რეზიუმე: 2018 წლის ბოლო სამ თვეში და 2019 წლის იანვარში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებით, 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 2 360 000 აშშ დოლარი და 50 622 ლარია, რაც ჯამში, 6 375 422 ლარს შეადგენს. თუ კონკრეტულად ორ თვეს ავიღებთ (ირაკლი აბესაძემ განცხადება 2019 წლის 20 თებერვალს გააკეთა), 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამართლებრივი მომსახურებისთვის 4 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში დაახლოებით 5 297 020 ლარის ღირებულების. აღნიშნული ხელშეკრულებები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის განმახორციელებელ კომპანიებთან სადავო საკითხების გადასაჭრელად, იურიდიულ მომსახურებას გულისხმობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლო პერიოდში სამართლებრივი მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების მაღალ ღირებულებას იმით ხსნის, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულებების საორიენტაციო ღირებულებებია. ჩვენ დასრულებული ხელშეკრულებების ფაქტობრივად გადახდილი თანხებიც დავითვალეთ და სხვაობამ ხელშეკრულების ღირებულებებსა და ფაქტობრივად გადახდილ თანხებს შორის, 281 265 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ბოლო ოთხ თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 6 375 422 ლარია, ფაქტობრივად გადახდილი თანხა კი, 6 094 157 ლარი. როგორც ვხედავთ, ეს დაზუსტებაც სურათს რადიკალურად არ ცვლის.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაფორმებულ სამართლებრივ კონტრაქტებზე ისაუბრა: „ჯამში, მხოლოდ ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, გააფორმა 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები სამართლებრივი მომსახურებისთვის. იმისათვის, რომ დაიცვას იქ სახელმწიფო ინტერესები, სადაც ეს დააზიანეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა ჩინოვნიკებმა და მინისტრებმა“.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო სამ თვეში და 2019 წლის იანვარში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამართლებრივი მომსახურების 5 ხელშეკრულება გააფორმა. გაფორმებული სამართლებრივი ხელშეკრულებების ღირებულება 1 180 000 აშშ დოლარი და 50 622 ლარია, რაც ჯამში, დაახლოებით 3 213 022 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2019 წლის იანვრის თვეში, იურიდიული მომსახურების კიდევ ორი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, ჯამში 1 180 000აშშ დოლარის ღირებულების (დაახლოებით 3 162 400 ლარის).

თუ ზემოთ აღნიშნულ ორ მონაცემს შევაჯამებთ, გამოდის რომ 2018 წლის ბოლო სამ თვეში და 2019 წლის იანვარში (სამივე ხელშეკრულება 2019 წლის 14 იანვარს არის გაფორმებული და ძნელი სათქმელია, სამინისტრომ მხოლოდ ერთი ხელშეკრულების შესახებ რატომ მოგვაწოდა ინფორმაცია) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იურიდიული მომსახურების 7 შესყიდვა განახორციელა, ჯამში 6 375 422 ლარის ღირებულების.

ირაკლი აბესაძემ სამინისტროს მიერ სამართლებრივი მომსახურებისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მიმდინარე წლის 20 თებერვალს ისაუბრა. თუ კონკრეტულად ორ თვეს ავიღებთ (გასული წლის 20 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე), ამ პერიოდში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამართლებრივი დავებისთვის 4 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 1 976 500 აშშ დოლარის, რაც დაახლოებით 5 297 020 ლარს შეადგენს.

ამ პერიოდში გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული 4 იურიდიული მომსახურებიდან, ოთხივე ხელშეკრულება საერთაშორისო იურიდიულ კომპანია White & Case-თან გაფორმდა. ხელშეკრულებები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის, სამართლებრივი სადავო საკითხების გადაწყვეტას ითვალისწინებს.

კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის I ლოტის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა, რომელმაც სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. კომპანია White & Case-მა „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებრივი პროცედურები უნდა განახორციელოს, რაც უკრაინის ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის ინტერესების წარმოდგენას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ღირებულება 649 000 აშშ დოლარია.

ასევე, კომპანია White & Case-ი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი კომპანია „ასტალდთან“ დადებულ კონტრაქტთან (ზემო -ოსიაური -ჩუმათელეთის (ლოტი II) მონაკვეთის მშენებლობა) და პროექტთან დაკავშირებულ გარანტიებთან მიმართებით წარმოქმნილ სამართლებრივ დავაში. იურიდიული მომსახურების საფასური 472 000 აშშ დოლარია.

კომპანია White & Case-თან არის გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება, რომელთა შინაარსი დაფარულია, ღირებულება კი 708 000 და 147 500 აშშ დოლარია.

რაც შეეხება წინა წლებს, 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამართლებრივი მომსახურებისთვის სულ თერთმეტი ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში ერთი მილიონი ლარის ღირებულების, ძირითადად სანოტარო მომსახურების ხელშეკრულებები. 2017 წელს იგივე დანიშნულების 14 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 504 000 ლარი იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლო პერიოდში სამართლებრივი მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების მაღალ ღირებულებას იმით ხსნის, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულებების საორიენტაციო ღირებულებებია. ჩვენ დასრულებული ხელშეკრულებების ფაქტობრივად გადახდილი თანხებიც დავითვალეთ და სხვაობამ ხელშეკრულების ღირებულებებსა და ფაქტობრივად გადახდილ თანხებს შორის 281 265 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ბოლო ოთხ თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 6 375 422 ლარია, ფაქტობრივად გადახდილი თანხა კი 6 094 157 ლარი. ამდენად, ეს დაზუსტებაც სურათს რადიკალურად არ ცვლის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი