რეზიუმე: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის 24 ივნისს გამოაცხადა 969 792 ლარიანი ელექტრონული ტენდერი მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოების შესყიდვაზე. ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 872 811 ლარს შეადგენს, გაფორმებულია 2016 წლის 29 ივლისს, შპს „B & B”- სთან. ორეტაპიანი სამუშაოების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2017 წლის 10 ივლისამდე განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია რთული რელიეფური და კლიმატური პირობებიც, რის გამოც, 2016 წლის ბოლო სამი და 2017 წლის პირველი სამი თვე არასამუშაო პერიოდად ჩაითვალა.

მიუხედავად ამისა, კომპანია სახელშეკრულებო ვადაში ვერ ჩაეტია და სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დაასრულა. სამუშაოებს ინსპექტირება ორჯერ ჩაუტარდა, ჯერ 2017 წლის ივლისში, მეორედ კი - 2017 წლის დეკემბერში. პირველ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესრულებულია 283 046 ლარის სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპის ანგარიშის მიხედვით, განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 540 157 ლარია. სულ, ფაქტობრივი სამუშაოების ღირებულებამ 823 203 ლარი შეადგინა. შემსყიდველმა ჩათვალა, რომ კომპანიამ პროექტი ხარვეზებით შეასრულა და მას საგარანტიო თანხა დაუკავა, ასევე, ჯარიმა დააკისრა. მერია შემსრულებლისგან ჯამში 104 462 ლარის გადახდას ითხოვს, ხოლო კომპანია - დარჩენილი თანხის ანაზღაურებას. მხარეებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. დღემდე, როგორც მერიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, დაბა ხულოს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

ანალიზი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ხულოს მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ საჯოგია-ნეგოიანის წყალსადენის პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 ათასი ლარია გადახდილი, დაბა ხულოს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს, თუმცა პროექტი ჩავარდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ (იმდროინდელმა გამგეობამ) დაბის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მომსახურება 872 811 ლარად კომპანია B & B -სგან 2016 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერით შეისყიდა. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა ორ წელზე გადანაწილდა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2017 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება დადგენილ ვადაში დაიწყო. სამუშაოებს პირველი ექსპერტიზა 2017 წლის 24 ივლისს შპს „რეალექსპერტმა“ ჩაუტარა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლენილია ხარვეზი, კერძოდ, წყალსადენის სათავე ნაგებობის სანიტარული ზონის შემოღობვა და კუტიკარი მოშლილია, თუმცა სხვა შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია და მათი ღირებულება 283 046 ლარს შეადგენს.

მეორე, 2017 წლის ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებული სამუშაოები ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად და დადგინდა, რომ ღირებულებამ 540 157 ლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის“ სხდომა გაიმართა. ოქმში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდისთვის შემსყიდველს კომპანიამ მიმართა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დარჩენილი 147 043 ლარის გადახდა მოითხოვა. მერიამ კომპანიას, ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლო დააკისრა, 11 870 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5% დაუკავა - 7 352 ლარი. დაკავებული თანხის გამოკლებით, ბოლო ეტაპზე კომპანიისთვის გადასახდელმა თანხამ 127 820 ლარი შეადგინა (დღგ-ის ჩათვლით).

ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ პროექტში გათვალისწინებული არ იყო ლითონის მუხლების მოწყობის სამუშაო, რაც კომპანიამ მაინც განახორციელა. პროექტი არ ითვალისწინებდა წყალსადენისთვის დგარების მოწყობასაც (რამდენიმე ადგილას მილები ჰაერში გამოკიდებული დარჩა).

2018 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის ახალი შეთანხმება შედგა, რომელის მიხედვითაც, არა უგვიანეს 1 ივლისისა, „შემსრულებელს“ წყალსადენი მაგისტრალის ჰიდრავლიკური გამოცდა უნდა განეხორციელებინა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საყრდენები მოეწყო. მას შემდეგ, რაც ტექნიკური ზედამხედველი დაამოწმებდა, რომ ხარვეზები აღმოფხვრილია, მერიას კომპანიისთვის დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა.

კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ სამუშაოები სრულყოფილად განახორციელა. „სარჩელი მე შევიტანე. სამხარაულის ექსპერტიზაც დაინიშნა. დასკვნაში წერია, რომ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, შესრულებულია. ეს არის ზარალის მიყენება და კომპანიისთვის ხელისშეშლა... მოთხოვნილი და ჩასატარებელი სამუშაოების სპეციფიკა სხვადასხვა იყო. კლდის გრუნტი დასამუშავებელი იყო, მიუვალი ადგილები... საჭაპანე საშუალება დაგვჭირდა, რაც გათვალისწინებული არ იყო... იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე გათვალისწინებული იყო... ჰიდრავლიკური დაწნეხვა უნდა გაგვეკეთებინა 2018 წლის გაზაფხულზე. მანამდე ვერ მოესწრო ამინდების გამო. გამოვცხადდით... მიგვითითეს, რომ დაზიანებები იყო და თვითონ იმიტომ არ ამოდიოდნენ. გამოვასწორეთ დაზიანებები... ოფიციალურად მივწერეთ ზუსტი დრო, როცა ჰიდრავლიკურ დაწნეხვას გავაკეთებდით. არ გამოცხადდა მერიის არც ერთი თანამშრომელი. გვიპასუხეს, რომ სადღაც მილი იყო დაზიანებული. ეჩვენებინათ, სად იყო და გავასწორებდით...“ - განაცხადა ფაქტ-მეტრთან ბერდია ბანძელაძემ. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ხარვეზიანი პროექტი იყო, რომელშიც ავტორმა ბევრი რამ არ გაითვალისწინა და შეცდომების გამოსწორებამ დამატებითი დრო და ხარჯი წაიღო.

მერია ჰიდრავლიკური დაწნეხვას არ დაესწრო და დეფექტების გამოსწორება მოითხოვა, ხოლო კომპანიამ ამაზე უარი თქვა. 2017 წლის სექტემბერში „შემსყიდველმა“ კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა და მეწარმეს, მთლიანობაში, 104 462 ლარის ჯარიმა დააკისრა. კომპანიამ ჩათვალა, რომ მერია არაობიექტურად მოექცა და სასამართლოს მიმართა.

ფაქტ-მეტრი ხულოს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და დეტალების დაზუსტება სთხოვა. ზაზა აბულაძემ განმარტა: „კომპანიას ვალდებულებები ჰქონდა და არ დაასრულა. მაგას 104 000 ლარი ჯარიმა დავაკისრეთ. ამის შემდეგ შეიტანა სასამართლოში. ტყუილია, თითქოს ხელი შევუშალეთ. რამდენჯერაც ავედით, იმდენჯერ დასასრულებელი ჰქონდა სამუშაოები. გაწყვეტილი იყო მილები. ეგ წყალი ჩვენ 2018 წლის ოქტომბერში ჩვენი ძალებით აღვადგინეთ... არც ერთი პროექტი არ არის იდეალური, 10%-მდე შეცვლის შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა... ის, რომ კომპანიამ სარჩელის შეტანა დაგვასწრო, არაფერს არ ნიშნავს. ჩვენც ვამზადებთ შესაგებელს“.

ჩვენ დავინტერესდით, ამდენი დეფექტის არსებობის შემთხვევაში, რატომ ჩაიბარა მერიამ სამუშაოები. მერიის წარმომადგენელს ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს: „სამუშაოები ჩავიბარეთ იანვრის თვეში, როცა თოვლი იყო... მაგ ხალხს რა სჭირდება... 10-15 ათასი ლარის სამუშაოების დამატებით განხორციელება. იმისთანა უბედურება კი არ არის, მოწყობილია 15 კმ სიგრძის მაგისტრალი... უბრალოდ, იმ ხაზს, რომელიც B&B-მა მოაწყო, ცოტა ხელის შევლება სჭირდება. ცოტა სამუშაოები არ განუხორციელებია მაგას, მაგრამ გაკიდვები აქვს ბევრ ადგილას ხევებში. ზამთარი იწვევს მის დაზიანებას... ეგ რასაც ამბობს, გამოდის, გვქონია წყალი და მოსახლეობას დავუმალეთ“.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მერიამ არ მოგვაწოდა, გვითხრა, რომ მასზე, საგამოძიებო პროცედურებიდან გამომდინარე, ხელი არ მიუწვდება. სამაგიეროდ, ეს დოკუმენტი კომპანიამ გამოგვიგზავნა. ექსპერტიზის დასკვნით, შემსრულებელმა 831 089 ლარის სამუშაო განახორციელა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სისტემაში წყალი მიედინება, მაგრამ საბოლოო წერტილამდე -ავზამდე არ მიდის. ასევე, აღნიშნულია, რომ მილი ორ ადგილას დაზიანებულია, ხოლო ერთ წერტილში თვითნებური დაერთებაა, რის გამოც წყლის ნაკადი იკარგება.

ამ ეტაპზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც მხარეებმა გვითხრეს, ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი