რეზიუმე: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 17 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, ყველა მუშა მდგომარეობაში. 2017-2018 წლებში მათ ტექნიკურ მომსახურებაზე გახარჯულია 121 893 ლარი, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილია 56 000 ლარის გახარჯვა, რომლის გათვალისწინებითაც ბოლო სამ წელიწადში, ჯამში, 177 893 ლარი იქნება. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავისთვის, შარშან და შარშანწინ, 159 970 ლარი გაიხარჯა. წელს დაგეგმილია 93 020 ლარის ღირებულების საწვავის შეძენა.

ყველა ზემოაღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, გამოვა, რომ 2017-2019 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის გახარჯულმა თანხამ მთლიანობაში 430 883 ლარი უნდა შეადგინოს. თუ მხოლოდ 2017-2018 წლების ხარჯს ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით ათვისებულია 281 863 ლარი.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბეგლარ ფუტკარაძემ განაცხადა: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2017-2018 წლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაში გადაიხადა 340 000 ლარი, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილი აქვს 578 000 ლარი. საერთო ჯამში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 17 ავტომობილის შეკეთებასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაში სამი წლის განმავლობაში იხდის თითქმის 1 მილიონ ლარს. ერთი ავტომობილის შეკეთება საშუალოდ 58 800 ლარი ჯდება“.

ფაქტ-მეტრმა საკითხთან დაკავშირებული მონაცემები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე მოიძია. თუმცა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია უწყებისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ სამინისტროს ბალანსზე 17 ავტომობილია, საიდანაც 13 მინისტრის, მისი ორი მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დაქვემდებარებაშია, ხოლო ოთხი მორიგე სატრანსპორტო საშუალებად ირიცხება.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი პრეისკურანტით (SPA180009271). პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 962052 ლარია, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 40 000 ლარი. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ბონუსმა“. შემსყიდველმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პრეისკურანტის ჯამური ღირებულება 577 137 ლარს შეადგენს. მომსახურება გრძელდება 2019 წლის ბოლომდე.

ინფორმაციისთვის, საპრეისკურანტო ღირებულება არ ნიშნავს, რომ მომსახურებისთვის სწორედ ამ რაოდენობის თანხა დაიხარჯება. კონკრეტული შესყიდვით რომ ვიმსჯელოთ, პრეისკურანტში ჩამოთვლილია სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ყველა სათადარიგო ნაწილის ღირებულება დეტალურად, ავტომობილების მარკის მიხედვით და მოცემულია თანხის ჯამური რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რა ღირს ამა თუ იმ კონკრეტული დეტალის შეკეთება ან ახლით შეცვლა. მაგალითად: თუ მწყობრიდან საჭის მექანიზმი გამოვა, მის შეკეთებაში შემსყიდველმა 150 ლარი უნდა გადაიხადოს.

რაც შეეხება 2017-2018 წლებში სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის გაწეულ, ასევე 2019 წელს ამავე მიზნით დაგეგმილ ხარჯებს, ამ მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს (იხ.დანართი 1, დანართი 2, დანართი 3).

გრაფიკი 1: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის 2017-2018 წლებში გაწეული და 2019 წლისთვის დაგეგმილი ხარჯები

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გრაფიკის მიხედვით, ტექნიკური მომსახურებისთვის გახარჯული და დაგეგმილი თანხის მოცულობა კლებადია. საწვავისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა კი წინა ორი წლის მაჩვენებელს აღემატება, რაც გამოწვეულია საწვავის ღირებულების ზრდით.

თუ სატრანსპორტო საშუალებებზე ჯამურად გახარჯული თანხებით ვიანგარიშებთ, გამოვა, რომ 2017 წელს ერთ ავტომობილზე, საშუალოდ, 8 078 ლარი წარიმართა, 2018 წელს - 8 502 ლარი, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 8 766 ლარის დახარჯვა (საწვავის ღირებულების ჩათვლით).

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არსებული მდგომარეობით, 2019 წლის დაგეგმილი ხარჯიდან, უკვე ათვისებულია 15 904 ლარი ტექნიკური მომსახურების და 26 355 ლარი საწვავის ღირებულებისთვის, ჯამში 42 259 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ერთ ავტომობილზე, საშუალოდ, 2 486 ლარია გახარჯული.

ფაქტ-მეტრი მომავალშიც გააგრძელებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგს და ამ საკითხს წლის ბოლოს კვლავ დაუბრუნდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი