათლების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წესი 2013 წლამდე განსხვავებული იყო. თითოეულ სტუდენტზე გამოყოფილი იყო ფინანსური ვაუჩერი (საშუალოდ 1 000 ლარიანი), სახელმწიფო დაფინანსების მქონე სტუდენტს, ვაუჩერის გამოყენება შეეძლო, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ სასწავლებლებში. შესაბამისად, სტუდენტის არჩევანი შეზღუდული არ იყო სახელმწიფო გრანტით და კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში შედიოდნენ. 2013 წლისთვის, განათლების სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული წესი შეიცვალა. 2013 წლის 19 სექტემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფოსგან ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი იყვნენ შემდეგი დაწესებულებები: სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. აღნიშნული იმას ნიშნავდა, რომ სტუდენტები ინდივიდუალურ დაფინანსებას ვეღარ მიიღებდნენ და შესაბამისად, სახელმწიფო გრანტს სურვილისამებრ ვერ განკარგავდნენ - სახელმწიფო დააფინანსებდათ, მხოლოდ მაშინ, თუ არჩევანს სახელმწიფო კოლეჯებზე გააკეთებდნენ.

ამ წლების განმავლობაში, პროფესიული კერძო სასწავლებლების მუდმივი და ძირითადი წუხილი იყო, რომ სახელმწიფო კერძო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს არ აფინანსებდა. კერძო პროფესიული კოლეჯები სახელმწიფოსგან არანაირი სახის ფინანსურ დახმარებას არ იღებდნენ, რაც მათ კონკურენტუნარიანობის ხარისხს საკმაოდ ამცირებდა. რეალურად, ბაზარზე არსებობდა სახელმწიფო და კერძო კოლეჯები იდენტური სპეციალობებით და როდესაც სახელმწიფო კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებდა, შესაბამისად, სტუდენტთა უმრავლესობა სახელმწიფო კოლეჯში სწავლას არჩევდა. ამასთან, კერძო კოლეჯების კონკურენტები არა მარტო სახელმწიფო კოლეჯები იყვნენ, არამედ უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ პროფესიული პროგრამების სწავლების უფლებაც.

აღნიშნული, მათი მოსაზრებით, დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად, „კერძო კოლეჯების ასოციაციამ“, 2015 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ასოციაციის მტკიცებით, სახელმწიფოს მიერ მხოლოდ სახელმწიფო კოლეჯების სტუდენტების დაფინანსება, შეუსაბამო იყო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან[3] - კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპთან. ასევე, წინააღმდეგობაში იყო 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას და აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა. 2016 წლის ნოემბერში 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ასოციაციის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, მიზეზით, რომ პირს (იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული) მაშინ შეუძლია იდავოს, როდესაც უშუალოდ მისი უფლებები ირღვევა. სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის უხეში განმარტება, რომ მოვახდინოთ, გამომდინარე იქიდან, რომ „კერძო კოლეჯების ასოციაცია“ არც სტუდენტი იყო, რომელიც დისკრიმინაციას განიცდიდა და არც ცალკე აღებული კერძო კოლეჯი, რომლის კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირების უფლებაც დაირღვა, შესაბამისად, ის მოსარჩელე მხარე ვერ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ კანონის შეცვლის მოთხოვნით და სავარაუდო დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით, ასოციაციამ საპროტესტო აქციაც გამართა.

მიუხედავად ასოციაციის არაერთი მცდელობისა, კანონში ცვლილება 2019 წლამდე არ შესულა. 2019 წელს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული დაწესებულებების ჩამონათვალს დაემატა კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას ახორციელებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით. რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლიდან სახელმწიფოსგან დაფინანსებას უკვე კერძო პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებიც მიიღებენ.

დასადასტურებლად, რომ 2019 წელს კერძო კოლეჯების სტუდენტებმა ნამდვილად მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ფაქტ-მეტრი კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელმძღვანელს, გიორგი ბერაიას, დაუკავშირდა. როგორც ბერაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 2019 წლიდან კერძო კოლეჯები უკვე მიიღებენ სამინისტროს დაფინანსებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მიღებიდან მალევე ვერ განხორციელდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების სწრაფი მომზადება, 2019 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის დაფინანსება არ განხორციელებულა, თუმცა შემოდგომის ნაკადი უკვე მიიღებს სახელმწიფოსგან ვაუჩერებს. ამის საპირისპიროდ, განათლების სამინისტრომ გვითხრა, რომ 2019 წლის საგაზაფხულო მიღებიდან განხორციელდა ცვლილებები პროფესიული განათლების დაფინანსებაში, კერძო კოლეჯებს, შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ვაუჩერულ დაფინანსებაში პრიორიტეტული დარგების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, უკვე განხორციელდა თუ-არა შესაბამისი დაფინანსების გაცემა, ფაქტია, რომ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, კერძო კოლეჯებსაც შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო დაფინანსებით. აგრეთვე, სავარაუდოა, რომ მომავალში აღნიშნული თანხების დისტრიბუცია გაიზრდება და შეეხება ყველა კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. პროფესიული განათლების განვითარების კუთხით რა დადებით ან/და უარყოფით შედეგებს მოიტანს აღნიშნული ცვლილება, ამას შემდგომი წლების პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევები აჩვენებს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ პროფესიული განათლების სისტემის ამოცანა ბიზნესისათვის ძირითადი სამუშაო ძალის ბირთვის მომზადების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, პროფესიული განათლება ქვეყნის განვითარების გზაზე პრიორიტეტული და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სფეროა. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების თითოეულ ეტაპზე, ასევე, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების პროცესში და შესაბამისად, სამოქმედო გეგმებსა თუ სტრატეგიებში, პროფესიული განათლება პრიორიტეტად განსაზღვროს. ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი აქტივობის მიუხედავად, პროფესიული განათლება ქვეყნის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.



[1] 24 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 12 - უმაღლესი საგანმანათლებლო, 1 - ზოგადსაგანმანათლებლო

[2] 44 - პროფესიულ საგანმანათლებლო, 7 - უმაღლეს საგანმანათლებლო და 7 - ზოგადსაგანმანათლებლო (მათი გეოგრაფიული განლაგება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე).

[3] დეტალურად იხ. სარჩელი აქ

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი