რეზიუმე: მთის გზების (გზის მონაკვეთები, რომლის მშენებლობა საქართველოს მთის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება) პროექტების დაფინანსება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან - „გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

2018 წელს მთის გზების სამი პროექტის: ბაღდათი - აბასთუმანის, სნო - ჯუთა - როშკა -შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტა და ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხები 70 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის ცხრა თვეში მთის გზების პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 8 489 900 ლარი იქნა ათვისებული. წლის ბოლოს მთის გზების ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონი ლარით შემცირდა (ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტზე და გზების კაპიტალური შეკეთების მუხლში გადანაწილდა) და დაზუსტებული ბიუჯეტი 20 239 500 ლარით განისაზღვრა. საბოლოოდ, მთის გზების ბიუჯეტის დაზუსტების შემდეგ, წლიურმა ათვისებამ 99.6% შეადგინა (ბიუჯეტის წლიური ფაქტობრივი ხარჯი 20 159 400 ლარი იყო).

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთის გზების სამ პროექტს ახორციელებდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთების საბოლოო პროექტირებაში გარკვეული პრობლემები არსებობს. კერძოდ, რამდენჯერმე შეიცვალა გზების მონაკვეთების პროექტირების დასრულების ვადები.

ანალიზი

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა: „70 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მთის გზის პროექტებზე. 9 თვის შესრულება 13 მილიონი ლარი იყო“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთის გზების განვითარების ფარგლებში სამ პროექტს ახორციელებს:

  • ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია;
  • ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი - ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
  • სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის („გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის“პროგრამა - 25.02.02) დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში მთის გზების პროექტების (ზემოთჩამოთვლილი) მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში 70 მილიონ ლარს შეადგენდა.

2018 წლის 9 თვის მიხედვით, მთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის გაწეული საკასო ხარჯი 8 489 900 ლარი იყო. წლის ბოლოს გეგმა დაზუსტდა და 20 239 500 ლარით განისაზღვრა (დაახლოებით 50 მილიონი ლარით შემცირდა). როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავაზუსტეთ, აღნიშნული 50 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტში გადავიდა, 20 მილიონი - გზების კაპიტალური შეკეთების მუხლში. საბოლოოდ, 2018 წელს მთის გზების პროექტების ფაქტობრივმა ხარჯმა 20 159 400 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ბიუჯეტის დაზუსტების შედეგად, მთის გზების პროექტების გეგმა ოფიციალურად 99.6%-ით შესრულდა.

მიმდინარე წელს მთის გზების პროექტებისთვის ბიუჯეტში 64 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ორ ზოლიანი, 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი 2018-2020 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მისი ღირებულება 121.4 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

ბაღდათი-აბასთუმანი გზის მშენებლობა 60 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის განხორციელების ვადა 2016-2020 წლებია, ღირებულება კი 206.7 მილიონი ლარი. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა 200 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების ვადა 2016-2020 წლებია. პროექტის ღირებულება კი 205 მილიონ ლარს შეადგენს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი პროექტების ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორი ორგანიზაცია ვალდებული იყო ყველა პროექტთან მიმართებით საპროექტო დოკუმენტაცია წარმოედგინა ეტაპობრივად, რათა წინასწარ მომხდარიყო იმ საფრთხეების პრევენცია, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა პროექტების შემუშავებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ პროექტის წარმოდგენა რამდენიმე ეტაპისგან შედგება: საწყისი ანგარიში, შუალედური ანგარიში, საპროექტო ანგარიშის სამუშაო ვერსია,საბოლოო საპროექტო ანგარიში და საბოლოო განახლებული/კორექტირებული განსახლების სამოქმედო გეგმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებიდან მხოლოდ ზემო იმერეთი (საჩხერე)-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია აქვს სრულად მიღებული.

რაც შეეხება ბაღდათი-აბასთუმანის მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე, არაერთხელ მოხდა პროექტის ეტაპების ვადის ცვლილება და საბოლოო საპროექტო ანგარიშის მიღების ვადა 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე გადავადდა.

ასევე რამდენჯერმე შეიცვალა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა- ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენის ვადა. საბოლოო საპროექტო ანგარიში დეპარტამენტს 2019 წლის 25 ივნისის ნაცვლად, 2019 წლის 9 აგვისტოს უნდა წარედგინოს.

როგორც ვხედავთ, მთის გზების სამივე მონაკვეთის საბოლოო პროექტირების ვადები არაერთხელ შეიცვალა და ერთ შემთხვევაში პროექტის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის გამო, კონტრაქტორს საჯარიმო სანქციები დაეკისრა. მთის გზის მონაკვეთების საბოლოო პროექტირების ვადების ცვლილებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტების სირთულით ხსნის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი