რეზიუმე: საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა მართლაც 5%-ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშში მოსალოდნელი ზრდა შემცირდა 4.6%-მდე. ასევე, 4.6%-ს შეადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა განვიხილოთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავალის არმქონე რეგიონის 23 ქვეყანასთან მიმართებით. ევროპის და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის არმქონე) რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან, 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თურქმენეთშია, სადაც ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილზე კი ტაჯიკეთი და უზბეკეთია, სადაც 5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. საქართველო სომხეთთან ერთად, 4.6%-იანი ზრდის პროგნოზით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მართლაც ერთ-ერთი მაღალია რეგიონში, თუმცა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის აღნიშნული ტემპი დამაკმაყოფილებელ ნიშნულად მაინც ვერ იქნება მიჩნეული.

რაც შეეხება განცხადების ნაწილს („2-ჯერ და მეტად აღემატება ჩვენი ზრდის ტემპი ჩვენი მეზობლების ზრდის ტემპებს“), სომხეთს და საქართველოს იდენტური ზრდები აქვთ პროგნოზირებული, ხოლო საქართველოს ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდას 1.3-ჯერ აღემატება და არა 2-ჯერ. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.8-ჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, თურქეთის შემთხვევაში კი ეკონომიკის უარყოფითი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „მარტში ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვქონდა და წლიური 5%-იანი პროგნოზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა ვართ მთელს რეგიონში. 2-ჯერ და მეტად აღემატება ჩვენი ზრდის ტემპი ჩვენი მეზობლების ზრდის ტემპებს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2019 წელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

2019 წლის მარტის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეა. რაც შეეხება წლიური ზრდის პროგნოზს, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა მართლაც 5%-ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ რეპორტში პროგნოზი შემცირდა 4.6%-მდე. ასევე, 4.6%-ს შეადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც. პროგნოზის შემცირების მიზეზად ერთი მხრივ საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გაუარესება - საგარეო მოთხოვნის შემცირება, მეორე მხრივ კი დაწესებული საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა დასახელდა. აღნიშნულ საკითხზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა.

საქართველოს მშპ-ს ზრდის სხვა ქვეყნის ეკონომიკებთან შედარებისას, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. რეგიონის ვიწრო გაგებაში საქართველოს სამეზობლო შეიძლება ვიგულისხმოთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი). საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დსთ-ის წევრი ქვეყნების ჯგუფშიც მოიაზრებს (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დსთ-ის წევრი აღარ არის). თუმცა, მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონშია (მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოების გამოკლებით). თავის მხრივ, ამ ჯგუფში დსთ-ს წევრის სახელმწიფოებიც შედის და ამ რეგიონში შემავალ ქვეყნების ეკონომიკებს მეტ-ნაკლებად მახასიათებელი ნიშან-თვისებები მსგავსი აქვთ. გარდა ამისა, ამ ჯგუფის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონთან მიმართებით, სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავალის არმქონე რეგიონის 24 ქვეყანასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ. ასევე, შესაძლებელია განხილვა დსთ-ს ქვეყნების ჭრილშიც, როგორც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს.

გრაფიკი 2: 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (%)[1]

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ევროპის და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის არმქონე) რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან, 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თურქმენეთშია, სადაც ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილზე კი ტაჯიკეთი და უზბეკეთია, სადაც 5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. საქართველო კი სომხეთთან ერთად, 4.6%-იანი ზრდის პროგნოზით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთ-ერთი მაღალია, თუმცა, რაც შეეხება მეზობლებს, სომხეთს და საქართველოს იდენტური ზრდები (4.6) აქვთ პროგნოზირებული, ხოლო საქართველოს ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანის მოსალოდნელ ზრდას 1.3-ჯერ აღემატება და არა 2-ჯერ. შესაბამისად, პოლიტიკოსის განცხადება უზუსტობას შეიცავს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.8-ჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ხოლო თურქეთის შემთხვევაში ეკონომიკის 2.5%-იანი კლებაა მოსალოდნელი.



[1] საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი