რეზიუმე: 2012 წელს დევნილებთან შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო მათთვის 60 ათასი დოლარის ღირებულების (ერთი სახლის ღირებულება) 100 ათასი სახლის აშენება და ასეთი სახლები უნდა აშენებულიყო. აღნიშნული დაპირების დამადასტურებელი ვიდეო არსებობს. ვიდეოში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „დევნილებისთვის 3-4 ოთახიანი სახლები უნდა აშენდეს თავისი აბაზანით, ტუალეტით და სამზარეულოთი, რისთვისაც, ჯამში, დაახლოებით 4-6 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო“. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, დევნილებისთვის დაპირებული სახლების მშენებლობა რა სახსრებით უნდა განხორციელებულიყო (მისი პირადი კაპიტალით თუ სხვა მოზიდული თანხით). ასევე აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ეს დაპირება უარყო და განაცხადა, რომ დევნილებს 100 ათასი სახლის აშენებას არასოდეს დაჰპირებია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელი ფართით 12 044 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით და არა კერძო ინიციატივით). თუმცა, იმ ტიპის სახლები, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ვიდეოში საუბრობს, არ აშენებულა.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დევნილებისთვის 2012 წელს მიცემულ დაპირებაზე ისაუბრა: „2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დევნილებს შეხვედრაზე დაპირდა, რომ 100 ათას სახლს აუშენებდა, სამ და ოთხოთახიან ბინებს. ერთი სახლი, მისი თქმით, 60 ათასი დოლარი დაჯდებოდა. ერთიც არ აუშენებია“.

ფაქტ-მეტრმა ინტერნეტსივრცეში მოიძია ვიდეო, რომელიც 2012 წელს არის გადაღებული, ბიძინა ივანიშვილის დევნილებთან შეხვედრისას. „კოალიციის ერთ-ერთ საბჭოზე გავაკეთე განცხადება და მოვუყევი, როგორ მაქვს დათვლილი და რამდენი ფული სჭირდება და რა არის საჭირო, რომ თქვენ [დევნილები] სახლებში დაბრუნდეთ. ამისთვის საჭირო იქნება, დაანგარიშებული მაქვს, არანაკლებ ოთხისა და არაუმეტეს ექვსი მილიარდი დოლარისა. ამის შესაძლებლობა არსებობს, ჩვენი პირადი და გარედან დახმარებაც იოლი იქნება. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლებ 100 ათასი სახლისა, საშუალო ევროპული ტიპის, ქართველებმა ძალიან დიდი სახლები ვიცით, 3-4 საძინებლიანი სახლი, თავის ვანით და ტუალეტით, გათბობით, გაზით და სამზარეულოთი. ჯდება დაახლოებით 60 ათასი დოლარი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერს არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა შესრულებულიყო ეს დაპირება, თუმცა მისი განცხადება, რომ 60 ათას დოლარიანი 100 ათასი სახლის აშენება შესაძლებელია და ასეთი სახლები უნდა აშენდეს, ცალსახად წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებაა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე მეორე ვადითაა (მეორე ვადა 2016 წლიდან დაიწყო), თუმცა დაპირების გაცემიდან შვიდი წლის შემდეგაც, მისი შესრულებაზე ზრუნვა არც კი დაწყებულა.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, 2016 წელს, ბიძინა ივანიშვილმა მისი ეს დაპირება უარყო. მისი განცხადებით, დევნილებისთვის 100 ათასი სახლის აშენების შესახებ საჯაროდ დაპირება არასოდეს გაუცია.

ამჟამად საქართველოში, დევნილთა ბაზაში, 243 411 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 40 168 ოჯახია უზრუნველყოფილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 45%).

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 12 044 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათგან, 3 257 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა. დანარჩენ 8 787 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მათთვის ინდივიდუალური სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების შესყიდვა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელი ფართით 12 044 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით და არა კერძო ინიციატივით), ფაქტია, რომ დევნილებისთვის იმ ტიპის სახლები, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ვიდეოში საუბრობს, არ აშენებულა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი