რეზიუმე: 2014 წლის ზაფხულში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საგარეჯოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პროექტის შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ საგარეჯოში, 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს ნაწილობრივ დასრულდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის სრულყოფისათვის საჭიროა საორიენტაციოდ 3 500 აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ქალაქის ნორმალური წყალმომარაგებისათვის ახალი 2 000 მ3- იანი რეზერვუარის მშენებლობა, არსებული 5 რეზერვუარის კაპიტალური შეკეთება და კერძო ბინებთან ერთად კორპუსების გამრიცხველიანებაც. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 8 641 627 ლარი. კომპანიის საგარეჯოს სერვის-ცენტრის დირექტორის, ზაქარია ელერდაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ქალაქ საგარეჯოს მაცხოვრებლები წყალს ყოველდღე, 3-4 საათიანი გრაფიკით იღებენ. მისივე განცხადებით, 2019 წლის ნოემბერში დაიწყება წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, რის შემდეგაც 2020 წლის ბოლოს, საგარეჯოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ბექა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პარალელურად 2015-2018 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 25 ქუჩაზე დააგო ასფალტის საფარი. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ასფალტის გარეშე მხოლოდ სამი ქუჩა რჩება, რომლებსაც რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა ჩაუტარდეს. ქუჩების უმრავლესობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღდგა ის საფარი, რომლის ქვეშაც წყლის მაგისტრალური მილები გადიოდა.

ანალიზი

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის“ მინისტრს, მაია ცქიტიშვილის, პარლამენტში სტუმრობისას საგარეჯოში, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის შეფერხებაზე ჰკითხა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა: „საგარეჯოში 5 წელია დაქსელილია ქალაქი, წყალი კი არ არის... ადამიანები 2015 წლიდან უყურებენ გადათხრილ გზებს ჭიშკრის წინ და ზოგჯერ ასფალტიც არ იგება“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

2014 წლის ზაფხულში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საგარეჯოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პროექტის შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო და საგარეჯოში, ონკანებიდან უწყვეტი წყალი უკვე უნდა მოდიოდეს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს ნაწილობრივ დასრულდა ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 127კმ მონაკვეთზე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაასრულდა. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 8 641 627 ლარი.

საგარეჯოს მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად საჭიროა სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, ახალი რეზერვუარის მშენებლობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

კომპანიის საგარეჯოს სერვის-ცენტრის დირექტორის, ზაქარია ელერდაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ქალაქ საგარეჯოს მაცხოვრებლები წყალს ყოველდღე, 3-4 საათიანი გრაფიკით იღებენ. მისივე განცხადებით, 2019 წლის ნოემბერში დაიწყება წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი, რის შემდეგაც 2020 წლის ბოლოს საგარეჯოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

„წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბრიდან გაგრძელდება. ამ დროისთვის პროექტი დაგეგმილია, რა თანხა დაიხარჯება, ტენდერის გამოცხადებამდე უცნობია“ - განუცხადა ფაქტ-მეტრს ზაქარია ელერდაშვილმა.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები ჩვენ ადგილზე მოვინახულეთ. მაგისტრალური ქსელები პოლიეთილენის მილებით, მრიცხველების გარეშე, საცხოვრებელ სახლებამდეა მიყვანილი. (იხ. ფოტოები).

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას საგარეჯოში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გადათხრილ გზებთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ბექა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 25 ქუჩაზე დააგო ასფალტის საფარი. მისივე თქმით, ამ დროისთვის ასფალტის გარეშე სამი ქუჩა რჩება, რომლებსაც რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა ჩაუტარდეს.

„25-მდე ქუჩს, სადაც წყალმომარაგების პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობდა პირვანდელი სახე დაუბრუნდა. აქედან ზოგ ქუჩაზე სრულად შეიცვალა ასფალტის საფარი და ზოგან ნაწილობრივ, დაზიანებული მონაკვეთები შეიცვალა. ამ დროისთვის ჭავჭავაძის, ერეკლე მეორისა და რუსთაველის ქუჩებია, სადაც პირველად დაიგო ასფალტი და ხარვეზიანი აღმოჩნდა, ამიტომ თავიდან მოვითხოვეთ გადაგება. ამ წლის ბოლომდე ეს ქუჩებიც დაიბრუნებს პირვანდელ სახეს“ - აცხადებს ბექა ფეიქრიშვილი ფაქტ-მეტრთან საუბრისას.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი