რეზიუმე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წელს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფი საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებისთვის, 57.5 მლნ ლარი გამოყო. პროექტის განხორციელება ამავე სამინისტროს მართვაში არსებულ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ დაევალა. უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 43.4 მლნ ლარით განისაზღვრა. პროექტი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.

2013-2017 წლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ, 2019 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, 35 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 23.7 მლნ ლარი მხოლოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე წარიმართა. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და პროექტის კორექტირება მიმდინარეობს. ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად პროექტის განსახორციელებლად საჭირო ქვის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემა სახელდება. სამინისტროს ინფორმაციით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა პროექტის განხორციელებაში ხარვეზები აღმოაჩინა, რასაც რეაგირება უკვე მოჰყვა და სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომ განახლდება. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ პასუხში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოების განხორციელების მთელ პერიოდში, საზედამხედველო სამსახურებს რაიმე სახის ხარვეზი არ გამოუვლენიათ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებშიც, რომლებიც კომპანიამ მოგვაწოდა, გაწეული ხარჯი და შესრულებული სამუშაოები ერთმანეთს შეესაბამება. თუმცა, ერთ-ერთ დოკუმენტში ექსპერტი აღნიშნავს, რომ შპს „ჯენერალ ბილდინგმა“, რომელიც შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ქვეკონტრაქტორი იყო, მანქანა-მექანიზმების ხელშეკრულებები და საწვავის შეძენის დოკუმენტაცია, ასევე მყვინთავების სახელფასო ტაბელი, არ წარადგინა. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ქვეკონტრაქტორმა ფლეთილი ქვის მიწოდების რაოდენობა შეამცირა, თუმცა წარმოდგენილი ღირებულება ფაქტობრივ შესრულებას შეესაბამებოდა.

დღეს სანაპიროზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე უნდა მუშაობდეს, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (მისი 100%-იანი დამფუძნებელი სახელმწიფოა) მეზობელ მუნიციპალიტეტებში გადაიყვანა, სადაც სხვა პროექტებს ახორციელებს. რაც უკვე გაკეთდა, მართლაც დაზიანებულია, თუმცა რა არის ამის მიზეზი - სამუშაოების დაუსრულებლობა თუ ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა, ამის თქმა გაგვიჭირდება.

ენმ-ის წევრის ეჭვს, რომ ხელისუფლებამ თანხა მიითვისა, მისივე მტკიცებით, სწორედ პროცესის გაუმჭვირვალობა აჩენს. ვინაიდან ჩვენ ეჭვის დონეზე ვერაფერს დავამტკიცებთ, რევაზ ხარაზის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა განაცხადა: „2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ 58 მილიონი ლარი გამოყო და დაიწყო სარფის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები. იმის ნაცვლად, რომ ეს პროექტი 2016 წელს დასრულებულიყო, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიითვისა 58 მილიონი ლარი. სამუშაოები არა თუ დასრულდა, რაც გაკეთდა, ისიც ნადგურდება“. როგორც მან ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გახარჯულია არა 35 მლნ, არამედ 58 მლნ ლარი და სამინისტრო ამ ფაქტის დამალვას ცდილობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ასევე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისგან“ მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ 2013 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117- კმ119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა– გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვის და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მართვაში არსებულ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ (შემდგომში - კომპანია) დაევალა. სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მიზნით 57.5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტზე მუშაობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

როგორც ირკვევა, კომპანია პროექტს ხუთი მიმართულებით ახორციელებდა. შესრულებული სამუშაოებისა და გახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია იხ. ქვემოთ მოცემულ ვიზუალიზაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ჯამში შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 35 მლნ ლარს, ხოლო შესასრულებელია დაახლოებით 22.3 მლნ ლარის სამუშაოები.

დამცავი ბერმის მოსაწყობად საჭირო ქვის მოსაპოვებლად კომპანიამ ნებართვა 2018 წლის დასაწყისში მიიღო, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელისა და სოფელ მაღლაკონის მიმდებარე ტერიტორიიდან 25 000 მ3 საშენი მასალის მოპოვებაზე, საიდანაც მხოლოდ 1 200 მ3 საშენი მასალა მოიპოვა, ვინაიდან კარიერში პროექტით გათვალისწინებული პარამეტრების საჭირო რაოდენობის ქვა არ აღმოჩნდა. კომპანია განმარტავს, რომ დარჩენილი სამუშაოები აღნიშნული მიზეზით შეჩერდა და საპროექტო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ განახლდება.

საინტერესოა, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის #1965 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტროს დაევალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა, ამ უკანასკნელის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, კომპანიას, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების უფლება მიეცა.

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2014-2016 წლებში შპს „ჯენერალ ბილდინგთან“ (იგივე შპს „ტრანსმშენი“) ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო ლოდების აფეთქება-მოპოვებაზე ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ამ მომსახურების მიწოდება „ჯენერალ ბილდინგს“ შემსყიდველის სარგებლობაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში მდებარე კარიერიდან უნდა განეხორციელებინა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შემსყიდველი სამი თვით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.

ინფორმაციისთვის, „ჯენერალ ბილდინგი“ რეგისტრირებულია 2014 წლის 27 თებერვალს, ანუ პირველი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ერთ-ერთ დასკვნაში წერია, რომ ამ კომპანიამ მანქანა-მექანიზმების ხელშეკრულებები და საწვავის შეძენის დოკუმენტაცია, ასევე მყვინთავების სახელფასო ტაბელი არ წარუდგინა. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ფლეთილი ქვის მიწოდების რაოდენობა შეამცირა, თუმცა „ჯენერალ ბილდინგის“ დირექტორმა მამუკა სარჩიმელიამ გვითხრა, რომ მისმა კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებები შეასრულა და მასალის მიწოდების მხრივ შეფერხება არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ დასკვნაში დასახელებულია კიდევ ერთი კომპანია - შპს „L.M.C. Group“, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში ექსპერტიზისთვის წარდგენილი არ არის.

უნდა ითქვას, რომ მთავრობამ სახელმწიფო შპს-ს სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების უფლება სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისთვის მისცა. ამავე მიზნით, პროექტის გარეშე სამუშაოების დაწყებისა და ახალი კარიერების გახსნის ნებაც დართო, თან ლიცენზიისგანაც გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებების მიუხედავად, 2017 წელს დასასრულებელი პროექტი დღემდე დაუსრულებელია. პლაჟის დამცავი ნაგებობის ის ნაწილი კი, რომელიც უკვე გაკეთდა, ზიანდება, რაც ჩვენ თვითონაც ვნახეთ. ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაგრძელდება და დასრულდება აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიება. კომპანიამ მოგვწერა, რომ სახელმწიფო შესყიდვას, სავარაუდოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ან მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი